რატომ გადის საქართველოდან კაპიტალი?

რატომ გადის საქართველოდან კაპიტალი?

2012 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საქართველოდან 4-ჯერ მეტი ინვესტიცია გავიდა. 2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 116,218 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია გავიდა, გადინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 105 მლნ აშშ დოლარი - ნიდერლანდებში აღინიშნა. 

ინვესტიციის გადინება სულ 18 ქვეყანაში შეინიშნებოდა, მათ შორის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდნენ: ლიტვა – 3,975 მლნ დოლარი, ისრაელი – 2,263 მლნ დოლარი, შვედეთი – 1,102 მლნ, პანამა – 723 ათასი აშშ დოლარი, უკრაინა – 691 ათასი აშშ დოლარი, საბერძნეთი – 634 ათასი დოლარი.

2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოდან 29 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია გავიდა, მათ შორის ყველაზე მეტი პანამასა და ყაზახეთში. რაც შეეხება შემოსულ ინვესტიციებს, 2012 წლის I კვარტალში საქართველოში 61 ქვეყნიდან 269 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, ყველაზე მეტი გერმანიიდან - 131 მლნ აშშ დოლარი.

ირაკლი ლექვინაძე, BPI-ის ექსპერტი: "ჩვენ დავთვალეთ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს. კონკრეტულად კი ის მაჩვენებელი, რომელიც ინვესტიციებში მინუს ნიშნით არის აღნიშნული და რაც 2012 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან გადინებული კაპიტალის მოცულობას ნიშნავს. გადინებული კაპიტალის მოცულობაში შედის როგორც ქვეყნიდან გასული ინვესტიციები, უცხოეთში განხორციელებული ინვესტიციები, ასევე საქართველოში არსებული ინვესტორების მიერ უკან გატანილი კაპიტალი ან ვალდებულებების დაფარვა, რომელიც მოხდა ქართველი პარტნიორების მხრიდან უცხოელი პარტნიორების მიმართ, რითაც მათ წაიღეს მოგების გარკვეული ნაწილი. სწორედ ამ მონაცემების თანახმად აღმოჩნდა, რომ 2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 116 მილიონი დოლარის კაპიტალია გასული და აქედან ყველაზე მეტის - 105 მილიონი დოლარის გასვლა ნიდერლანდებში აღინიშნა. კაპიტალის გადინების თვალსაზრისით აღსანიშნავია ასევე ლიტვა, სადაც დაახლოებით 4 მილიონი დოლარის კაპიტალია გასული, ისრაელი, შვედეთი, პანამა, უკრაინა და საბერძნეთი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტთან და მათ აღნიშნეს, რომ ეს არ არის საქართველოდან გასული ინვესტიცია, არამედ არის ვალდებულებების დაფარვა უცხოელი ინვესტორების მიმართ.

კონკრეტულად მიჭირს იმის თქმა, ამ 105 მილიონით რა ვალდებულებები დაიფარა ან რა ტიპის კაპიტალია, ეს ინფორმაცია სტატისტიკის დეპარტამენტს ექნება. ეს შესაძლოა მართლაც ვალდებულებების სახით გასული კაპიტალია ან ინვესტორებმა გაიტანეს აქ ჩადებული კაპიტალი. ასეთ დეტალურ ინფორმაციას სტატისტიკის დეპარტამენტი არ აქვეყნებს. მეტიც, შემოსული ინვესტიციების ანგარიშის მსგავსად ქვეყნის მთავარი სტატისტიკური უწყება არ აქვეყნებს ქვეყნიდან გასული კაპიტალის ოდენობას. ჩვენ კვარტალურად ვაკეთებთ ამ მონაცემების დაანგარიშებას და ვაქვეყნებთ შემოსული ინვესტიციების პარალელურად.

2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოდან გასული კაპიტალის მოცულობამ 29 მილიონი შეადგინა, მესამე კვარტალში კი დაახლოებით 130 მილიონი იყო. თუმცა, მაშინ გასული კაპიტალის დიდი წილი მოდიოდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, მაშინ როცა ფოთის პორტში არაბული "რაკია" ჩაანაცვლა დანიურმა "მაერსკიმ". 

ფაქტია, რომ რომ საქართველოდან ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება კაპიტალის გადინების ტენდენცია. ეს, რა თქმა უნდა, მეტწილად იმ ქვეყნებში შეინიშნება, საიდანაც წლების განმავლობაში საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციები შემოდიოდა, მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ ყაზახეთი, იაპონია და ა.შ. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს შესაძლოა იყოს გამოწვეული როგორც არსებული ვალდებულებების გატანით ან სახეზეა საქართველოში ბიზნესის შეწყვეტის ტენდენცია და ჩადებული ფული გააქვთ უკან. თუ სტატისტიკის დეპარტამენტი უფრო დეტალურ ინფორმაციას არ გამოაქვეყნებს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ. ერთი კი არის, საქართველოს ბიზნესგარემოს იმ უპირატეს პირობებს, რაც ჩვენ გვაქვს რეგიონის ქვეყნებთან: დაბალი გადასახადები, მცირე ბარიერები, თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ა.შ., აბათილებს შეზღუდული კონკურენცია და ბიზნესის კეთების შეზღუდვა. ამას ემატება მოახლოებული არჩევნები და ესეც ერთგვარად ანელებს ინვესტიციების შემოდინებას. ჯერჯერობით გვამშვიდებს ის, რომ უფრო მეტი კაპიტალი შემოდის საქართველოში ვიდრე გაედინება, თუმცა გადინების ასეთი მაღალი მაჩვენებელი სასურველი მაინც არ არის".