უგულავასთვის მიბარებული მილიონები უგზო-უკვლოდ ორთქლდება

უგულავასთვის მიბარებული მილიონები უგზო-უკვლოდ ორთქლდება

 

 

 

თბილისის ბიუჯეტში სრული ქაოსი და ბუნდოვანებაა. თუკი რაიმე ინფორმაციის გამოთხოვა გახდა საჭირო, მას უცებ მიენიჭება კონფიდენიცლურობის სტატუსი. სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში კი პროცესი წარმოუდგენლად დიდხანს იწელება.

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „პიემსი კვლევითმა ცენტრმა“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ და „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კველებების ცენტრმა“ თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგის შუალედური შედეგები გამოაქვეყნეს. ბიუჯეტის მონიტორინგი რამდენიმე სფეროში ჩატარდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელმა მიხეილ კუკავამ განაცხადა, 2012 წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების დაფინანსება შემცირებულია. მისი თქმით, არ არის დეტალურად გაწერილი ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ხარჯები.

„ეს ართულებს ინფორმაციის მოძიებას სამედიცინო ლაბორატორიების მომსახურების, სამედიცინო დაწესებულებების რეკონქტრუქციასა და შეკეთების და ჯანდაცვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების შესახებ”, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.

2011-12 წლებში შემცირდა საბიუჯეტო დანახარჯები. მათივე თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე და უსაფრთხოებაზე, დასვენებაზე და კულტურაზე ბიუჯეტი სტაბილურად მზარდია. გარემოს დაცვაზე და განათლებაზე გამოყოფილი თანხები კი, წლების განმავლობაში მცირდება.

რაც შეეხება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს, მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საბავშვო ბაღებში მაღალშემოსავლიანი ოჯახებიდან ბავშვების რაოდენობა მეტია დაბალ და სოციალურად დაუცველ ოჯახების ბავშვებზე. ბაგა-ბაღებში არსებული თანადაფინანსების სქემა არასრულფასოვანია. ბუნდოვანია ასევე საბავშვო ბაღებისთვის კვების პროდუქტებისა და სხვა ტიპის ინვენტარის შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები. მათი თქმით, გაურკვეველია ვინ ახდენს ზემოაღნიშნული საქონლის შესყიდვას და რა ფორმით.

„საბავშვო ბაღები გამოირჩევა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სირთულით და გამოთხოვილი ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, უსარგებლოა“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

„პრიორიტეტები, მიზნები, ღონისძიებები, ამოცანები, პასუხისმგებლობის ვადები, ხარჯთეფექტურობის კოეფიციენტი და ა.შ. არ არის. ვიღებთ აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ბიუჯეტს, ანუ დისკრეციული ხარჯები არის ძალიან მაღალი, ეს არის პრობლემა, ანუ, შეგიძლია განათლების პროგრამიდან გასწიო ისეთი ხარჯები, რომელიც წინასწარ არასდროს გაგიწერია“, - ამბობს მიხეილ კუკავა.

კიდევ უფრო გაუმჭვირვალეა მერიის სარეზერვო ფონდების განკარგვა. მის მონიტორინგს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ აწარმოებდა. ცენტრის კვლევისა და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი შოთა მურღულია ამბობს, რომ 2010 წლამდე სარეზერვო ფონდის შესახებ ძალიან დეტალური ინფორმაციის მიღება შეიძლებოდა კვარტალური და წლიური ანგარიშებიდან.

სწორედ ამ ფონდის მონიტორინგის შედეგად მოიპოვა 2010 წელს ორგანიზაციამ ინფორმაცია, რომ მერია შეძლებულ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებიც კი არ იყვნენ, თბილისში ძვირადღირებულ ბინებს უძენდა, რაც შესაძლებელი იყო ბიუჯეტისთვის დართული ფორმის ანალიზის საფუძველზე. ახლა სარეზერვო ფონდის ბიუჯეტს ასეთი ფორმა აღარ ახლავს:

„სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი არც ერთ თვითმმართველობას არ აქვს, იმიტომ, რომ კანონი ამას არ ითხოვს. შესაბამისად, ეს ფორმა ამოღებულ იქნა თბილისის ბიუჯეტიდან, გაქრა ანგარიშებში დეტალური ჩამოთვლა, თუ რაზე იხარჯება სარეზერვო ფონდი და მოცემულია მხოლოდ ჯამური მოცულობა, პლუს ამას ჩვენ დავადგინეთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით, თბილისის სარეზერვო ფონდიდან ფულის ხარჯვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობას არ ექვემდებარება“, - ამბობს შოთა მურღულია.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ სარეზერვო ფონდიდან ყოველგვარი ტენდერის გარეშე შეიძლება თანხა დაიხარჯოს და თუ არ იქნა გაშიფრული სარეზერვო ფონდის ხარჯვის შინაარსი, შესაძლოა, უფრო მეტი თანხა დაიხარჯოს, ვიდრე ეს ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული და ის შემდეგ ხელახლა შეივსოს.

თბილისის ბიუჯეტის მკვლევარი ორგანიზაციები მონიტორინგს წლის ბოლოსთვის დაასრულებენ. მათი განცხადებით, სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად შეიძლება სასამართლოსთვის მიმართვაც დასჭირდეთ.