ხელისუფლება ივანიშვილის ხარჯზე ბიუჯეტს თითქმის 149 მილიონი ლარით ზრდის. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე, რომელსაც ივანიშვილის ადვოკატები უსაფუძვლოს უწოდებენ და გაასაჩივრებენ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერი ამ თანხის გადახდას.150 მილიონი,ივანიშვილი,ხელისუფლება
როგორც "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, ივანიშვილს 149 მილიონიანი ჯარიმის გადახდის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია და მისი პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
ივანიშვილის ადვოკატების პოზიცია ის არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირ მტკიცებულებას არ ემყარება და უსაფუძვლო განაჩენი არ შეიძლება, კანონიერი იყოს. სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ, კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი ოქმის საფუძველზე ცალკ-ცალკე გამოიტანა.
პირველი საქმე ეხება, კონტროლის პალატის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან "გლობალ კონსალტინგ გრუპის" რესურსის გამოყენებით, საარჩევნო მიზნებისთვის ათეულობით ათასი სატელიტური ანტენების მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ და მასობრივად დარიგების ფაქტებს, რომელიც მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, ამ ქმედებით ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა 12 622 000 ლარის შემოწირულობა.
საქმეს მოსამართლე გიორგი გოცირიძე იხილავდა, რომელმაც ივანიშვილის ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. ამ საქმესთან დაკავშირებით ივანიშვილს 126 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა, რაც შვიდი დღის განმავლობაში უნდა აღასრულოს.
მეორე საქმე ეხება კონტროლის პალატის იმ ოქმს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კომპანიების "ბურჯისა" და "ელიტა ბურჯის" რესურსების "ქართული ოცნების" საარჩევნო ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. საუბარია 239 ავტომობილის "ქართული ოცნებისთვის" შეღავათიან ფასებში მომსახურებაზე.
მოსამართლე ნანა დარასელიას გადაწყვეტილებით, ამისთვის ივანიშვილმა შვიდი დღის ვადაში 22 429 941 ლარი უნდა გადაიხადოს.
საერთო ჯამში კი მას 148 მილიონ 650 ათას 131 ლარის გადახდა აქვს დაკისრებული.
ივანიშვილის ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით არის მიღებული.
"არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს, რომ კონტროლის პალატის დასკვნა სიმართლეს შეესაბამება. ანტენებთან დაკავშირებულ საქმეში საუბარია იმაზე, რომ, თითქოს, ივანიშვილმა თავის ძმას მისცა სესხი, რომელსაც "გლობალ ტვ"-ში აქვს წილი, ამ ფულით კი კომპანიამ შეიძინა ანტენები და ამონტაჟებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ანუ, დასკვნა იყო ის, რომ ამ გზით ივანიშვილი პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" უწევს უკანონო მომსახურებას.
"აქ არცერთი ე.წ. ფაქტი არ არის სწორი და არაფრით არ დასტურდება. არ არსებობს არანაირი საბუთი, რომ ივანიშვილმა თავის ძმას მისცა რაიმე სესხი. არაფრით არ დასტურდება, რომ ალეკო ივანიშვილმა (ბიძინა ივანიშვილის ძმა) ამ ვითომ აღებული სესხის საფუძველზე დაიწყო ამის განხორციელება.
"ამასთან, ეს რომც ასე ყოფილიყო, რა არის იმაში კანონდარღვევა, რომ ადამიანი თავის კომპანიაში დებს რაიმე ინვესტიციას? ასევე ძალიან გაურკვეველია, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, როდესაც კომპანია "გლობალ ტვ" მარკეტინგულ გადაწყვეტილებას იღებს და კლიენტების მოსაზიდად მათ უმონტაჟებს ანტენებს," - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე "რეზონანსთან" საუბრისას და დასძენს, რომ "ეს ყველაფერი არის უბრალოდ ვარაუდები, რომელსაც აბსოლუტურად არ გააჩნია რაიმე მტკიცებულების საფუძველი".
სწორედ ამიტომ ივანიშვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ყველა ინსტანციაში, მათ შორის ევროსასამართლოშიც აპირებენ. თუმცა, როგორც ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, მას არა აქვს იმედი, რომ სასამართლოს ზედა ინსტანციაში სამართალს იპოვიან.
"ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში წასვლა შევძლოთ," - ამბობს ბარამიძე და აღნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენონ საერთაშორისო საზოგადოება.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე პროცესზე იმყოფებოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.
პრობლემა კი ის არის, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯარიმის გადახდის აღსრულებას არ აჩერებს და ივანიშვილმა, დაახლოებით, 149 მილიონი ლარი შვიდი დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლო აღსრულების ღონისძიების სახით ყადაღის გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც საია-ის წარმომადგენელი, ლელა ტალიაური ამბობს, აღნიშნული საკითხი აღსრულებათა შესახებ კანონით რეგულირდება და ივანიშვილს შეუძლია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს.
თუმცა, მან დავის მიმდინარეობის დასრულებამდე ჯარიმის თანხა უნდა გადაიხადოს, იმის მიუხედავად, თუ რა დროის განმავლობაში გაგრძელდება დავა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი ერთადერთი გამონაკლისია, როცა გასაჩივრება აღსრულებას არ აჩერებს," - აღნიშნა ლელა ტალიაურმა.