მაღალმთიან სოფლებში ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი ხდება და საზღვრისპირა სოფლები მოსახლეობისგან ყოველწლიურად იცლება. უგზოობა, ხშირ შემთხვევაში, უდენობა, უექიმობა მთის მოსახლეობისთვის დღემდე მიუწვდომელია, თუმცა მათ ყველაზე მეტად სკოლების არარსებობა აწუხებთ. გარდა ამისა, წლევანდელი მძიმე ზამთრის შემდეგ მთის დაცლა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება.
ხელისუფლებაში ხშირად აცხადებენ, რომ მთაში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას, რათა მთიდან მიგრაციის პროცესები შეჩერდეს. თუმცა თქმა ერთია, საქმე – მეორე. დახმარების სანაცვლოდ პარლამენტმა „მთის კანონი“ გააუქმა და მოსახლეობას ხელისუფლებას მხრიდან მხარდაჭერის ბოლო იმედიც მოუსპო.
მოსახლეობის რა რაოდენობაა მთიდან ბარში ჩამოსული, სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან არ მოქმედებს ჩაწერის ინსტიტუტი. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით ეს ციფრი მოსახლეობის, დაახლოებით, 20%-ია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არც ისე მცირეა.
აღსანიშნავია, რომ 50-იანი წლებში მთიდან ბარში მოსახლეობა ძალით ჩამოჰყავდათ, ვინაიდან მძიმე მრეწველობის განვითარება ბევრ მუშახელს მოითხოვდა. ამჯერად არა მთიანი საქართველოდან, არამედ ბარიდანაც კი დაიწყო ქალაქებში მოსახლეობამ ჩასახლება და აქ ვაჭრობით ლუკმა-პურის შოვნა.
საქართველოს მოსახლეობის 53%, ანუ 2 350 500 კაცი - ქალაქებში, ხოლო 47% - 2 085 900 კაცი - სოფლებში ცხოვრობს. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით ქალაქებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა გაცილებით დიდია, მაგრამ მათი ზუსტი აღწერა არ არსებობს.
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, მარტო ონის რაიონში, სადაც რამდენიმე წლის წინათ 20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ამჯერად, 8 ათასი ადამიანი თუ იქნება დარჩენილი. მოსახლეობას არსებობისთვის არანაირი შემოსავალი არ აქვს.
დავით საგანელიძის ინფორმაციით, ბოლო წლებში, ზემო რაჭა კატასტროფული სიჩქარით იცლება. ამის უმთავრესი მიზეზი ეკონომიკისა და განათლების სისტემის მოშლაა. განადგურებული ინფრასტრუქტურისა და უგზოობის გამო, ზემო რაჭველებს ტურისტებიც აღარ წყალობენ.
მოსახლეობა, ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული, მამისონის უღელტეხილით რუსეთთან კავშირი შეწყვეტილია, მათთვის აგვისტოს ომის შემდე საბოლოოდ ჩაიკეტა სამაჩაბლოს კარი, რაჭველები დედაქალაქამდე ჩამოსვლას მოკლე გზით, ცხინვალის გავლით ახერხებდნენ. ახლა კი შემოვლითი გზით 300 კილომეტრის გავლაა საჭირო, რომ ისინი დედაქალაქამდე ჩამოვიდნენ.
ონის რაიონი განთქმული იყო ტურისტული ადგილებით - შოვი, უწერა მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი იყო. ახლა კი, ჩამოქცეული ინფრასტრუქტურის გამო, ულამაზესი მთები ტურისტებისთვის საინტერესო აღარ არის, შესაბამისად, მოსახლეობას ერთადერთი იმედი – ტურიზმიდან მისაღები შემოსავალიც ხელიდან გამოეცალა.
მძიმე მდგომარეობაა ამბროლაურის რაიონშიც, სადაც მოსახლეობის, მხოლოდ ნაწილის, ერთადერთი შემოსავალი ყურძენია, თუმცა ყურძნის მოსავალთან დაკავშირებით თუ რა გაუკეთა რაჭველებს მთავრობამ ყველასთვის ცნობილია. არ არსებობს სამუშაო ადგილები, აღარც დახმარებები, დეგრადირებულია სოფლის მეურნეობა.
რაჭველები წუხან, რომ ცოტა ხანში მაღალმთიანი რაჭა მხოლოდ მგლების საბუდარი გახდება. მოსახლეობისგან დაცლილი სოფლებიდან კი მტერი ნელ-ნელა ისე შემოვა, რომ ხელისუფლება ვერც გაიგებს.
„სამწუხაროა, მაგრამ მაღალმთიანი რაჭა მოსახლეობისგან ძალიან სწრაფად იცლება. იმისთვის, რომ იქ ხალხი გაჩერდეს, არანაირი პირობები არ არსებობს. ტურიზმი გზისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ განვითარდა. შეიძლება ეკონომიკური სიდუხჭირე კიდევ აიტანო, მაგრამ მშობელი თავს ვერ აპატიებს, რომ საკუთარი შვილები განათლების მიღების გარეშე დატოვონ.
ბავშვებს სკოლამდე მისაღწევად ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ. სკოლებიც პირობითია – გაურკვეველ შენობებში რამდენიმე ოთახია გამოყოფილი. ერთ ოთახში ასევე რამდენიმე კლასს ერთად უტარდება გაკვეთილები. იქ ბავშვმა რა განათლება უნდა მიიღოს? დღეს, ხელისუფლება საუბრობს სოფლების მხარდაჭერაზე, რეალურად კი არაფერს აკეთებს. „მთის კანონი“ გააუქმა, რომლის ფარგლებში მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა. თანაც ამ კანონის გაუქმების მიზეზი არის სასაცილო, თურმე კანონით ისეთ სოფლებს გამოეყოფოდათ დახმარებები, რომლებსაც ეს არ სჭირდებოდათ. თუ ეს იყო პრობლემა, ზუსტი ნუსხა გაეკეთებინათ და დახმარებოდნენ იმ სოფლებს, რომელთა დახმარება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო“, - ამბობს დავით საგანელიძე.
აღსანიშნავია, რომ „მთის კანონის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით, გაზაფხულზე პარლამენტში ინიციატივა გაჩნდა, თუმცა მთავრობამ ინიციატორებს თითი დაუქნია და მას შემდეგ ამ საკითხზე ხმა აღარავის ამოუღია.
„მთის კანონის“ აღდგენასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია ასეთი იყო, რომ თურმე დასადგენია რომელ სოფელს სჭირდება სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, ვინაიდან მთებში ისეთი სოფლებიც არსებობს, სადაც სოციალური მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ბარის სოფლებში. ბუნებრივია, გაჭირვებული, დაცლილი და მიტოვებული სოფლების აღნუსხვა მარტივი იყო, მაგრამ ხელისუფლება ზედმეტი ხარჯის გაღებას მოერიდა.
სპეციალისტების განხადებით, საქართველოში რეგიონების განვითარების პრობლემა ისევ მოუგვარებლია, თუმცა რეგიონებს შორისაც არსებობს განსხვავებები და გარკვეულ ადგილებში პრობლემები უკვე კრიტიკულ ზღვარსაც კი აღწევს. მათი განცხადებით, მთიან რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მარტივი რამის გაკეთებაა საჭირო. ამისთვის, მთავრობის მხრიდან სპეციალური გრანტები თუ ტრანსფერები უნდა გამოიყოს და განხორციელდეს გარკვეული სახელმწიფო პროგრამები.
თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აკაკი მინაშვილს მთის დაცლაზე საუბარი, მხოლოდ პოპულიზმად მიაჩნია. მისი თქმით, მთაში ადამიანებს იძულების წესით უკან ვერავინ დააბრუნებს. გამოსავლად კი მინაშვილს მთაში ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება მიაჩნია, რაც, მისივე აზრით, ბუნებრივად უნდა მოხდეს. რას ნიშნავს, ბუნებრივად ეს მინაშვილს აღარ დაუკონკრეტებია.