მართალია, საქართველოს ხელისუფლების წევრთა ტვინებში გრანდიოზული იდეები იბადება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მათ ხორცშესხმას რატომღაც ვერა და ვერ დაადგა საშველი! ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი მკითხველისთვის არაჩვეულებრივი გამოფენა, სახელწოდებით "მე ამისგან გავაკეთებ" მოგვეწყო.
"37 ევროდ დედამიწას შემოვუფრენთ"
ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებასთან შეხვედრისას გვამცნო, რომ მალე საქართველოდან ევროპაში ფრენა 37 ევროდ იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში შემოვიდა ახალი უკრაინული ავიაკომპანია ""ვიზ ეარი"", რომელიც დაბალ ფასად ქუთაისიდან კიევის მიმართულებით რეისებს შეასრულებს.
"აქედან შესაძლებელი იქნება ევროპაში ფრენა 37 ევროდ და არა 200-ზე მეტად, როგორც ეს არის თბილისიდან. ზოგიერთი ავიაკომპანია ხალხის ხარჯზე მდიდრდება. ჩვენი დახმარებით კი აქ იაფიანი კომპანია შემოდის. თავდაპირველად, ეს კომპანია 22 ევროდ ჩაიყვანს მგზავრებს ქუთაისიდან კიევში და დამატებით რამდენიმე ევროდ - ევროპის სხვა ქვეყნებში. ამ თანხად ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში. ამიტომაც ეს არის მთელი საქართველოს აეროპორტი, რადგან ამ ფასის პირობებში, ან თბილისი დაუკლებს ფასებს, ან მგზავრები თბილისიდან დაიძვრებიან ქუთაისში", - ბრძანა პრეზიდენტმა. ექსპერტები კი ამბობენ, რომ საწვავის ფასიდან გამომდინარე, ამ ფასად ევროპაში ფრენა შეუძლებელია, მაგრამ რა იციან ექსპერტებმა(?!). ეგენი დამპალ კომუნისტურ ეპოქაში არიან ჩარჩენილი და ეკონომიკის თანამედროვე ანაბანასაც ვერ ფლობენ! 37 ევროდ არა მარტო ევროპაში გადაფრინდება ადამიანი, არამედ ამ ფასად სწორი ეკონომიკური გათვლებისა და ახალი მენეჯმენტის პირობებში მთელ დედამიწასაც შეიძლება შემოუფრინოს! თურმე სწორედ ამ დღეს დაწყებულა ჩვენი ოცნებების ასრულება. სხვათა შორის, პირადად მე ჯერ კიდევ შარშანწინდელ 19-ლარიან თვითმფრინავის ბილეთზე ვოცნებობ, იმ ბილეთზე, თბილისიდან ბათუმამდე 19 ლარად რომ უნდა ჩავეფრინე. მაგრამ რატომღაც არა და არ შემხვდა ეგ ბილეთი. არც ისეთი კაცი შემხვდა, მაგ ბილეთით რომ გაფრენილიყოს
"ყიყინმაც" არ გაამართლა
მოგეხსენებათ, 2008 წელს, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასშტაბურ პროექტს იწყებს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა გვამცნო, რომ სირაქლემების, ბაყაყების, ნიანგებისა და ლოკოკინების ბიზნესი უნდა განევითარებინათ. ორიოდე წლის წინ საქართველოში ეს ბიზნესგეგმა მეტად პოპულარული იყო და ქვეყნის აყვავება ამ პროექტით გარდაუვალი უნდა ყოფილიყო. ნიანგის ხორცის ევროპაში გატანა - 40-ად, ტყავის გაყიდვა კი 500 ევროდ იგეგმებოდა. ამ გრანდიოზული იდეის გახმაურებიდან სულ რაღაც ორიოდ წელიწადში ცნობილი გახდა, რომ ეგზოტიკური ცხოველების მოშენების პროექტი ჩავარდა. ამაზე კრინტი არ დაუძრავს საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი მთავრობის ამ გრანდიოზული გეგმის ჩაფუშვის ამბავი უცხოურმა გამოცემა THE FINANCIAL-მა გაახმაურა, საქართველომ ვერ შეძლო ბაზარზე ნიშის მოპოვება და ბაყაყების ექსპორტი ჩაუვარდაო(?!).
გაფრენას ვლამობდით, მაგრამ...
მართალია, ბაყაყების ბიზნესში არ გაგვიმართლა, სამაგიეროდ, მალე პრეზიდენტმა ქვეყნის აყვავების ახალი ბიზნესგეგმა წარმოგვიდგინა და სიტყვას საქმეც მოაყოლა, - ჯერ იყო და, მესტიაში ულტრათანამედროვე აეროპორტი ააშენებინა, რაც თურმე იმის გარანტია იყო, რომ სვანეთს ნახევარი მილიონი ტურისტი მიაწყდებოდა, ხოლო მესტიის აეროპორტი ყველაზე მასშტაბური და მომგებიანი იქნებოდა მსოფლიოში. ""აეროპორტს 1200-მეტრიანი ასაფრენი ბილიკი აქვს და ამინდის მიუხედავად, ლაინერების მიღებას ნებისმიერ სეზონზე შეძლებს. მესტიის აეროპორტს ზამთარში - 18, ხოლო ზაფხულში 50 კაცის ტევადობის თვითმფრინავის მიღება შეუძლია. მესტიაში პირველ ეტაპზე სუბსიდირებული ფრენა და ბილეთის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ეს იმისთვის კეთდება, რომ მესტიაში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩავიდეს. 4 წელიწადში სვანეთში ნახევარი მილიონი ტურისტის ჩასვლას ვვარაუდობ", - ბრძანა მაშინ პრეზიდენტმა.
სპეციალისტებმა კი ურჩიეს პრეზიდენტს, მესტიაში ასეთი მასშტაბის აეროპორტის აშენება არ არის მთლად გონივრული, წყალში გადაყრილი ფულია, რადგან აეროპორტი ზამთარში ვერ იმუშავებს, ლაინერებისა და ბოინგების მიღებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკიო, მაგრამ ვინ ჰკითხავს სპეციალისტებს, რა იციან მაგ საბჭოთა გადმონაშთებმა თანამედროვე ავიაციის პრინციპები!
ამ კარგად გაპიარებული პროექტიდან წლისთავზე პრეზიდენტმა აღმოაჩინა, რომ მესტიის აეროპორტის ბიზნესგეგმა ჩავარდა... რადგან ხელისუფლებამ ზეცაში ვერ იპოვა ქვეყნის საშველი, მიწაზე დაეშვა და ახალი ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის მასშტაბური თესვის კამპანიის დაწყება გვამცნო...
მსოფლიო ისტერიკას ჰიბრიდული სიმინდი თუ უწამლებდა
ახალი ბიზნესგეგმის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ქართველი გლეხები ჰიბრიდულ სიმინდს დათესავდნენ, საქართველო სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა გახდებოდა, რადგან ეს თესლი იმხელა მოსავალს მოგვცემდა, მის აღებას ვერ აუვიდოდა ჩვენი გლეხობა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აბაშაში თავად ჩაბრძანდა და ახალი ჰიბრიდული სიმინდის დათესვაში თავად მიიღო მონაწილეობა.
"მთელ მსოფლიოში სიმინდზე ისტერიკული მოთხოვნაა და სიმინდი რომ არ დათესო, დანაშაულია. მომავალ წელს საქართველოში მიწის არც ერთი დუიმი არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. საქართველო სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა წელსვე გახდება. დაინტერესება მოდის რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის - აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ამ ჩამონათვალში კიდევ რამდენიმე ქვეყანაა. გარანტირებულად გავა ექსპორტზე ყველა იმ ფერმერის მიერ მოწეული სიმინდის მოსავალიც, რომელიც ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის დათესვით დაინტერესდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოკლედ, სპეციალისტები და აგრონომები ახმაურდნენ, კიდევ ერთხელ ურჩიეს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, პრესაში, რომ ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის საქართველოში დათესვა არ იყო გამართლებული სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ პრეზიდენტმა ერთ-ერთი გამოსვლისას მკაცრად დატუქსა ექსპერტები, - ენა რომ დაუგრძელებიათ და ბჟუტურებენ, ამერიკული სიმინდი არ ვარგაო, ერთი ეს მითხარით, ქართული სიმინდი სად გაგონილა, ეს კულტურა ამერიკიდან არის შემოსულიო! ეტყობა, იმ შეხვედრაზე იმის მთქმელი, რომ მსოფლიოში საკუთარი სიმინდის ჯიშები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას (მექსიკა, აშშ, რუმინეთი, მოლდავეთი) და მათ შორის საქართველოსაც აქვს, არავინ იყო, ან ხმის ამოღება ვერ გაბედეს, თორემ ხომ ეცოდინებოდა ჩვენს პრეზიდენტს, რომ თავის დროზე ქართული სიმინდი ამერიკული კაჟასა და ცალკბილასაგან გამოიყვანეს.
მოკლედ, შემოდგომაზე წიწილების დათვლის დრო რომ დადგა, პრეზიდენტმა და მთავრობამ კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს, რომ ეს მორიგი გრანდიოზული პროექტი და საქართველოს აყვავების გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა! ჰიბრიდული სიმინდის პროგრამამ დაახლოებით 20 ათასი ფერმერი დააზარალა. გაფუჭებულ საქმეს რაღა ეშველებოდა? აბობოქრებულ დაზარალებულებს პრეზიდენტი კომპენსაციების მიცემას დაჰპირდა. "ანუგეშა" ფერმერები, თუმცა მათთვის ზარალი სახელმწიფოს ჯერაც არ აუნაზღაურებია! არადა, რამდენ ფერმერს შერჩა ბანკის ვალი პროცენტებით გადასახდელი. ამ განცხადებიდან მალე დაზარალებულებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს. ადმინისტრაციამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაგზავნა, სამინისტრომ - კორპორაციაში, კორპორაციაში კი განაცხადეს, რომ პრეზიდენტს არ გამოუცია ოფიციალური დოკუმენტი ფერმერებისთვის ვალის ჩამოწერისა და კომპენსაციის გაცემის შესახებ.
"ღიმილიანი საქართველო" - "დავუპლომბოთ, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ"
მორიგი "გრანდიოზული" პროექტით პრეზიდენტმა ხალხის გუნება-განწყობილებაზე ზრუნვაც გადაწყვიტა და ახალი, წინამორბედ პროექტებზე არანაკლებ გრანდიოზული პროექტი "ღიმილიანი საქართველო" გამოაცხადა! მან ბათუმის ერთ-ერთი სასადილოდან განკარგულება გასცა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა მოხუცს წლის ბოლომდე ჩაწიკწიკებული კბილები ჰქონოდა!
"დავუპლომბოთ, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ ყველას კბილები, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ და სულ იღიმებოდნენ. როცა ადამიანს კბილებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, მუშაობის ხალისი ეკარგება, ღიმილის ხალისი ეკარგება და საერთოდ, ცხოვრებაზე სხვა წარმოდგენა აქვს. "ღიმილიანი საქართველო" სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ადამიანების მომსახურებით დაიწყება და შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება".
მოგვიანებით ეს პროექტი პრეზიდენტმა ჭიათურაში გააპიარა და ხალხს შეჰპირდა, რომ კბილების გაპრიალება სწორედ ჭიათურიდან დაიწყებოდა: "ჩვენ დავიწყეთ მუშაობა კბილების პროგრამაზე და ისევ ხა-ხა-ხი-ხი, სიცილით მოკვდნენ. კბილები ის კი არ არის მარტო, რომ ლამაზი ღიმილი გვქონდეს. კბილები რომ აღარ აქვს ადამიანს, მთელი ჯანმრთელობა მიდის ჯანდაბაში, ვეღარც ლაპარაკობს, ვეღარც ჭამს... აღარავის უნდა ჰქონდეს პრობლემა იმისა, რომ პირის გაღების ერიდებოდეს".
საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო პროგრამა "ღიმილიანი საქართველოს" ამოქმედების შესახებ 21 დეკემბერს, ბათუმის მეორე მუნიციპალურ სასადილოში სტუმრობისას განაცხადა, მაგრამ... რა ვიცი, ჩემს ხანდაზმულ მეზობლებს "იმის გამო, რომ ელემენტარული ფული არა აქვთ, დღემდე ერიდებათ პირის გაღება".
P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა ქუთაისიდან სამწუხარო ცნობა მივიღეთ, - ახალი პარლამენტის შენობა ჩამონგრეულა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ასეთი მასშტაბური შენობის ასე ნაჩქარევად აშენება კატეგორიულად არ შეიძლებოდა, მშენებლობას თავისი წესები და კანონები აქვსო, მაგრამ ვინ დაუჯერა?!