თავისუფალი სიტყვის გავრცელებას უკვე ჯარიმებით ებრძვიან. ის მძღოლი, რომელიც არ დაემორჩილება “თბილისის მიკროავტობუსის” უაზრო გადაწყვეტილებას და მაინც მომართავს თავის რადიოს სასურველ სიხშირეზე 100-ლარიან ჯარიმას გამორჩება.
პირად საუბრებში ასეთი გაფრთხილების შესახებ საუბრობენ თავად ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები. მძღოლების თქმით, “მარშრუტკაში” რადიოს თვითნებურად ჩართვის გამო ზოგიერთებს ერთი გაფრთხილება უკვე მისცეს, ხოლო იმავეს გამეორების შემთხვევაში, 100-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაემუქრნენ.
მძღოლების შესაძლო დაჯარიმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში”. კომპანიის პიარ-მენეჯერის, თეონა ნიორაძის მტკიცებით, მიკროავტობუსებში რადიო მიმღებების დემონტაჟი ეტაპობრივად მიმდინარეობს და მძღოლები რადიოს ჩართვას ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ. “თანხით დაჯარიმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”, - განაცხადა “მედიანიუსთან” საუბრისას ნიორაძემ.
როგორც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” აცხადებენ, კომპანიებს, რომლებიც დედაქალაქში მგზავრთა გადაყვანას ყვითელი მიკროავტობუსებით უზრუნველყოფენ, გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება, სადაც სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლი უნდა განთავსდეს.
ყვითელ მიკროავტობუსებში მონიტორების მონტაჟი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. “აღმოჩნდა, რომ ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიოსაშუალებები ხელს უშლის. აღნიშნული პრობლემის მოგვარების უზრუნველსაყოფად, სარეკლამო კომპანიამ მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს წერილობითი მოთხოვნით მიმართა, რათა მათ სრულყოფილად შეასრულონ დამკვეთი კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულება და შეუფერხებლად გაუშვან სარეკლამო რგოლი მონიტორებზე.
შპს “თბილისის მიკროავტობუსის” ტექნიკური სამსახურის გადაწყვეტილებით, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი გახდა მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვა”, - ნათქვამია “თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებაში.
თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში რადიომიმღებების ამოღებას ოპოზიციასთან ერთად იურისტებიც აპროტესტებენ. კერძოდ, “ახალგაზრდა ადვოკატები” მიკროავტობუსებში რადიოარხების მაუწყებლობის შეზღუდვის გამო, თბილისის მერს გუშინ განაცხადით მიმართეს.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მიკროავტობუსებში რადიოსიგნალების გათიშვა და ხმოვანი სარეკლამო რგოლების დაკანონება არღვევს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას, ზღუდავს ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლებას. კერძოდ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-10-2 მუხლს და გაეროს 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო აქტის მე-19-ე მუხლს.
“ახალგაზრდა ადვოკატებს” მიაჩნიათ, რომ კერძო კომპანიის გადაწყვეტილება გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტურ უფლებების შეზღუდვას წარმოადგენს და ლახავს მოქალაქეთა უფლებას თავისუფლად, ცენზურის გარეშე მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია.
“მოვიძიეთ, არსებობდა თუ არა სხვა ქვეყნების ქალაქების მუნიციპალიტეტებში მსგავსი აკრძალვა და აღმოჩნდა, რომ ხმოვანი სარეკლამო რგოლები არსად არ არსებობს და მხოლოდ დასაშვებია გამოსახულებითი სარეკლამო რგოლები. მგზავრები რადიოს მეშვეობით, ძირითადად, პოლიტიკურ ინფორმაციას ისმენდნენ და წინასაარჩვვნოდ ამის აკრძალვა დაუშვებელია”, - აღნიშნა კაიკაციშვილმა.
“ახალგაზრდა ადვოკატები” ითხოვენ დედაქალაქის მერმა გადახედოს შპს “თბილისის მიკროავტობუსსა” და სარეკლამო კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას.