მოსახლეობისთვის სახრჩობელად ქცეული „ნაციონალური“ ქამარი

მოსახლეობისთვის სახრჩობელად ქცეული „ნაციონალური“ ქამარი

2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი განხილვით ხელისუფლებამ საზოგადოების მგრძნობელობა მოსინჯა. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა ოპოზიციამ მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა მოისაკლისა, საპარლამენტო უმრავლესობამ ბიუჯეტის კანონპროექტი დახურულ სხდომაზე განიხილა და კორექტივებიც შეიტანა. 

2011 წლის ბიუჯეტის პროექტში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების დაფინანსება დეტალურად გაწერილი არ იყო. ოპოზიციამ ხელისუფლება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუქმებასა და „ქართული ენის უგულებელყოფაში“ დაადანაშაულა - ბიუჯეტის პროექტში ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 0 ლარი იყო.

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება წლევანდელთან შედარებით, 26 მილიონი ლარით გაიზრდება და 1 მლრდ 600 მლნ ლარით განისაზღვრება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე ურუშაძე ამბობს: „ბიუჯეტში ფართო სპექტრია წარმოდგენილი იმ სოციალური დახმარებებისა, რომლებიც მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახისათვის და მოქალაქისთვის. აქ ბავშვთა დაზღვევის პროგრამაც იგულისხმება. შენარჩუნებული იქნება კარდიოქირურგიული ოპერაციების დაფინანსება, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ფსიქიკური პრობლემებისა და ინფექციურ დაავადებათა მართვა-იმუნიზაცია“.

პარლამენტში აცხადებენ, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის პროგრამა, შესაძლოა, სხვა სახელწოდებით, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება.

მთავრობა აცხადებს, რომ 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“ აისახა. ახლა საკითხავი ის არის, ვინ შემოიჭერს  საქართველოში ქამარს – სახელმწიფო აპარატი თუ მოსახლეობა?

ფისკალური დისციპლინის განმტკიცების მეთოდების თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროკავშირის ექსპერტთა  რეკომენდაციები იდენტურია: ბიუჯეტის დაბალანსებისთვის ან სახელმწიფო ხარჯები უნდა შემცირდეს, ან გადასახადები გაიზარდოს. ევროპა სახელმწიფო ხარჯების შემცირების მომხრეა. გერმანია, რომელსაც ევროკავშირის ეკონომიკის ლოკომოტივს უწოდებენ, 2011-14 წლებში სახელმწიფო ხარჯებში 80 მილიარდი ევროს დაზოგვას აპირებს და მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ოდენობას 15 000-ით ამცირებას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფო ხარჯების ყველაზე დიდი შემცირებისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთის მთავრობაც. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში 81 მილიარდი ფუნტი სტერლინგის დაზოგვას აპირებს. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სახელმწიფო სექტორში 500 000-მდე სამუშაო ადგილი გაუქმდება.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს ხარჯების შემცირება გასულ წელსაც ურჩიეს. ამ რეკომენდაციის საპირისპიროდ, მთავრობამ 2010 წლის ივნისში ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით გაზარდა. შემდეგ კი, გაზრდილი ხარჯის დასაბალანსებლად ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები რომ მიეღო, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებასაც არ დაელოდა და მისი რამდენიმე მუხლი 1-ელი აგვისტოდან აამოქმედა. 2010 წლის 1-ელი აგვისტოდან ღვინის გარდა ყველა ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა. ამავე დღიდან მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებიც ბრუნვის 10%-ით იბეგრებიან.

 

სააკაშვილის მიერ ინიცირებული „თავისუფლების აქტით“ დეკლარირებული გადასახადების შემცირება კი გადაიდო. საშემოსავლო გადასახადის 20-დან 15 პროცენტამდე ეტაპობრივ შემცირებას აღარ უნდა ველოდოთ. ის 2013 წლამდე 20-პროცენტიან განაკვეთზე დარჩება. გაისად არც მიღებულ დივიდენდზე არსებული 5%-იანი გადასახადი დაიწევს (ის 2012 წლისთვის უნდა განულებულიყო). ახალი კოდექსის თანახმად, დივიდენდები 5%-ით 2013 წლამდე დაიბეგრება.

გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების და ბიუჯეტის შესავსებად მოსახლეობის ჯიბიდან სულ უფრო მეტი ფულის ამოღება ხდება საჭირო. ხელისუფლებამ ახალი საჯარიმო სანქციების სისტემა აამოქმედა.  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე დაყრისთვის 50-ლარიანი ჯარიმა დაწესდა. გზების დანაგვიანებისთვის 50 ლარით დაჯარიმდებიან ფეხით მოსიარულე მოქალაქეებიც. უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის მძღოლებს 40 ლარის გადახდა მოუწევთ. ავტომანქანის მინების დასაშვებ ნორმაზე მეტად დამუქების შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები 50 ლარით დაჯარიმდებიან.

საბიუჯეტო ხარჯების შემცირების რეკომენდაცია ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ 2011 წლის საფინანსო გეგმის პროექტში გაითვალისწინა და ისიც, სიმბოლურად. მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 6 მლრდ 960 მლნ ლარია. წლევანდელი ბიუჯეტი 6 მლრდ 990 მლნ ლარი იყო. შესაბამისად, ხარჯები მხოლოდ 30 მლნ ლარითაა შემცირებული. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ: „მომავალი წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2011 წელს არცერთ სახელმწიფო უწყებაში ხელფასები არ გაიზრდება. დამატებითი ბიუროკრატიული ხარჯები, მაგალითად, მანქანების შესყიდვა კი მინიმუმამდეა დაყვანილი“.

 

მინისტრის განცხადების საწინააღმდეგოდ, ბიუჯეტის პროექტი სახელმწიფო აპარატის სახელფასო ფონდის წლევანდელი 1,043 მილიარდი ლარიდან 1,085 მილიარდ ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

 

„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის მიუხედავად, 2011 წლის ბიუჯეტი მაინც დეფიციტური იქნება. საბიუჯეტო დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი 4,3 პროცენტია: ბიუჯეტის პროექტში ხარჯები შემოსავლებს 300 მილიონი ლარით აჭარბებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის დაბალანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული გრძელვადიანი სესხებითა და შიდა სახსრებით მოხდება. საბიუჯეტო დეფიციტის დასაფინანსებლად მომავალ წელს მთავრობა 100 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას აპირებს. საუბარია ლონდონის საფონდო ბირჟაზე სხელმწიფო ობლიგაციების განთავსებაზეც.

 

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას აპროტესტებს. „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ საკამათოა „სხვა ხარჯებში“ ჩადებული მილიონობით ლარის მიზანშეწონილობა. 2004 წლიდან დღემდე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაფიქსირებული ყველაზე ბუნდოვანი მუხლის - „სხვა ხარჯების“ განუხრელი ზრდა შეინიშნება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2004 წელს აღნიშნულ მუხლში დაფიქსირებულმა ხარჯებმა 16.2 მილიონი, 2005 წელს 66.8 მილიონი, 2006 წელს 200 მილიონი, 2007 წელს 348.2 მილიონი, 2008 წელს 506.1 მილიონი, 2009 წელს კი 650.1 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის გეგმის თანახმად, „სხვა ხარჯებისათვის“ განკუთვნილი თანხა 731 მილიონ ლარს აღემატება.

ბიუჯეტის კანონპროექტში შეტანილი შესწორებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. 2011 წლის ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლო პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს. ახალი ბიუჯეტის კონტურები უკვე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 2011 წლიდან ქამრის შემოჭერა საქართველოს რიგით მოქალაქეებს მოუწევთ.