შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ბანკებში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ხელს არ შეუშლის. ეს განცხადება რამდენიმე დღის წინათ საბანკო ასოციაციაში გააკეთეს და ეს განცხადება ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მითითებას, რომ ქვეყანაში სესხებზე პროცენტები ძალიან მაღალია. ამიტომაც ასოციაციაში მსწრაფლ აღნიშნეს, რომ, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლამ საბანკო სექტორში, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთებზე გავლენა მოახდინოს. თუმცა, შემცირება ერთი ხელის აღებით არ ხდება.
ამ სინთეზური განცხადებების შემდეგ ყველას ეგონა, რომ ასე თუ ისე საბანკო სექტორში სესხებზე განაკვეთების შემცირება დაიწყებოდა, მაგრამ სულ საპირისპირო სურათი გამოიკვეთა. თვით ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 0,4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და წლიური 19,6 პროცენტი შეადგინა.
განაკვეთები ძირითადად გაიზარდა უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე - 0,5 პროცენტული პუნქტით. უცხოური ვალუტით სესხების საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 16,3 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე წლიური 22,1 პროცენტი დაფიქსირდა.
2012 წლის აპრილში, შარშანდელ აპრილთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 0,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 0,2 პროცენტული პუნქტით.
სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის აპრილში 0,9%-ით შემცირდა და 67,2% შეადგინა, მთლიანმა სასესხო პორტფელმა კი - 7,785 მლრდ ლარი. ამ ყველაფრის შემდეგ ბანკების მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაეცემა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. „მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოზე მაღალი მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაშია, საშუალო განაკვეთი სესხებზე 24.2%-ს შეადგენს“.
აფბა აღნიშნავს, რომ ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება ხელისუფლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნესგარემოა. „თუ ასეთი ადვილია ჩვენთან ბიზნესის კეთება, მაშინ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის ამხელა განაკვეთი სესხებზე,“- აღნიშნავს აფბა-ს პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.
საბანკო ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, ეს კვლევა საკმაოდ სიღრმისეულია და საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს.
ქართული საბანკო სექტორი ეკონომიკის წინსვლას ხელს არ უწყობს: „საბანკო სექტორი ძირითადად არ აფინანსებს ისეთ სფეროებს, რაც ეკონომიკას ზრდის. მაგალითად მრეწველობას, მშენებლობას და ა.შ. სესხების 50% სამომხმარებლოა, რაც არ იდება წარმოებაში, ხოლო 30% კი სავაჭრო, რა შემთხვევაშიც ჩვენ ვაფინანსებთ იმპორტს, ანუ შემოსულ ფულს,“ - განაცხადა ელიავამ.
მისივე თქმით, სახელმწიფომ მოსახლეობა გასაძარცვად მიუგდო კომერციულ ბანკებს, რის გამოც მათ მისცეს თავს უფლება, რომ დააწესონ ამხელა საპროცენტო განაკვეთი, ამ ყველაფერს კი ბოლო უნდა მოეღოს ეროვნული ბანკის ძალისხმევით.
ეკონომიკის ექსპერტ დათო ნარმანიას თქმით, საქართველოში სესხის გაცემასთან დაკავშირებით მაღალი რისკებია, რის გამოც ბანკები ცდილობენ, ეს მაღალი გადასახადით დააკომპენსირონ.
მისივე თქმით, საქართველოში საბანკო სექტორი მონოპოლიზირებულია და ასევე, კომერციულ ბანკებს დამატებითი ვალდებულებები აქვთ, როგორც ჰოსპიტალურ, ასევე სადაზღვევო სექტორში.
„ამ შემთხვევაში რთულია პასუხისმგებლობა ვინმეს დააკისრო, რადგან კომერციულ სექტორს ყოველთვის ხელს აძლევს ის, რომ რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.