წლეულს ზღვის სეზონის გახსნა გვიანდება, მაგრამ ტურიზმის სააგენტო იხტიბარს არ იტეხს და ზაფხულის ტურისტულ 3-თვიან პერიოდს გახსნილად აცხადებს. თუმცა, ჯერჯერობით დასვენების მსურველები მხოლოდ ქვეყნის შემოვლა-დათვალიერებით თუ დაკმაყოფილდებიან. თანაც ეს ყველაფერი შარშანდელზე ძვირი დაუჯდებათ.
ზაფხულის ტურისტული სეზონი, სახელწოდებით “შემოიარე საქართველო” ოფიციალურად გაიხსნა. “თბილისი მარიოტში” შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე საკმაოდ დიდხანს ესაბურებოდა ტურიზმის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე, ზაფხულის სრულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.
როგორც სიდამონიძემ აღნიშნა, პროექტის ძირითადი მიზანია, საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული სეზონის გაცნობა და ზაფხულის საქმიანობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვა. მისივე თქმით, პროექტი ეძღვნება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას. მან ასევე აღნიშნა, რომ შარშან საქართველოს 3 მილიონამდე ტურისტი ეწვია და წლეულს ამ რიცხვის 30 პროცენტით ზრდას ელოდებიან.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ზაფხულის ტურისტული კალენდრის პრეზენტაცია, სადაც 16 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი ტურისტული აქტივობებია მოცემული. გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
სანამ მავანი ტურისტები საქართველოს შემოვლას გადაწყვეტდნენ, მანამდე უნდა მიიღონ ჯეროვანი ინფომარცია, რომ წლეულს საქართველოში ტურისტული პაკეტის ღირებულება გაიზარდა.
ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს არის მსოფლიო ტენდენცია, რის შესაბამისადაც ტურისტული მომსახურების ფასი საქართველოშიც მაღლა იწევს. მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ტურისტული პაკეტი თითქმის ყველგან გაძვირდა.
ტუროპერატორების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს კურორტებზე ყველა ტიპის სასტუმროს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ძალიან უშლის ხელს ეკონომ-პაკეტების შექმნას. ძვირია გასართობი ცენტრებისა და კაფე- ბარების სერვისებიც.
“ჩვენთან ფასების დარეგულირება აუცილებელია, რათა ჩვენი კურორტები კონკურენტუნარიანი გახდეს”, - განმარტავენ ტუროპერატორები.
ტურისტული პაკეტის გაძვირების შესახებ საუბრისას ისინი აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ფასმა მომსახურების თითქმის ყველა სფეროში მოიმატა. ელემენტარულად, მაღალია საწვავის ფასი და ამ ფაქტორმა ტურისტული პაკეტი არა მარტო საქართველოში, უცხოურ ქვეყნებშიც კი გააძვირა და ეს არ ხდება მხოლოდ თურქეთში.
კომპანია “იმპერიალ თრეველში” აცხდებენ, რომ სხვა ქვეყნებში ტურისტული პაკეტის გაძვირება გავლენას საქართველოზეც მოახდენს და ეს უდავოა.
“ცვლილებას ნამდვილად ველოდებით. არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მომსახურება უკვე გაზრდილია, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ცვლილება რა მასშტაბით განხორციელდება, საუბარი ჯერ ადრეა. საქართველო ტურისტებისთვის იმდენად საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ განელდება ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ.
რაც შეეხება მომსახურების ფასს, თავისთავად გაძვირდება. თურქეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში სასტუმროებზე გაზრდილი ფასი ქართულ ბაზარზეც პარალელურად აისახება”, - აცხადებენ “იმპერიალ თრეველში”.