"სასაზღვრო ინციდენტები კარგა ხანია სისტემატურ ხასიათს იღებს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ საქმე ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტამდე მივა, ანუ ომამდე. არც პოლიტიკურად და არც ფსიქოლოგიურად აზერბაიჯანი ჯერ მზად არ არის საომრად, მით უმეტეს, რომ სულ რამდენიმე დღეა, რაც კლინტონი ვიზიტი დასრულდა. მზად არც სომხეთია, რადგან დღეს სომხეთს არ აწყობს ომი, ვინაიდან იცის, რომ ბოლო დროს აზერბაიჯანმა დიდი რაოდენობით იარაღი შეიძინა. გარდა ამისა, არსებული სტატუს კვო სომხეთისთვის სავსებით მისაღები რეალობაა, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანზე. დღეისთვის თავად სომხეთის დასავლელი მოკავშირეებიც არ არიან ომისთვის მზად", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე: აზერბაიჯანი და სომხეთი ომისთვის მზად არ არიან.
"ალბათ ეს უფრო "რბილი შანტაჟია" ოფიციალური ბაქოს მხრიდან, რათა აიძულოს მინსკის ჯგუფი და პირველ რიგში რუსეთი, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ კონფლიქტისადმი და მნიშვნელოვანი დათმობები აიძულონ სომხეთს. რუსეთი არ არის მზად, ღიად დაიკავოს რომელიმე მხარე, თუმცა მოვლენების ყველაზე უარყოფითი სცენარის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთი უკვე იძულებული გახდება, მიუხედავად თავისი სურვილებისა და ინტერესებისა, ღიად ჩაებას კონფლიქტში და ღიად დაუჭიროს მხარი თავის ოფიციალურ მოკავშირეს, რომელთანაც მას გაფორმებული აქვს 50-წლიანი ხელშეკრულება. რაც შეეხება თურქეთს, თურქეთს გაუჭირდება ნეიტრალური მეთვალყურის როლის შენარჩუნება. დასავლეთისთვის კოშმარია სატრანზიტო მაგისტრალების რეგიონში საბრძოლო მოქმედებების განვითარება, მაგრამ რა პოზიციას დაიკავებს, ამაზე დღეს მხოლოდ პროგოზების გაკეთება თუ შეიძლება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ციცაძე.
"ფართომასშტაბიანი კონფლიქტი მოსალოდნელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ დაიწყო დიდი სამხედრო დაპირისპირება ირანთან დაკავშირებით, მანამდე კი ეს სასაზღვრო ინციდენტები, რასაკვირველია, იქნება. 18-19 ივლისს მოსკოვში გაიმართება მოლაპარაკება ირანთან დაკავშირებით. ეს ქალაქი თავად ირანმა მოითხოვა, არადა სხვა ქვეყნებიც განიხილებოდა. ისრაელი კატეგორიულად არ აღიარებს ამას მოლაპარაკებად... რუსეთი დილემის წინაშეა, მან ერთდროულად ირანთან სწორედ ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის მორიგი მილიარდიანი კონტრაქტებიც უნდა გადაარჩინოს და დასავლეთის წინაშე სახე უნდა შეინარჩუნოს. რაც შეეხება საქართველოს, რასაკვირველია, საქართველოც ვერ დარჩება კლასიკურ ნეიტრალურ პოზიციაში (სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის პირობებში), ვინაიდან, სულ ცოტა, რუსეთი აუცილებლად მოსთხოვს ოფიციალურ თბილისს თავისი მოკავშირის დასახმარებლად მის ტერიტორიაზე ჯარების გატარების უფლებას, რაზეც საქართველო უარს ეტყვის და გამორიცხული არ არის, რომ რუსეთი შეეცადოს, ძალისმიერი მეთოდით შეასრულოს თავისი მოთხოვნა", - დასძენს სოსო ცინცაძე.