ინდოეთი – მოსახლეობის რაოდენობით მეორე და ეკონომიკის მოცულობით მსოფლიოს მეათე ქვეყანა აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელსაც შეიძლება ეკონომიკური კრიზისი ვუწოდოთ. ქვეყნის შიდა პროდუქტის ზრდა მკვეთრად შენელდა, რამაც ინვესტორები შოკში ჩააგდო, რუპია კი დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ინდოეთის კრიზისი, შესაძლოა, მსოფლიოში ახალი რეცესიის დასაწყისის კატალიზატორი გახდეს.
მაისის ბოლოს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ინდოეთის ეკონომიკამ წელი ძალიან ცუდად დაიწყო და წლიური ათვლით მხოლოდ 5,3 პროცენტიანი ზრდა აჩვენა. შეიძლება, სხვა ქვეყნისათვის ეს კარგი მაჩვენებელი იყოს, მაგრამ ინდოეთისათვის ეს ჩავარდნაა. ბოლო წლებში მისი ეკონომიკის ზრდა ყოველთვის 8 პროცენტზე მეტი იყო, ახლა კი უეცრად 9 წლიან მინიმუმდე დაეცა.
არც ინდური კომპანიების კვარტალური მაჩვენებლები იწვევს დადებით ემოციებს. მაგალითად, უმსხვილესი დეველოპერის DLF-ის მოგება 39 პროცენტით დაეცა, სამშენებლო კომპანია GMR-მა განაცხადა, რომ მაღალი საკრედიტო განაკვეთის გამო გარკვეული პროექტების განხორციელებისაგან თავს იკავებს, წამყვანმა ავიაკომპანია Kingfisher-მა კი სულაც 205 მილიონიანი წაგება ნახა.
სიტუაციას ართულებს რუპიას კურსის სწრაფი ვარდნა, რომელიც დოლართან მიმართებაში 20 პროცენტით, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ინდოეთი, ჩინეთისაგან განსხვავებით, ექსპორტზე ნაკლებადაა დამოკიდებული, ეს ერთობ ცუდი ამბავია. სუსტი რუპია ხომ ინფლაციის ზრდას შეუწყობს ხელს, რომელიც ისედაც 10 პროცენტიან მაჩვენებელს უახლოვდება.
ინდოეთის მთავრობასა და ბიზნეს-წრეებში უკვე დაიწყეს დამნაშავის ძებნა. მთავრობა, რომელსაც ინდოეთის ნაციონალური კონგრესი მართავს, აცხადებენ, რომ ყველაფერი ოპოზიციის ბრალია, რომელიც ფისკალური პოლიტიკის სულ უფრო და უფრო შემსუბუქებას ითხოვს. ამასთან, მთელს ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები ადგილობრივ მთავრობებს აიძულებს დათმობაზე წავიდეს და პოპულისტური პოლიტიკა აწარმოოს. ამავდროულად, ბიუჯეტის დეფიციტი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს უახლოვდება.
არადა, ცხადი ხდება, რომ მთავრობის მცდელობამ ფინანსური სისტემა მკაცრად და ფრთხილად მართოს, კრახი განიცადა. ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი თითქმის ერთი წელი 8,5 პროცენტი იყო, რამაც ეკონომიკაში ხელმისაწვდომი კრედიტის დეფიციტი წარმოშვა. არადა, 2010 წელს განაკვეთი ორჯერ ნაკლები იყო. ახლა იგი ცოტათი შეამცირეს, მაგრამ შედეგის მიღებას დრო სჭირდება. ყველაფერ ამას დაუმატეთ ქვეყანაში წარმოქმნილი კორუფციული სკანდალები.
ყველაფერმა ამან კაპიტალის გადინება და ბიზნეს-პროექტების დახურვა გამოიწვია. სულ უფრო მეტი ინდოელი თუ უცხოელი ბიზნესმენი ცდილობს ბედი სხვა ქვეყენაში სცადოს. არადა, ინდოეთი ჩინეთთან ერთად გლობალური კრიზისის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის მთავარი იმედი იყო.
როგორც ცნობილია, ინდოეთი ერთობ თვითმყობადი კულტურის მქონე ქვეყანაა და ინდოელებს ყველაფერზე თავისებური შეხედულება აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთმა გურუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნაში დამნაშავეა რუპიას ახალი სიმბოლო, რომელიც ისე გამოიყურება, რომ თითქოს მას ყელი გამოსჭრეს. არადა, ძველი სიმბოლოს მქონე რუპიამ გლობალური კრიზისი ყოჩაღად გადალახა. ანუ, გამოდის რომ ეკონომიკაში მისტიკაც კი ჩაერთო.
ასეა თუ ისე, თავისთავად ცხადია, ინდოეთის პრობლემები სრულიად მსოფლიოს ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას. ქვეყანა სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსხვილი იმპორტიორია. მისი დასუსტება, ცხადია, პრობლემებს შეუქმის აშშ-ს, რომელიც ბოლო დროს ექსპორტზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება. ასეთივე მდგომარეობაშია ევროპაც, რომელსაც, როგორც ცნობილია, ისედაც ძალიან უჭირს.
ასე რომ, თუ ინდოეთში სიტუაცია არ გამოსწორდა, დიდი შანსია წარმოიქმნას დომინოს ეფექტი, რომელიც შედეგს ალბათ უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიღებს. ამდენად, გამორიცხული არ არის ახალი კრიზისი სწორედ ინდოეთიდან დაიწყოს.