1 ივნისს ნავთობის ფასები 100 დოლარი/ბარელის ფსიქოლოგიურ ნიშნულს ჩამოსცდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში 1 ბარელი “შავი ოქრო” 120 დოლარზე მეტი ღირდა, შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის ფასი საკმაოდ სწრაფად დაეცა. ამან განსაკუთრებით ნეგატიური გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე მოახდინა, სადაც უკვე ელიან “კრიზისის ახალ ტალღას”.
ნავთობი ანომალიურად ძვირი ირანის მიმართ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ემბარგოსა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების საშიშროების გამო ღირდა. გარდა ამისა, ემბარგო შეეხო სირიას, ხოლო ლიბიამ ჯერ ვერ აღადგინა მსოფლიო ბაზრისათვის ენერგორესურსების სრულად მიწოდება. მაგრამ მაისში ოპეკის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების მოცულობა გაზარდეს, რამაც “შავი ოქროს” გაიაფება გამოიწვია.
გარდა ამისა, ენერგორესურსების ფასზე გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ. მაგალითად, ჩინეთის, რომელიც მსოფლიოში ენერგომატარებლების უმსხვილესი მომხმარებელია, პირველ კვარტალში დაფიქსირებული შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმალური გახლდათ. რეცესიაშია ევროპა, აშშ-ში კი უმუშევრობა იზრდება და მცირდება საწარმოო აქტივობა. ყველაფერი ეს, ცხადია, გავლენას ახდენს ენერგორესურსების ფასზე.
ყველაფერ ამასთან ერთად ნავთობის ფასზე გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორიც. კერძოდ, სულ უფრო რეალური ხდება ევროს ზონის დაშლის საფრთხე, საბერძნეთში გაიმარჯვა ძალებმა, რომელიც მკაცრი ეკონომიური პოლიტიკის წინააღმდეგია, ასეთივე პოზიცია აქვს საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს. ანუ, ევროპაში საერთო კურსის შემუშავება არ ხერხდება. ამ ვითარებაში ინვესტორთა ოპტიმიზმი მცირდება და ფასიან ქაღალდებზე, მათ შორის, ნავთობის ფიუჩერსებზე მოთხოვნილება ეცემა.
როგორც წესი, ნავთობის გაიაფება განსაკუთრებით რუსულ ეკონომიკას აზარალებს. როცა “შავი ოქრო” იაფდება, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვა და მისი შემცირება გარდაუვალია. უპირველეს ყოვლისა, ამით ზარალდებიან საბიუჯეტო ორგანიზაციები და იქ დასაქმებულები. შესაძლებელია ხელფასების, ან სულაც სამუშაო ადგილების შემცირება.
გარდა ამისა, მოსალოდნელია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის და პროგრამის შემცირება. მაგალითად, გზების მშენებლობის, ან ახალი შეიარაღების გამოშვების დაწყებაზე უარის თქმა. უსიამოვნო მდგომარეობაში ვარდებიან ბანკები, რომლებსაც ფინანსური კრიზისის პირობებში ცენტრალური ბანკისაგან დახმარება სჭირდებათ ხოლმე. ფინანსური დახმარების არარსებობა კი კრედიტებს ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის, რაც თავის მხრივ ეკონომიკური აქტივობის შენელებას იწვევს.
ნავთობის გაიაფება რუსეთს ე.წ. “მულტიპლიკატური ეფექტითაც” ემუქრება. უპირველეს ყოვლისა, მოსალოდნელია ნედლეულის სფეროში მოღვაწე კომპანიებისა და ადამიანების შემოსავლის კლება. ასეთივე ბედი ელის მომსახურების სფეროში მოღვაწე და სახელმწიფო შეკვეთებზე მომუშავე კომპანიებს.
შედეგად, შემცირდება მოსახლეობის ფართო მასის მსყიდველობითუნარიანობა, რაც თითქმის ყველა სფეროზე აისახება. ამგვარ ვითარებაში მოსალოდნელია თითქმის ყველა კომპანიაში მოგებისა და ხელფასების შემცირება. 2008-2009 წლებში ამგვარ ვითარებას სამუშაო ადგილების შემცირება მოჰყვა. სავარაუდოდ, ასე მოხდება ამჯერადაც. უმუშევრობის მატება კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას და განმეორდება “მულტიპლიკატური ეფექტი”.
რადგან ენერგორესურსებზე მოდის რუსეთის შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი წილი, ნავთობის გაიაფებას რუბლის კურსის ვარდნა მოჰყვება. ეს კი, ცხადია, ინფლაციის ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მსყიდველობითუნარიანობის შემცირებამ ზოგიერთ სეგმენტში, შესაძლოა, ფასების კლებაც გამოიწვიოს. მაგალითად, 2008-2009 ამგვარი რამ დაფიქსირდა უძრავი ქონების ბაზარზე.
ყველაფერ ამასთან ერთად “კრიზისის ახალი ტალღისაგან” რუსულ საფონდო ბაზარზე სერიოზულ ვარდნას ელიან. მოკლედ, სახარბიელო სცენარი ნამდვილად არ არის. თუმცა, რუსი ეკონომისტები თავს იმით იმშვიდებენ, რომ იქნებ მალე ნავთობი ისევ გაძვირდეს. იქნებ ახლო აღმოსავლეთში ახალი კონფლიქტი დაიწყოს, ან “ოპეკის” ქვეყნებმა მოპოვების მოცულობა შეამცირონ. სხნის სხვა გზას ისინი ვერ ხედავენ.