ევროპულმა სტატისტიკურმა ბიურო Eurostat-მა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა. ანალიტიკოსთა უმრავლესობის მიერ ნაწინასწარმეტყველები რეცესიის გაგრძელება არ მოხდა, მაგრამ არც ზრდა გამოვიდა. Eurostat-ის მონაცემებით, ერთიანი ევროპული ვალუტის მიმოქცევის ზონაში 2012 წლის პირველ კვარტალში შიდა პროდუქტის მოცულობა გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით არ შეცვლილა. 2011 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი ევროს ზონის შიდა პროდუქტის მოცულობა 0,1 პროცენტით შემცირდა. საშუალოდ, ევროკავშირის შიდა პროდუქტის მოცულობა კვარტალური ათვლით ასევე არ შეცვლილა, წლიური ათვლით კი 0,1 პროცენტით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში ევროს ზონის ეკონომიკა წინა სამ თვესთან შედარებით 0,3 პროცენტით შემცირდა. თუმცა, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ხოლო წლის შედეგების მიხედვით მოკრძალებული, 1,4 პროცენტიანი ზრდა აჩვენა.
ამჯერადაც ევროს ზონამ სირცხვილი გერმანიის ხარჯზე არ ჭამა. ბებერი კონტინენტის პირველი ეკონომიკა 0,5 პროცენტით გაიზარდა, არადა, ანალიტიკოსები მხოლოდ 0,1 პროცენტიან მატებას ვარაუდობდნენ. რეგიონის მეორე ლოკომოტივი საფრანგეთი კი დამუხრუჭდა და გასული წლის ბოლო კვარტალთან შედარებით 0,2 პროცენტით შემცირდა.
მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 2011 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ყველაზე მეტად, 6,2 პროცენტით საბერძნეთის ეკონომიკა შემცირდა. ასევე ვერ ივარგა პორტუგალიამ (-2,2 პროცენტი), უნგრეთმა (-1,5 პროცენტი), ჩეხეთმა (-1 პროცენტი) და იტალიამ (-0,8 პროცენტი).
შედარებით უკეთ გამოიყურებიან ჩრდილოეთის ქვეყნები. კერძოდ, წლიური ათვლით ყველაზე მაღალი კვარტალური ზრდა აჩვენა ლატვიამ (+5,5 პროცენტი), ლიტვამ (+4,4 პროცენტი) და ესტონეთმა (+4 პროცენტი). აგრეთვე ივარგეს პოლონეთმა, ფინეთმა და შვედეთმა (სამივე +0,8 პროცენტი).
პარალელურად ექსპერტები კვლავ აგრძელებენ ევროს ზონას თავს დატეხილი უბედურების მიზეზების ძიებას. თავიანთი ვერსია გაავრცელეს Transparency International-ის სპეციალისტებმა. მათი აზრით, მთავარი დამნაშავე კორუფციაა. მართალია, აქამდე ითვლებოდა, რომ ცივილიზებული ევროპა ამ მოვლენას გაუმკლავდა, მაგრამ თურმე არა, როგორც ჩანს, კორუფცია მეტნაკლებად კვლავ არსებობს ბებერი კონტინენტის ყველა ქვეყანაში.
Transparency International-ის ანალიტიკოსთა აზრით, ფინანსური და საბიუჯეტო კრიზისი სწორედ კორუფციას უკავშირდება და ამის იგნორირება სირაქლემას პოზაში დადგომა იქნება. მათი თქმით, კორუფცია პირდაპირ კავშირშია ხაზინის შევსებასთან და იგი განსაკუთრებით იმ ქვეყნებში ყვავის, რომლებსაც ძალიან უჭირთ. მაგალითად, საბერძნეთში კორუფციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, დანიაში კი, რომელსაც შეუძლია კეთილდღეობით დაიკვეხნოს, ყველაზე დაბალი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კორუფციის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს დაუსჯელობის სინდრომი. იმავე საბერძნეთში რეალურად დაისაჯა კორუფციაში დადანაშაულებული ჩინოვნიკების 2 პროცენტი. პორტუგალიაში კი სასჯელის გამოტანით დასრულდა კორუფციასთან დაკავშირებით აღძრული საქმეების 5 პროცენტი.
მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანაში პირდაპირი მექრთამეობის შემთხვევა ერთეულია და მკაცრად ისჯება, კორუფცია მაინც ახერხებს მისთვის საჭირო ხვრელების პოვნას. Transparency International-ის ანალიტიკოსები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კერძო ბიზნესსა და სახელმწიფო სამსახურს შორის ე.წ. “მბრუნავი კარებების” არსებობას ასახელებენ. ამ ტერმინით მოიხსენიებენ სიტუაციას, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკები მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას ისე იქცევიან, თითქოს რომელიმე კომპანიის ტოპ-მენეჯერები იყვნენ. ანუ, თითქოს დამთხვევის გამო კერძო კომპანია ჩინოვნიკის გადაწყვეტილებით მშვენიერ მოგებას ნახავს, სახელმწიფო კი ზარალდება. მომავალში კი ეს ჩინოვნიკი ამ კომპანიაში მშვენიერ თანამდებობას იკავებს ხოლმე.
ექსპერტთა აზრით, ამგვარი “მბრუნავი კარებები” განსაკუთრებით გავრცელებული სამხრეთულ და მაფიოზურ ქვეყნებშია. იგი შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ჩინოვნიკების გადადგომის შემდეგ კერძო სექტორში დასაქმების გარკვეულწილად შეზღუდვით.
ასეა თუ ისე, დღეს ევროპას ძალიან უჭირს და მის სახსნელად მართლაც რომ ყველა საშუალება იქნება გამართლებული.