"ჩემი ამოცანაა, ჩვენ კარგად გვქონდეს გააზრებული, სად ვართ, რას ვაკეთებთ და რა უნდა გავაკეთოთ.
ახლა რასაც გეტყვით, ჯერ ეს არ იცის საზოგადოებამ, რადგან არსად გაგვიჟღერებია, რომ ჩვენ, თბილისის შესასვლელში დავიწყეთ სიმულაციური მედიცინის ცენტრის მშენებლობა. ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე ამერიკულ და ევროპულ სამედიცინო ფაკულტეტთან, რომ ეს სასწავლო გეგმა შედგეს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით და ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა უკლებლივ, მომავალ წელს იქნება თუ როცა იქნება, გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები," _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქობულეთში, ექიმებთან შეხვედრისას.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: "ამ შემთხვევაში, ყოველთვის ჩნდება კითხვა, _ ვინ გადაიხდის ფულს? პირდაპირ გეტყვით, რომ დღესაც კი "ჩემი ოჯახის კლინიკა" და "ჯეოჰოსპიტალიც", რომელსაც ყველაზე დიდი ქსელი აქვს საქართველოს მასშტაბით, უკვე ატრენინგებენ თავიანთ მედპერსონალს. მაგალითად, მე ზესტაფონში ვიყავი საავადმყოფოში და იქ დამხვდნენ ექთნები, რომლებსაც უსაიდ-ის პროგრამით უტარდებოდათ ტრენინგები. ტყიბულში დამხვდნენ ექთნები, რომლებსაც "ჩემი ოჯახის კლინიკა" ატრენინგებდათ. ანუ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ოღონდ სიმძლავრეები არ ყოფნის და არც ტრენერებია საკმარისი."
როგორც მინისტრმა განაცხადა, მათი მთავარი ამოცანაა, ეს სიმძლავრეები გაიზარდოს და სადაზღვევოებმა და ჰოსპიტალური მართვის კომპანიებმა გადაიხადონ თანხა ტრენინგების ჩასატარებლად.
მისი თქმით, ძალიან მძიმე საჯარიმო სანქციები იქნება გათვალისწინებული მძიმე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში. დაჯარიმდება საავადმყოფო, რაც ყველას ჯიბეზე აისახება.
"ჩემი მინისტრობის პირველ დღეს მოხდა ძალიან არასასიამოვნო ფაქტი. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, მედდას შეეშალა ხსნარი, რასაც შედეგად 2 წლის ბავშვის დაღუპვა მოყვა. ეს მოხდა თერჯოლის საავადმყოფოში. როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, თავისთავად საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემაზე უარყოფითი აზრი უჩნდება. მადლობა ღმერთს, ბოლო სამი თვის განმავლობაში ასეთი უხეში შეცდომა მედპერსონალისგან აღარ გვქონია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიდგეთ ჩვენი დარგის რეპუტაციისა და პრესტიჟის სადარაჯოზე. ძალიან ბევრგან მოვისმინე უკვე, რომ საზოგადოებაში მედპერსონალზე უარყოფითი აზრია შექმნილი და ეს გამოსასწორებელი გვაქვს ყველას ერთად.
მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა, მაგრამ უნდა მქონდეს გარანტია, რომ ჩემს უკან დგას კვალიფიციური მედპერსონალი. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება ყველასთან, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ყველაფერს, რათა საზოგადოების წინაშე ხმამაღლა შემეძლოს იმის თქმა, რომ ქართული ჯანდაცვა არის საუკეთესო.
საავადმყოფო, სადაც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი წყდება, უბრალოდ დასაქმების პუნქტი ვერ იქნება. შევთანხმდეთ, რომ კვალიფიკაცია უნდა იყოს მაღალი.
კონკრეტული ფაქტი ვიცი კონკრეტულ რაიონზე, როცა აღმოჩნდა, რომ 100 ექთნიდან მხოლოდ 4-მა იცოდა ვენაში შესვლა. რაიონს შეგნებულად არ ვასახელებ," _ განუცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ექიმებს.
მინისტრმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ იმ რაიონის ექიმებს არ ჰქონდათ პაციენტების ბრუნვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი პრაქტიკა.