"იმერეთი, ისევე როგორც მთელი საქართველო, ამჟამად არის ერთი დიდი დენთის კასრი, რომელიც სადაცაა აფეთქდება"

"10 ივნისის აქციამდე ორი დღით ადრე იმერეთის რაიონებში "ქართული ოცნების" აქტივისტების დაკითხვა მიმდინარეობს. კოალიციის ლიდერები რეგიონში სრული შემადგენლობით იმყოფებიან და ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის მასობრივ ტერორზე საუბრობენ. პარლამენტარ გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, აქციის დღეს იმერეთში ბენზინგასამართი სადგურების დახურვა და საქალაქთაშორისო ავტობუსების შეფერხება იგეგმება. უკანასკნელი 2 დღის მანძილზე პოლიციამ რეგიონში "ქართული ოცნების" 30-მდე აქტივისტი დაკითხა. ძალოვანები და კონტროლის პალატა ვარაუდობენ, რომ კოალიციის წევრები მოქალაქეებს აქციაზე მისვლის სანაცვლოდ მატერიალურ დაპირებებს აძლევდნენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ხალხის დაშინება, აქტივისტების დაკითხვები და ხმები სატრანსპორტო ბლოკადაზე / იმერეთი "ოცნების" აქციამდე ორი დღით ადრე.

"საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9" ავრცელებს კადრებს, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, სოლომონ ცქიფურიშვილის და პოლიციის თანამშრომლის საუბარია ჩაწერილი - იმ შემთხვევაში, თუ დაკითხვაზე დროზე არ გამოცხადდება, პოლიციელი მას იძულებით წაყვანით ემუქრება. "თერჯოალში, წყალტუბოში და ქუთაისში დაკითხეს 30-ზე მეტი ჩვენი მომხრე. ეს პროცესი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ როგორმე შეაფერხონ 10 ივნისის აქციის მომზადების პროცესი და როგორმე ხალხი დააშინონ. გუშინ, მაგალითად მთელი დღე თერჯოლის პოლიციის წინ გავატარე და მოსახლეობასთან შეხვედრებზე ვეღარ გავედი. უნდათ, ხალხი დააშინონ და აქციის ორგანიზებაში ხელი შეგვიშალონ. ორივე შედეგი მიუღწეველი იქნება სააკაშვილის და მერაბიშვილისთვის - პირიქით, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ფაქტები, ხალხი მით უფრო მობილიზებული იქნება და უფრო ბევრი მათგანი წამოვა ამ აქციაზე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტტან საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილი.

"მოსახლეობის დაშინების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი საკრებულოების და გამგეობების თანამშრომლები. რომელიმე სოფელში როგორც კი შეხვედრას გავმართავთ, მაშინვე იწყება იქ მოსული ადამიანების დაშინება და დამუშავება. ხონში რომ გვქონდა შეხვედრა იმ ადგილიდან 50 მეტრში იდგა საკრებულოს წევრი თავისი მანქანით და პროცესს აკვირდებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ რაც მოხდებოდა რომ წამოვედით. პოლიციაში დაიბარეს ჩვენი აქტივისტები 4 რაიონიდან. პოლიცია მათ ეკითხებოდა, ხომ არ სთავაზობთ მოსახლეობას მტვერსასრუტს, უთოს, ტელევიზორს და სარეცხ მანქანასო... ადამიანების დაშინებისთვის ყველა მისაღებ თუ მიუღებელ მეთოდს იყენებენ, გვაქვს ინფორმაცია, რომ ხურავენ ბენზინგასამართ სადგურებს, რომ ხალხმა საწვავი არ ჩაისხას და აქციაზე არ წავიდეს. ასევე აპირებენ მიკროავტორუსების გაჩერებას, რომ რაიონებიდან ხალხი ვერ ჩამოვიდეს ქუთაისში, მაგრამ მთელ იმერეთში ისეთი განწყობაა, რომ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ხალხი უკიდურესად გაღიზიანებული და გაჭირვებულია, ბედის ანაბარა არიან მიტოვებულები. იმერეთი, ისევე როგორც მთელი საქართველო, ამჟამად არის ერთი დიდი დენთის კასრი, რომელიც სადაცაა აფეთქდება", - დასძენს გიორგი ცაგარეიშვილი.

"ჩვენი აქტივისტების პოლიციაში დაბარებით ცდილობენ, ყურადღება გადაგვატანინონ და ხელი შეგვიშალონ 10 ივნისის აქციის ორგანიზებაში. სოფლებში დადიან და და ვისაც მანქანები ჰყავს ეუბნებიან, აქციაზე არ წახვიდეთ, თორემ პრობლემები შეგექმნებათო. პოლიცია და კონტროლის პალატა მხოლოდ "ქართული ოცნების" საქმიანობით ინტერესდება და გამოძიებას იმ აბსურდულ მიზეზებზე იწყებს, თუ ვინ რა სურვილი ჩაწერა ჩვენ მიერ დარიგებულ ბარათებში, ხელისუფლებას კი პასუხს არავინ თხოვს - თერჯოლის სოფლებში რამდენიმე თვეა საარჩევნო კამპანიას აწარმოებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ბუცხრიკიძე, რომელის რაიონის მაჟორიტარობას აპირებს. რაიონში ამოყვანილი ჰყავს თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალი და მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, ასევე წამლებს უფასოდ ურიგებდნენ - ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" ღერჯოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოფიო ბუსკივაძე.

"ბენზინგასამართი სადგურები და ტრანსპორტი ხომ კერძოა, ვინ უნდა შეაფერხოს?! აბსურდია. იმერეთში დაშინებული და ზეწოლის ქვეშ არავინ არის, მე ასეთი არავინ მინახავს. მათი მხრიდან ეს პოლიტიკური განცხადებებია და თავდაცვის ინსტინქტიდან გამომდინარე ამბობენ ამას. ის რომ საჯარო მოხელეები "ქართული ოცნების" შეხვედრების შემდეგ დადიან და ხალხს აშინებენ, არის აბსოლუტური ტყუილი", - აცხადებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ზეინაბ ხაჩიძე.

"კოალიციას" უკავშირდებიან მოქალაქეები და ატყობინებენ ანონიმური სატელეფონო ზარების შესახებ, რომლითაც მათ ეპატიჟებიან "ქართული ოცნების" ოფისში ვითომდა საჩუქრების მისაღებად. კოალიცია აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი ბინძური პროვოკაცია, ნაწილი ერთი დიდი გეგმისა, რომელიც მან ქუთაისში წამოიწყო და რომლის მიზანიც "ქართული ოცნების" დისკრედიტაციაა. კოალიცია მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვეს ხელისუფლების დაგეგმილ პროვოკაციას. კოალიცია მიმართავს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტებით და მოახდინოს სათანადო რეაგირება", - ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ ქუთაისში დაგეგმილ აქცისთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში", - წერს სტატიის ავტორი.