ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე საყვარელი შადრევნის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები უკვე რამდენიმე თვეა, კუთვნილი ხელფასის მოლოდინში არიან. სამუშაოების შესრულების შემდეგ ხელფასის მრავალთვიანი ლოდინი ქუთაისში უკვე ტრადიციად იქცა.
მამუკა მღვდელაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი, ახალი მემარჯვენე: - შადრევნის მშენებლობაზე 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. უკვე რამდენიმე თვეა, ხელფასი არავისთვის მიუციათ. თითოეულს 1.000 ლარზე მეტი აქვს ასაღები და სააღდგომოდ მხოლოდ 100-100 ლარი დაურიგეს ავანსის სახით, რომელიც ოჯახებში არც მიუტანიათ, იქვე, მაღაზიებიდან აღებულ ნისიებში გადაიხადეს. საინტერესოა, თუ სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და ამიტომ არ აძლევენ მუშებს ხელფასს, მაშინ ადგნენ და სამშენებლო ფირმას მოსთხოვონ პასუხი.
- "ღამეებს ვათევდით, რომ სწრაფად და ხარისხიანად დაგვესრულებინა შადრევნის მშენებლობა. ჩემი ოჯახიდან სამნი ვმუშაობდით: მე, ჩემი შვილი და სიძე, თუმცა ხელფასი ვერც ერთმა ავიღეთ. ასეთი რამ არ მესმის: თუ მამუშავებ, კეთილი ინებე და ხელფასიც გადამიხადე! ჩემს შვილს 600 ლარი აქვს ასაღები, სიძეს - 1.800. ფირმაში მეუბნებიან, მერიას არ გადმოურიცხავსო, მერიაში - პასუხს არ მცემენ, როგორ მოვიქცე, არ ვიცი", - ამბობს ხელფასის ამაო ლოდინით შეწუხებული ვახტანგ ბერეკაშვილი.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კეთილმოწყობის სამუშაოებს სამშენებლო ფირმა "მშენებელი 2011" აწარმოებს. ამ ფირმის სამუშაოთა მწარმოებელ ლევან ჭანტურიას "ყველა სიახლის" კორესპონდენტი ტელეფონზე ესაუბრა: - ბოლო საანგარიშო პერიოდის გარდა მუშებს ყველა თანხა აღებული აქვთ, დაახლოებით ერთი თვის ხელფასი აქვთ ასაღები და ამასაც აუცილებლად გადავუხდით, როცა ბოლო სამუშაოების კალკულაცია მოხდება. გამიჭირდება თქმა, როდის გადაეცემა მუშებს კუთვნილი თანხა, თუმცა, აუცილებლად რომ მიიღებენ, ცხადია.
ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილიც დარწმუნებულია, რომ მუშები ხელფასს მალე მიიღებენ: "როგორც გავიგე, მუშებს ერთი თვის ხელფასი აქვთ ასაღები. "მშენებელი 2011" სახელმწიფო ფირმაა და ისინი არავისგან არაფერს შეირჩენენ, ეს გამორიცხულია!"
P.S. ქუთაისელ მუშებს ისღა დარჩენიათ, ირწმუნონ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბოლო ხანს დამკვიდრებული ტრადიცია დაირღვევა და უახლოეს ხანში კუთვნილ ხელფასს მიიღებენ.