არ არის გამორიცხული, ხელისუფლება თვითშემოქმედებაზეა გადასული

არ არის გამორიცხული, ხელისუფლება თვითშემოქმედებაზეა გადასული

როგორ აისახა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ქუთაისში "ქართული ოცნების" დაგეგმილი აქციის წინა დღეებში კოალიციის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტების დაკავება და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი 10 ივნისისთვის ქუთაისში დაგეგმილი აქცია როგორც "ქართული ოცნებისთვის", ისე ხელისუფლებისთვის, "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის საქართველოდან გამგზავრების მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია რეგიონებში პოლიტიკურ აქტივისტებზე ზეწოლაზე, გააქტიურდა კონტროლის პალატა და "ქართული ოცნების" ლიდერი სამართალდარღვევის სუბიექტად განსაზღვრა. ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ დააჯარიმა "სტერეო პლიუსის" დამფუძნებელი დავით ზილფინიანი. ასევე, მიკროავტობუსების მგზავრებს რადიოების მოსმენის საშუალება აღარ ექნებათ და მათ მხოლოდ სარეკლამო კლიპების ნახვა და მოსმენა მოუწევთ. ქუთაისში ამომრჩევლების მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს "ქართული ოცნების" აქტივისტები. თქვენი აზრით, რა ხდება?
- რა ხდება? თქვენ ისევე კითხულობთ, როგორც ყველა ჩვენგანი, რამდენადაც პასუხი არავის არა გვაქვს. შემიძლია რამდენიმე ვერსია გამოვთქვა იმის თაობაზე, თუ რა ხდება. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს საზოგადოებაში უკვე გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას საჯაროდ განაცხადა ერთი, ხოლო კულუარებში სხვა რამ ითქვა. ანუ, მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლებას და ხელისუფლებამ ამ კურსის დაუყოვნებლივ განხორციელება დაიწყო. ეს ყველაზე მარტივი ვარიანტია იმისა, თუ რა ხდება.

თუმც, ძალიან საეჭვოა იმ რანგის პოლიტიკურ მოღვაწეს, როგორიც ქალბატონი ჰილარი კლინტონია, ასე ეიაფებოდეს საჯაროდ ნათქვამი და საკუთარ სიტყვებს სწირავდეს იმას, რომ მისადმი და საერთოდ, ამერიკული მხარისადმი ნდობა საქართველოში გაქრეს. მით უმეტეს, როცა ეს მარტო კლინტონს არ ეხება და ეხება მის მოადგილეს, რომელმაც თავისი პოზიცია არაორაზროვნად გამოთქვა.

არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლება თვითშემოქმედებაზეა გადასული და განწყობილებების მობილიზაციას იგივე შიშის, ანაც სამართლებრივი დევნის ხარჯზე მანამდე ეცდება, სანამ ამერიკული მხარე გონს მოეგება. ამ ორი ვარიანტიდან რომელია მართალი, ამაზე უახლოეს ხანებში ამერიკული მხარის რეაქცია გვიჩვენებს. თუკი აშშ-ს საელჩომ იმაზე, რაც საქართველოში საარჩევნო პროცესის ფარგლებში ხდება, რეაგირება არ მოახდინა, მაშინ გამოვა, რომ ყველაფერი ამერიკული მხარის სანქციით ხდება. თუ საელჩომ კრიტიკულად არ შეაფასა ის იმას, რაც დემოკრატიის განვითარებას საქართველოში ხელს დიდად არ უწყობს, გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ამერიკულ სიტყვას დიდი ჭრა არა აქვს.

- თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ მიხიელ სააკაშვილის მიერ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანდასწრებით გაკეთებულ განცხადებას - ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება, რომ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. ეს განცხადება მხოლოდ ჰილარი კლინტონის გასაგონად იყო ნათქვამი?
- მე არ მახსენდება პოლიტიკოსი, სტალინის ჩათვლით, რომელიც არ ამბობდა, რომ ხელისუფლებას მიზნად არა აქვს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენს კონტექსტში ეს ნიშნავს შემდეგს - ხელისუფლება ეცდება, რომ დასავლეთი დაიყოლიოს ერთის მხრივ იმ ვერსიაზე, რაც არჩევნებზე იქნება, მეორე მხრივ არჩევნების ისეთი სცენარი შეარჩიოს, რომელზეც დასავლეთი დაყაბულდება, ანუ ორივე პოლუსი ერთმანეთისკენ გადაქაჩოს და ამ გზით მიიღოს ოპტიმუმი, რომელიც გამოითქმება ფორმულით - არც მწვადი დაიწვა და არც შამფური. ანუ, დასავლეთმა თავისი სახე შეინარჩუნოს, ხოლო ხელისუფლებამ არჩევნებზე თავისი გაიტანოს. თუ იმ ხარისხით არა, რა ხარისხითაც სასურველი იქნებოდა მისთვის, ისე მაინც, როგორც უფრო აწყობს. ანუ მოძებნოს ის დონე არჩევნებზე ზემოქმედებისა, რომელიც დასავლეთისთვის დასაშვებია.

- ბევრმა ექსპერტმა მიაქცია ყურადღება არჩევნების მიმდინარეობისას რუსეთის ჩარევის შესაძლებლობაზე კლინტონის შემდეგ განცხადებას - საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის არჩევნები და არა რუსეთის სამხედრო წვრთნები. თქვენი აზრით, რისი თქმა სურდა ამ განცხადებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ან თქვენ როგორ გაიგეთ მისი ეს ნათქვამი?
- მომეჩვენა, რომ ამ სიტყვების აზრი ასეთი იყო - თქვენი თავდაცვა, თქვენი დემოკრატიული არჩევნებია. რა იგულისხმა ამ შინაარსის იქით ქალბატონმა კლინტონმა, ძნელი სათქმელია. მაგრამ უნებლიეთ გახსენდება ის ვერსია, რომელიც ქართულ საექსპერტო წრეებში იყო. შესაძლოა, ხელისუფლება ამუშავებს იმ იდეას, რომ იქნება გამოსვლები და შემდეგ რუსეთი ხალხის პროტესტის მხარდასაჭერად საქართველოში შემოვა. გახსოვთ, მოვლენათა განვითარების ანალოგიური სცენარი წარმოდგენილი იყო "იმედის" ცნობილ "ქრონიკაში." ახლაც ისმის, რომ ოქტომბერში მოსალოდნელია რუსეთის გააქტიურება. შესაძლოა, ის სცენარია ახლა გადმოტანილი ამ რეალობაში. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს საუბრები არა მხოლოდ კულუარებში იყოს.

თუკი ასეთ სცენარზეა საუბარი, მაშინ არის ლოგიკა იმაში, რომ ითქვას - უსამართლობის გრძნობას ნუ გაუჩენ ადამიანებს და ასეთ შემთხვევაში არც ქუჩაში გამოვა ვინმე და არც მათ დასახმარებლად არავინ აისხამს იარაღს. კლინტონმა ამ ვერსიას კი არ უპასუხა, ეს ჩვენ, როგორც ტელევიზორის მაყურებლებს გვახსენდება. მაგრამ ამ ვერსიასთან პასუხშიც ჩნდება ფორმულაც, თუ რატომ არის დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტია.

- თქვენ რას უკავშირებთ ქუთაისში ამომრჩევლების მოსყიდვის ბრალდებით "ქართული ოცნების" აქტივისტების დაკავებას?
- საქართველოში ანალოგიური ბარათები ათასობით ადამიანზე ისე დარიგდა და აიკრიფა კიდეც, რომ ანალოგური პრეცედენტი არ მომხდარა. თუ აქამდე ამხელა ფილტრში გამოვლილმა პროცესმა არც ერთი ხინჯი არ გააჩინა, რატომ გაჩნდა მაინცდამაინც ქუთაისში? მიჭირს იმის თქმა, ვის დავალებას ასრულებდა ახალგაზრდების ეს ჯგუფი, მაგრამ გამორიცხული არაფერი არაა. ეჭვს ბადებს ისიც, რომ ამ ახალგაზრდებს ქუჩაში "რუსთავის 2"-ის ჟურნალისტები მიადგნენ. ანუ, სატელევიოზიო არტელერიამაც იმავე მიმართულებით გაისროლა, რა ბრალდებების "ქართული ოცნებისათვის" წაყენებას ხელისუფლება მუდმივად ცდილობს.

- აშკარაა, ხელისუფლებას სულაც არ სურს, რომ ქუთაისში 10 ივნისისათვის დაგეგმილი "ქართული ოცნების" აქცია ისეთივე ხალხმრავალი აღმოჩნდეს, როგორც ეს 27 მაისს თბილისში იყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას "ქართული ოცნების" რეგიონებში სვლის შეჩერება ქუთაისში აქვს დაგეგმილი. ...
- რა თქმა უნდა, რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ის განწყობილება, რაც 27 მაისს თბილისში იყო. ვგულისხმობ საკუთარი ძალის იმ მშვიდ შეგრძნებას, რომელიც 27 მაისს შეკრებილ ხალხს ჰქონდა. ანალოგიური აქციის ამავე მუხტით ქუთაისში გამართვა ხელისუფლებისთვის ნიშანი იქნება იმისა, რომ, ზოგადად ოპოზიციური თბილისი, რომელიც ისედაც ოპოზიციური იყო, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე გამონაკლისი არაა. თუ თბილისს მხარს რეგიონებიც აუბამენ, ეს უკვე ახალი მოვლენა იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე მთლიანად პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ხელისუფლებისთვის ასეთი პრეცედენტის დაშვება იდეოლოგიურადაა რთული. ვინაიდან, მაშინ საზოგადოებაში გაჩნდება აზრი, რომ ქვეყანაში რაღაც ისეთი ხდება, რაც მანამდე არ მომხდარა და ამ განსხვავებულ პროცესს განსხვავებული შედეგი ექნება. ადრე თბილისს იქეთ პროტესტი არ გადიოდა. ახლა თუ თბილისის იქით დაინახეს, რომ საპროტესტო განწყობილება არანაკლებ ძლიერია, მაშინ საზოგადოებაში გაჩნდება იმის მოლოდინი, რომ არჩვნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ეს მოლოდინი კი, ხელისუფლებისთვის ყველაზე სახიფათოა.

ამიტომაცაა, რომ ახლა ამგვარი მოლოდინის გაჩენის წინააღმდეგ მიმდინარეობს ძალიან ძლიერი ბრძოლა. მოლოდინის გაჩენა იმიტომაც არის სახიფათო ხელისუფლებისათვის, რომ ის შეიძლება გაჩნდეს არა მხოლოდ მათში, ვინც დღეს ივანიშვილს უჭერს მხარს, არამედ მათშიც, ვინც დღეს სააკაშვილის მხარდამჭერია. ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტად სახიფათო ამ კატეგორიის ადამიანებში გაჩენილი მოლოდინია.