ფოთში ინდუსტრიული ზონა მთავრობასთან ერთად, უკვე თიზ-ის ადგილობრივმა მენეჯმეტმაც გამოიტირა. ბოლო იმედი ირანული კომპანია იყო, მაგრამ ფოთის ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტში ირანული კომპანიის შესვლა აღარ განიხილება.
ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტის წარმომადგენლის სოსო ნიბლაძის თქმით, მოლაპარაკებები ირანულ მხარესთან იყო, თუმცა ამ დროისთვის ამაზე საუბარი აღარ არის. მისივე განმარტებით, ინდუსტრიული ზონა ღიაა ინვესტორების შემოთავაზებებისთვის, მაგრამ ამ დროისთვის რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან მოლაპარაკებები არ არის და ზონის განვითარებას არსებული მენეჯმენტი საკუთარი ძალებით ახდენს. თავისუფალი ინდუსტრიულ ზონაში აცხადებენ, რომ ზონის ლიცენზიანტი ამ დროისთვის 135 კომპანიაა.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი 2007 წელს გამოვიდა. აგერ უკვე 5 წელიწადია მთელი ქვეყნის ამშენებელმა ზონამ საკუთრივ მისთვის მოზომილი ტერიტორიაც ვერ აითვისა. ამ ეტაპზე ფოთში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ფოთის თიზ-ში მუშაობდეს, არადა პრეზიდენტის დაქადნებით, ამ დროისათვის იქ 20 ათასი ფოთელი უნდა იყოს დასაქმებული.
ბოლო პერიოდში ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტი არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო ხელისუფლებამ არაერთხელ გააკრიტიკა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ წურწუმიას განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ფოთის ინდუსტრიული ზონის განვითარება შეფერხდა და ამ დროისთვის პროგნოზირებად შედეგს 50%-ით ჩამორჩება. როდის და როგორ მოხერხდება დაკარგული პოზიციების დაბრუნება დეპუტატი ვერ აკონკრეტებს.
ექსპერტების აზრით, ზონებმა ვერ გაამართლეს იმედები ვერც ხარისხობრი და ვერც რაოდენობრივი მაჩვენებლებით. ისინი განვითარების დაგეგმილ ფაზებს საგრძნობლად ჩამორჩებიან. ექსპერტ დავით ნარმანიას აზრით, ამის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები არსებობს და ისინი შესაძლოა სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს.
პირველ რიგში, ინვესტორები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ფულის ჩადებისას ძალიან ფრთხილობენ, რადგან ორივე ზონა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან ახლოსაა.
მეორე არის ის, რომ საქართველოს არა აქვს ისეთი საკვანძო გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც განსაკუთრებულად იმოქმედებდა ზონების განვითარებაზე. ინვესტორებისათვის, რომლებიც დიდი მოცულობის ტვირთების შემოტანა-გადამუშავება-გატანით არიან დაკავებულნი, საქართველოს და მთლინად რეგიონს არ მოიაზრებენ ისეთ დიდ ბაზრებად როგორიც სინგაპური და ჰონგ-კონგია, შესაბამისად, ზონებში სერიოზული და დიდი ინვესტიციები არ შედის.
მესამე ფაქტორი, რომელიც თიზ-ების განვითარების შემაფარხებელ ფაქტორად მიიჩნევა, არის ის, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით არამდგრადი ბიზნეს გარემოა შექმნილი.
ერთი თვის წინათ მთავრობა მკვდარი თიზ-ების გაცოცხლებას კანონის შეცვლით შეეცადა. «თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ» კანონში ცვლილებაც უკვე შევიდა. ხელისუფლებამ ინვესტორების მოსაზიდად თიზ-ში შესული ყველა საწარმო გაათავისუფლა მოგების გადასახადისაგან. თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. ჯერჯერობით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ინდუსტირული ზონა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება.