"მადლობა ღმერთს, შევცდი!"

"ჩემსა და ივანიშვილს შორის არ არის რამე საკითხი - აინტერესებდა, ხომ არ მეგონა, რომ მისი ბიზნესი უკანონოა - ვუპასუხე, რომ ამაში ეჭვი არ შემიტანია. რაც შეეხება პოლიტიკაში მის მოსვლას - დიახ, მეგონა, რომ მარტო აპირებდა ბრძოლას. მადლობა ღმერთს, შევცდი! ის აღმოჩნდა ათასჯერ ბრძენი კაცი, ვიდრე წარმომედგინა. ნუ ეწყინება, მაგრამ არ ველოდი, რომ იქნებოდა ლიბერალი, შეკრავდა ოპოზიციის სერიოზულ ნაწილს, პროდასავლურ ძალებზე გააკეთებდა სწორებას, უხერხულ კითხვებს ვაჟკაცურად უპასუხებდა. ჩანს, ის არაა ტიპური მილიარდერი", - აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მადლობა ღმერთს, შევცდი!"

"მისი სიკეთის შესახებ ვიცოდი, მაინც ეჭვის თვალით ვუყურებდი პოლიტიკაში ბიზნესმენის შემოსვლას, მაგრამ სხვა კაცი აღმოჩნდა. სხვა აქცენტები დასვა, ძალები გააერთიანა. რაც შეეხება კითხვას, რომ არ გააერთიანა სრულიად ოპოზიცია - ეს რადგან კუკავა არაა ჩვენს რიგებში? კუკავა იყო შესანიშნავი პარლამენტარი. იმედია, იქნება კიდეც, მაგრამ ონიშჩენკოს მეგობრები რატომ უნდა დამდგარიყვნენ ჩვენ გვერდით? გვექნება კოორდინაცია ყველასთან. როცა ყველა ერთიანდება, მაშინ ვაგებთ. გაერთიანებას აქვს თავისი ზომა, პრინციპი. დიახ, ალასანიას მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო მმართველობა სჯობს, ჩვენ საპარლამენტო გვირჩევნია - ამაზე შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, სამაგიეროდ, გვაქვს დეკლარირებული: გვინდა ნატო, ევროკავშირი, ბიზნესისა და მედიის გათავისუფლება, სოფლის მეურნეობის გაძლიერება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტტან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი და შეკითხვას - "ამაზე დიდი ხანია გამყრელიძე საუბრობს, არც ბურჯანაძეა წინააღმდეგი", - პასუხობს:

"გამყრელიძესთან არ ყოფილა ლაპარაკი, რადგან ზოგი დააკვირდა მის გასვლას "რვიანიდან", არც მას ჰქონია სურვილი კოალიციაში ყოფნისა. ბურჯანაძეს ნატო არ მიაჩნია პრიორიტეტად, რადგან რუსეთს აღიზიანებს. არჩევნებიც არ მიაჩნდა პრიორიტეტად. პირადად მასზე ცუდს ვერ მათქმევინებთ, მაგრამ პუტინთან შეხვედრები შეუთავსებელია ჩვენს მიზნებთან".

"ამბობენ, რესპუბლიკელები ბლოკავენ კოალიციაში ვიღაცებსო - მაგის ძალა არ გვაქვს, სამაგიეროდ, ფენომენალური პარტია ვართ - არ ვიშლებით და თავმჯდომარესაც ვცვლით - შალვა ნათელაშვილი კი იყო, არის და იქნება პარტიის თავმჯდომარე. რაც შეეხება მის პოლიტიკიდან წასვლას, ნათელაშვილი ყველაზე მეტად გამწარებულია - მისი ელექტორატი შეისრუტა ივანიშვილმა. ეს ჩვენი ბრალი არაა - შალვას მომხრეებს რესპუბლიკელები არ მოვწონვართ, მაგრამ მოსწონთ ივანიშვილი. შალვა განაწყენებულია, მძიმე სიტყვებს ამბობს. პატარა შალვები კი გასცდნენ ზღვარს, დაწვეს ხიდები, ამიტომ გაჭირდება გუგავასთან თანამშრომლობა. სხვებთან კი თუნდაც მაჟორიტარებზე ვილაპარაკებთ. თუ ძლიერი კანდიდატი ჰყავს ბურჯანაძეს, სუსტს არ ჩავისვამთ. მოლაპარაკება ყველგან ვერ შედგება, გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"რა თქმა უნდა, ივანიშვილი სააკაშვილის ერთადერთი მეტოქეა - გამყრელიძეს ეჩვენება, რომ ასე არაა. მუნჯ ფილმებში, როცა ვერ გვეუბნებოდნენ, რომ სიზმარია, იწერებოდა: ეს მას ესიზმრება. გამყრელიძეს ეჩვენება. ჩვენ გავიმარჯვებთ - ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ არჩევნებამდე ჩვენი უპირატესობა გაიზრდება, მათი მხარდაჭერა შემცირდება. რეიტინგზე ჰაერიდან არ ვლაპარაკობ - ჰაერიდან გველაპარაკება ბატონი წიკლაური. წიკლაურს არ ვერჩი, წიკლაური და ორი წიგნის წამკითხველი კაცი მირჩევნია, პარლამენტში რომ სიდედრების საყვარლები და ყოფილი მძღოლები სხედან. წიკლაურს გამომცემლობასთან ჰქონდა საქმე და რაღაცაზე საერთო ენას მოვძებნიდით - მე შევიყვანდი პარლამენტში, მაგრამ ამათ აღარ სჭირდებათ წიკლაური - გამოიყენეს და გადააგდებენ. მათ ახლა კუდ-ისა და სოდ-ის ოფიცრები სჭირდებათ. წიკლაურებს აღარ ენდობიან ისევე, როგორც თავის მაჟორიტარებს და ეს ჩვენი რეზერვია. "ნაცმოძრაობა" უმცირესობაში სულ სხვა სახეებით მოგვევლინება - მაგრამ არც ერთი მაჟორიტარი არ დარჩება უმცირესობაში", - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.