ფერო - ზესტაფონის ფარი და ეკოლოგიის მახვილი

ფერო - ზესტაფონის ფარი და ეკოლოგიის მახვილი

ფეროშენადნობი ქარხანა ზესტაფონში ერთადერთი მსხვილი საწარმოა, რომელსაც ადგილობრივები იმედის თვალით უცქერიან. ამავე დროს ფერო ეკოლოგიურად ყველაზე საშიში ქარხანაა, რომელიც გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ეკოლოგები დრო და დრო ფეროს წინააღმდეგ ილაშქრებენ, თუმცა პრობლემის გადაჭრა მაინც ვერ ხერხდება.

ამჯერადაც ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნიდან მავნე ნივთიერებები ჰაერში ისევ იფრქვევა. “მწვანეთა მოძრაობის” ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის განცხადებით, როგორც ჩანს, კომპანია დენს უფრთხილდება და ფილტრებს არ რთავს. “დღეს ჰაერში მავნე ნივთიერებები ისევ გაიფრქვა, ქარხნის ხელმძღვანელობა აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ზესტაფონში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს.  ფილტრებმა რომ იმუშაოს დენია საჭირო, როგორც ჩანს ქარხნის მფლობელები დენს ზოგავენ და ფილტრებს არ რთავენ”, - ამბობს ნინო ჩხობაძე. მისი თქმით, დაბინჯურებული ჰაერის გამო ზესტაფონში მჟავე წვიმაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას.

საინიციატივო ჯგუფი “გადავარჩინოთ ზესტაფონი” ფეროშენადნობთა ქარხანაში გამწოვი ფილტრების დაყენებას დიდი ხანია ითხოვს. ქარხნის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ფილტრები 5 მაისიდან დააყენა, თუმცა ფაქტი ერთი - მავნე ნივთიერებებით ზესტაფონი ისევ ბინძურდება.

“გადაარჩინე ზესტაფონის” წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი და ჯანსაღი ზესტაფონის” ხელმძღვანელი მამუკა მახათაძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ მისცა პირობა, რომ შეიძენდნენ აირსაწინააღმდეგო ფილტრებს და მათ 10 მაისამდე დაამონტაჟებდნენ.

ზესტაფონი უკვე წლებია ეკოლოგიური კატასტროფის ზონად იქცა.  ყოველწლიურად მატულობს სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი.  მხოლოდ 2011 წელს რაიონში სიმსივნით დაავადების 1133 შემთხვევა დაფიქსირდა.

ზესტაფონის რაიონში დაბინძურებული გარემო წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა. სპეციალისტების განცხადებით, ეს შედეგია იმისა, რომ საფილტრე სისტემები არ მუშაობდა. ფილტრები, რომლებიც იქ დგას, დამზადებულია ისეთი თბომასალისგან, რომელიც მაღალეფექტური არ არის. აქედან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონში ყურძენი, ხილი და წყალიც კი საშიშია და დაბინძურებულია.

სპეციალისტების განცხადებით, მანგანუმი პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ტვინზე, ფსიქიკასა და ძვლოვან სისტემაზე. ასევე, სილიკომანგანუმის მტვერი უარყოფითად მოქმედებს სისხლ-ძარღვებზე და ასთმურ მოვლენებს იწვევს.

“მრეწველობა უნდა განვითარდეს, მაგრამ აუცილებელია, გამწმენდი სისტემა დაიდგას, რათა მცირე მიკროსკოპული მტვრის სახით მავნე ნივთიერების ჰაერში გატყორცნა არ მოხდეს. ამიტომ უნდა მოხდეს მისი დაჭერა, რაც შეიძლება მეორადი ნედლეულის სახით გამოიყენონ კიდეც”, - ამბობენ სპეციალისტები.

გარემოსდამცავი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომლის მთავარი ინჟინრის ვასილ გველესიანის თქმით, ადგილი აქვს გაუგებრობას, რადგანაც თვითმხილველებმა მე-4 საამქროდან ამოსული წყლის ორთქლი ტოქსიკურ გამონაბოლქვად მიიღეს:

“იმ პერიოდში, რასაც ის ასახელებდა, მოხდა თხევადი წიდების ჩამოსხმა წყალში (ასეთი ტექნოლოგიური პროცესია) და აქედან წარმოიქმნა წყლის ორთქლი, რომელიც თავისი წონის ანდა ტემპერატურის გამო “გარბის” ზემოთ”, - ამბობს ვასილ გველსიანი.

ქარხნის მმართველმა კომპანიამ “ჯორჯიან მანგანეზმა”, ეჭვების გაფანტვის მიზნით, ასევე გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია:

“4 ივნისს, 12:00 საათზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში არც ერთ მწარმოებელ საამქროში ტექნოლოგიური ციკლი არ დარღვეულა და არც ერთი გაზგამწმენდი მოწყობილობიდან ზალპურ გაფრქვევას ადგილი არ ჰქონია”.

ქარხანაში დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ფილტრების დაყენებით გარემოზე მიყენებული ზიანი მინიმალური იქნება.  ვასილ გველესიანის თქმით, ატოსფეროში მოხვდება მაქსიმალურად გაწმენდილი აირი: “თუმცა ბახმაროს ჰაერს, რა თქმა უნდა, ვერ შევქმნით, მაგრამ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს კი დააკმაყოფილებს”.

გარდა ამისა, ნინო ჩხობაძე კომპანიას უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების შემოტანაშიც დებს ბრალს.  “ჯორჯიან მანგანუმ ლიმითედს” ნედლეული მაროკოდან შემოაქვს, რომელშიც გოგირდის შემცველობა არის ძალიან მაღალი.

იგივეს ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძეც:  “შემოაქვთ არასერტიფიცირებული მანგანუმი მაროკოდან, იმდენად უხარისხო, რომ არც ერთი ევროპული ქარხანა არ იყენებს. ეს, ფაქტობრივად, ნაგავი შეიცავს დიდი რაოდენობით ტყვიას, რაც ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის”.