27 მაისს “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია დაიწყო _ ამ დღეს ქუჩაში, მინიმუმ, 200 ათასი ადამიანი გამოვიდა. მართალია, არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი, მაგრამ ამ და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შემოდგომაზე გადამწყვეტი ბრძოლა “ნაციონალებსა” და “ქართულ ოცნებას” შორის გაიმართება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კულუარებში ე.წ. მესამე ცენტრზეც ლაპარაკობენ, რომლის ავანგარდშიც, სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძე და პრორუსულ ძალებად სახელდებული სხვა მცირერიცხოვანი პარტიები იდგებიან. რა გადანაწილება მოხდება არჩევნებამდე პოლიტიკურ რუკაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს მმართველი ძალა ხელისუფლების შესანარჩუნებლად და როგორი პარლამენტი გვექნება არჩევნების შემდეგ? _ ამ თემებზე “ქართული სიტყვა” პოლიტიკურ ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
_ ბატონო რამაზ, 27 მაისის მიტინგის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დამატებით რა შესაძლებლობები გამოიკვეთა?
_ ის გამოიკვეთა, რაც პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: მას მხარს ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს, თან _ ძალიან აქტიურად, ანუ მიტინგში მონაწილეობა უსაფრთხო არ იყო და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ ხალხმა ეს სარისკო ნაბიჯი მაინც გადადგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს ივანიშვილის მხარდაჭერა ბევრი რამის ფასად უღირთ. ასეთი თავდადებული მხარდამჭერების ყოლა კი, ყველა პოლიტიკოსისთვის შესაშურია.
გარდა ამისა, ისიც გამოიკვეთა, რომ ივანიშვილსა და მის გუნდს ხალხის დიდი მასის მობილიზება შეუძლია, რაც ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ზეწოლის პირობებში, საკმაოდ რთულია. 27 მაისის მიტინგი ორგანიზებულად ჩატარდა და ისიც ხაზგასმით გამოიკვეთა, რომ ივანიშვილს მიტინგის ცივილურად წარმართვა შეუძლია. ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ მიტინგის თემა საარჩევნო კამპანიის დაწყება იყო და “თავისუფლების მოედანზე” შეკრებილი საზოგადოება ამ თემის იქით არ წასულა და აქცია, როგორც წინასწარ იყო გაწერილი, ორ საათში დაიშლა. ეს ქართული მიტინგოლოგიის ისტორიაში უპრეცედენო მოვლენა გახლდათ.
_ ამ ფონზე, სააკაშვილის მხრიდან რას უნდა ველოდოთ?
_ სააკაშვილის მხრიდან, კონტროლის პალატის მეშვეობით, ძლიერი ზეწოლა გაგრძელდება. ასევე, არ გამოვრიცხავ პროკურატურისა და “ზონდერ ბრიგადების” გამოყენებას. პარლამენტიც, პრაქტიკულად, ზეწოლის ინსტრუმენტი გახდა.
_ პარლამენტს საზაფხულო არდადაგები ეწყება და ხელისუფლება ზეწოლის ინსტრუმენტად როგორღა გამოიყენებს?
_ პარლამენტს ასე ადვილად ნუ გამოვემშვიდობებით _ თუკი დასჭირდა, სააკაშვილი უმრავლესობის მობილიზაციას მოახდენს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დანიშნავს და რაც უნდა, იმას მიაღებინებს. ეს არაერთხელ მომხდარა და არც მომავალშია გამორიცხული, თუმცა ივანიშვილთან დაკავშირებით პარლამენტმა ნაბიჯი უკანაც გადადგა და საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რათა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონოდა. ეს ცვილელება თვითონ ივანიშვილმა არ გამოყენა და, ვფიქრობ, გონივრულად მოიქცა, რადგან ამ ცვლილებით სააკაშვილს, შესაძლოა, რაღაც ხაფანგები ჰქონდა დაგებული.
ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიციური ძალადობები შემცირდა, ანუ ხელისუფლებამ ცოტა უკან დაიხია, მაგრამ ეს, ვფიქრობ, დროებითია.
_ 60-მა თანამშრომელმა, მაია მიმინოშვილის მხარდაჭერის ნიშნად, განათლების სამინისტრო ხმაურით დატოვა. ბატონო რამაზ, ამ მოვლენას როგორ აფასებთ და შესაძლებელია თუ არა, რომ სკოლები, პროტესტის ნიშნად, პედაგოგებმაც დატოვონ?
_ პედაგოგებს სკოლების დატოვება რომ შეეძლოთ, საამისოდ მიზეზი აქამდეც ჰქონდათ. მიმინოშვილის მოხსნა კი, ისეთი ფაქტია, რომ ამით პედაგოგები, პირიქით, უფრო დაშინდებიან, სადაც მიმინოშვილი მოხსნეს, ჩვენს რას გვიზავენო. მიმინოშვილი საგანმანათლო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი საყრდენი ფიგურა იყო, მაგრამ მაინც მოხსნეს. ამიტომ, არ მგონია, რომ მიმინოშვილი პედაგოგებში რევოლუციური სულის გამომღვიძებელი აღმოჩნდეს.
_ ლაპარაკია იმაზეც, რომ შესაძლოა, ეროვნული გამოცდები ჩავარდეს, რადგან სისტემა ძალიან ბევრმა თანამშრომელმა დატოვა. ახალი, ტრენინგგავლილი კადრები კი, განათლების სამინისტროს ჯერ არ ჰყავს...
_ მერე, რა, თუ ჩავარდება? რამდენი გახმაურებული პროექტი ჩავარდნია ხელისუფლებას და თუ ეროვნული გამოცდებიც ჩავარდება, ვისთან უნდა იმართლოს თავი, ხალხთან? “ნაციონალები” ხალხისაგან მაინც იმას იღებენ, რაც უნდათ _ ვიღაცეებს დააშინებენ, ვიღაცეებს მოისყიდიან და ასე იღებენ საჭირო ხმებს. რაში სჭირდება ხალხთან გამართლება ხელისუფლებას?!
_ ივანიშვილთან რაც უფრო მეტი მოტყუებული და შეშინებული ადამიანი გადავა, კოალიციას მით მეტი ძალა ექნება და ხელისუფლებას ეს არ აშინებს?
_ სიმართლე გითხრათ, მეც ველოდი, რომ ხელისუფლება პოლიტიკას შეცვლიდა და კურსს იმაზე აიღებდა, რომ ხალხი თავისი მადლიერი გაეხადა და აღარ დაეშინებინა. საერთოდ, შეშინებულ ადამიანს, ბოლოს და ბოლოს, მობეზრდება ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და გადაწყვიტეს, ის, ვისიც ეშინია, მოიშოროს. ამიტომ, შიშზე პოლიტიკის აგება მომგებიანი არასოდესაა და როცა ალტერნატივა ჩნდება, რომელსაც ბევრი დადებითი მხარე აქვს, ხალხი არჩევანს თამამად აკეთებს!
_ ივანიშვილის დადებით მხარეებად რა მიგაჩნიათ?
_ ივანიშვილის ფიგურას ბევრი პლუსი აქვს. მაგალითად, ქველმოქმედია _ ფულს თავისი ჯიბიდან ხარჯავს და ხალხი, წლებია, მისი მადლიერია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილი არ ეცდება, რომ თვითონ გამდიდრდეს და თუ უკანონო გამდიდრების ფაქტებს შენიშნავს, თავის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მომუშავეთა მიმართაც მკაცრი იქნება. ივანიშვილი ძლიერი ბიზნესმენია და იმის შიში არ აქვს, რომ სხვა კონკურენციას გაუწევს. ამიტომ, ბიზნესს ხელს შეუწყობს. დღევანდელ ხელისუფლებას კი, ბიზნესმენების ეშინია, რადგან თუ მეწარმეები მოძლიერდებიან, შესაძლოა, ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენონ. ხელისუფლებას ყველა ბიზნესმენის ეშინია, რომელიც მისი კონტროლიდან გამოვა. კონტროლირებადი ბიზნესი კი, ბიზნესი აღარაა, რადგან ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს. ასე რომ, ივანიშვილი ბიზნესს ხელს შეუწყობს. და სამუშაო ადგილებიც შეიქმნება.
სააკაშვილმა რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას, ოფიციალური რუსეთი მასთან დიალოგში არ შემოვა. მართალია, სააკაშვილი საქართველოში რუსულ ბიზნესს ფართო გზას აძლევს, მაგრამ პუტინსა და მედვედევს მასთან კონტაქტი მაინც არ უნდათ. ახალ ფიგურასთან კი, ვინც უნდა იყოს, რუსული მხარე ყველა მტკივნეულ საკითხზე ისაუბრებს. აი, ესაა ის მთავარი არგუმენტები, რის გამოც ივანიშვილმა არჩევნებში ხმები უნდა მიიღოს.
_ ბატონო რამაზ, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პლუსები ჩამოთვალეთ, მაგრამ ალბათ, მინუსებიც აქვს...
_ ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდის მოსვლით, ძალაუფლება დაიშლება, პარტიებზე გადანაწილდება და შესაძლოა, ისეთი წესრიგი, როგორც დღესაა, აღარ იყოს, ანუ დღეს ქვეყანას, პრაქტიკულად, ერთი პარტია მართავს, დიქტატურაა და, შესაბამისად, ძალადობრივი წესრიგია. მართალია, ქვეყანა ხალხის დაბეჩავებისა და ტოტალური უსამართლობის ხარჯზე სწრაფად ვითარდება, მაგრამ სიახლეები მაინც ინერგება. ის პლურალიზმი, რომელსაც ივანიშვილის კოალიცია მოიტანს, თავისთავად რთული იქნება. კანონები ყველაზე ნელა ამერიკაში მიიღება იმიტომ, რომ იქ მრავალპარტიულობაა და სანამ შეთანხმდებიან, მეტი დრო სჭირდებათ. ასე რომ, მრავალპარტიულობა თავისთავად ნელი მექანიზმია და შედეგსაც ნელა მოიტანს. ეს სირთულე უდავოდ იქნება და ამან შეიძლება, ხალხი მოთმინებიდან გამოიყვანოს და საზოგადოების მხრიდან დიდი უკმაყოფილებაც იყოს.
არის კიდევ ერთი სირთულე: ხალხმა იმ ადამიანების, რომლებმაც ამ ხელისუფლების პერიოდში გაამწარა და სისხლი გაუშრო, შეიძლება, ლინჩის წესით გასამართლება მოინდომოს და ეს პროცესი შესაძლოა, ძნელი შესაჩერებელი აღმოჩნდეს.
_ იმის თქმა გინდათ, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში უკონტროლობა და არეულობა იქნება, ანუ ძლიერი ბიზნესმენი ძლიერი ხელისუფალი ვერ გახდება?
_ მრავალპარტიულობის გამო, ძალაუფლების პირამიდა არ იქნება ისეთი შედეგიანი, როგორიც ახლაა, ანუ ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიების ინტერესების კონცენტრაციას დიდი დრო დასჭირდება.
_ ბატონო რამაზ, თქვენ, როგორც ფსიქოლოგი, ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს კოალიციის მართვა გაუჭირდება?
_ თუ მართვის ყველა ბერკეტი ხელში აიღო, ეს ავტოკრატია იქნება. ასე რომ არ მოხდეს და, ალბათ, არც მოხდება, მაშინ უნდა შეიქმნას სადისკუსიო გარემო და გადაწყვეტილებები კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული. სხვა გზას ვერ ვხედავ.
_ გამიგონია, ივანიშვილი ბიზნესში საკმაოდ მკაცრიაო. პოლიტიკაში დამთმობი იქნება?
_ ბიზნესმენები, როგორც წესი, დიდ დემოკრატებად არ გამოდგებიან იმიტომ, რომ ბიზნესი მკაცრ წესებზეა დაფუძნებული. ბიზნესი ბრძოლაა. შესაბამისად, ბიზნესი, არმიის მსგავსად, დემოკრატიას ვერ იტანს. ივანიშვილს შეეძლო, შეექმნა თავისი პარტია, არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და, “ნაციონალების” მსგავსად, მთელი ხმები თვითონ წაეღო და უმრავლესობით მოსულიყო ხელისუფლებაში.
_ ანუ, კოალიციის შექმნით ივანიშვილმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა?
_ შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ, შესანიშნავი ნაბიჯი გადადგა საიმისოდ, რომ პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ. დღევანდელი ხელისუფლება საათებში ცვლის კონსტიტუციას ისე, როგორც მოუნდება, რადგან ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს. მრავალპარტიული პარლამენტის დროს კი, ასეთი რამ გამორიცხული იქნება...
_ სხვათა შორის, ბატონმა ბიძინამ თქვა, ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით, მიდისო. ეს რას უნდა ნიშნავდეს
_ ამბობდა, არ უნდა ვიჩქაროთ და პროცესი ნელა უნდა წავიდესო, ანუ პროცესი ნელა მიჰყავს. ამბობდა, მივცეთ ხელისუფლებას დრო, დაუშვას შეცდომებიო და ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები.
_ ბოლოს, ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, ცხელი პოლიტიკური ზაფხული გველის?
_ ვფიქრობ, აგვისტოს მეორე ნახევრიდან პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს და არჩევნებამდე, ანუ ოქტომბრამდე თვენახევარით ადრე, ორივე მხარე თავის კოზირებს დადებს. სწორედ ამ დროს იქნება დიდი პოლიტიკური ვნებათღელვა.