გაკოტრებული «სქაი ჯორჯიას” ხელმძღვანელს ქართულ ავიაბაზარზე ქართულ-არაბული ავიაკომპანია «ეარ კავკასუსი» შემოჰყავს.
სააგენტო „პირველის“ ინფორმაციით, გიორგი კოდუას ახალი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ყოველდღე, დსთ-ს, ევროპის და აზიის ქვეყნებში განახორციელებს, ხოლო ოქტომბრიდან ფრენებს თბილისი-ქუთაისის მიმართულებითაც დაიწყებს.
კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი ქუთაისში გადადის, მთავრობის წევრებს დასავლეთში ხშირად მოუწევთ სიარული და კოპიტნარის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ პირველი ორი თვის განმავლობაში, თბილისი–ქუთაისის ყოველდღიურ რეისებს შეასრულებენ. მათივე ცნობით, ბილეთის ფასი 25 დოლარი იქნება.
გიორგი კოდუა აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტის გახსნისა და დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შესვლის შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე კონკურენცია გაიზრდება, «აირზენასა» და «აერო სვიტს» კი, რომლებიც რეისებს უკრაინაში ასრულებენ, ტარიფების გადახედვა მოუწევთ. მისი თქმით, კონკურენცია მარშრუტების მიხედვით განისაზღვრება და, მაგალითად, ქუთაისი–კიევს, რომელიც ძალიან მოთხოვნადი მარშრუტია, მგზავრების დიდი რაოდენობა ეყოლება. კოდუას ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინათ უკრაინის მიმართულებით ფრენის ღირებულება მაღალი კონკურენციის გამო 50 ევრო იყო.
შეგახსენებთ: ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესახებ უკვე განაცხადა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია «ვიზ ეარმა» (უნგრეთი), რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან კიევის მიმართულებით ფრენებს სექტემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში 3–ჯერ შესრულდება და ერთმხრივი ბილეთის ფასი 37 ევრო იქნება.
ამ ეტაპზე აღნიშნულ მიმართულებაზე მომხმარებელს ერთნაირ ფასებს სთავაზობენ კომპანია „აირზენა“ და „სვიტ აეროსვიტი“ და ერთი გზის მიმართულება მათთან 230 ევრო ღირს, ორივე მიმართულების ბილეთის შეძენისას კი მომხმარებელს 397 ევროს გადახდა უწევს.
ჯერჯერობით კი საქართველოში ერთადერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა. საქართველოში „პეგასუსის“ წარმომადგენლობის - „ჯორჯიან ავია სერვის ეჯენსის“ („გასა“) დირექტორ ლევან ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან განახორციელებს ფრენებს, ცალსახად დადებითი ფაქტია.
„ვიზ –ეარი“ ჩვენი პირდაპირი კონკურენტი არ არის იმიტომ, რომ იგი ფრენებს ახორციელებს კიევის მიმართულებით და კიევის საშუალებით ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა კონკურენციას გაამძაფრებს. კიევის მიმართულებით საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, ავიარეისებს ერთდროულად რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს, თუმცა ეს მიმართულება იმდენად პოპულარულია ქართველებში, რომ ასეთი პოლიტიკის მქონე ავიაკომპანიის შემოსვლა უადგილო ნამდვილად არ იქნება. ეს კი, სავარაუდოდ, ფასების შეცვლას გამოიწვევს.
თუ ბაზრის რეაქციამ არ დააყოვნა და ავიაკომპანიამ მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა მოიზიდა, ავიაკომპანიები დაყოვნებლივ მოახდენენ რეაგირებას. სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე ფასების დაწევა შეიძლება მოხდეს 20–30%–ით. თავიდანვე არავინ დაიწყებს ფასების განახევრებას. აეროპორტი, მიმართულება და ბაზარი არის ახალი. თბილისსა და ქუთაისს შორის ავტომანაქანით მანძილის გადალახვა დროს მოითხოვს. ასე რომ, მე ვფიქრობ, ბაზარი, ცალსახად, შუაზე გაიხლიჩება: დასავლეთი და აღმოსავლეთი», აცხადებს «კომერსანტთან» საუბრისას ელიზბარაშვილი.
თუმცა «ვიზ ეართან» დაკავშირებით ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს. კიევის მიმართულებით ფრენა არც 22 ევრო ეღირება და მით უმეტეს კიევიდან ევროპაში 15 ევროდ გადაფრენა ხომ საერთოდ უტოპიაა. ქუთაისიდან კიევის მიმართულებით პირველი ავიარეისი 27 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული. თუკი ავიაკომპანიის ვებ-გვერდს ესტუმრებით და გადაამოწმებთ, ამ რიცხვში ქუთაისი-კიევის მიმართულებაზე ბილეთები 34 ევროდან იწყება და ისიც ერთი მიმართულებით უკან დასაბრუნებლად კი თითქმის სამმაგი თანხაა საჭირო. რაც შეეხება კიევიდან შუა ევროპაში გადაფრენას, აქ ფასები კიდევ უფრო მაღალია. საშუალოდ უკრაინის დედაქალაქიდან ევროპული ავიარეისები 90-120 ევროს ფარგლებში მერყეობს.