მოლოდინი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შიდა პრობლემების გადაწყვეტაში ჩაერეოდა, აშკარად გადაჭარბებული იყო

მოლოდინი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შიდა პრობლემების გადაწყვეტაში ჩაერეოდა, აშკარად გადაჭარბებული იყო

აშშ-ის სახლმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და სავარაუდო შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" იაპონიაში საქართველოს ყოფილ ელჩს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკისა და სამართლის სკოლის პროფესორს, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა. 

- ბატონო ვანო, როგორ შეაფასებდით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტს საქართველოში? 
- ქალბატონ ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს გარდა, მისი ვიზიტის არეალი მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს. ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის ქვეყნებისთვის იმ ფონზე, როცა ვლადიმერ პუტინი კრემლში პრეზიდენტად დაბრუნდა და თურქეთი აშშ-ის ძალიან რთული პარტნიორი ხდება ჩვენს რეგიონში, ასევე ახლო აღმოსავლეთში მისი ინტერესების გასატარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის რეგიონში თავისი ინტერესები აქვს, რომლებიც ზოგადად უკავშირდება უსაფრთხოების საკითებს, რუსეთის და ირანის ფაქტორებს, ნავთობის ტრანზიტს, მოუგვარებელ კონფლიქტებს და სხვას. კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში ეს ასევე გახლავთ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების გამყარება და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.

ზოგადად, აშშ-ის სახელმწიფოს მდივანის ვიზიტი რეგიონში მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, თუ განვითარაების რა ეტაპზეა საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ამერიკასთან ურთიერთობა. 

- რა კონკრეტულ ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებში? რამდენად სწრაფად შეიძლება გაფორმდეს საქართველოს და აშშ-ის შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ამ თვალსაზრისით რა კონკრეტიკა გამოიკვეთა? 
- ამ თვალსაზრისით აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მკვეთრ ცვლილებებს არ ველოდები. რეალურად, ჩვენთან და აშშ-ში წელს საარჩევნო წელია. რაც დასახულია სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ობამა-სააკაშვილის ვაშინგტონში შეხვედრისას, მხედველობაში მაქვს საქართველოს თვადაცვისუნარიანობის გამყარება, სახელმწიფო ინტიტუტების მშენებლობა, კონფლიქტების მოგვარება, ეს თემები ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება. ჩემი აზრით, ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამყარებისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, სასაზღვრო თუ საჰაერო უსაფრთხოების მიმართულებით და ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და ამ კონტექსტში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. 

სახელმწიფო მდივანმა უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე და პრაქტიკულად არ გამორიცხა აშშ-ის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის შესაძლებლობა. რამდენად სავარუდოა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდეს?
- ალბათ, ეს ყველაზე რეალური ნაბიჯი იქნება. ამჟამად, რუსეთს აქვს საშუალება, სამხედრო თვალსაზრისით "გააკონტროლოს" საქართველოს საჰაერო სივრცე და რუსეთი შავი ზღვის აუზში საკმაოდ ძლიერი ძალით არის წარმოდგენლი. იმ ფონზე, როდესაც იძაბება ურთიერთობები დასავლეთსა და ირანს შორის, საქართველოს საჰაერო სივრცის თავდაცვის უნარიანობის ამაღლების თემა აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არა მარტო საქართველოს, არამედ ამერიკის ინტერესებში შედის. 

რაც შეეხება ვადებს, თუ ამერიკამ მიიჩნია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლი მათ სჭირდებათ, მაშინ შედეგს მალე უნდა ველოდოთ. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივის საკითხია, ალბათ ამის განხორციელება სწრაფად არ მოხდება. მე მაინც ვვარაუდობ, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლოა, კონკრეტული ნაბიჯები წლის ბოლოს გადაიდგმება. 

- სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აშშ-მ მიიღო ზომები, რათა საქართველოს მოსახლეობას გაუადვილდეს ამერიკაში გამგზავრება. გარდა ამისა, მან ისაუბრა ამერიკელი და ქართველი მეცნიერების თანამშრომლობის პერსპექტივაზე. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ზომები მიიღო ამერიკულმა მხარემ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკაში გამგზავრება პრობლემა არ იყოს და თუ ხართ საქმის კურსში, ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად რა რეალური პერსპექტივები არსებობს?
- გამგზავრებასთან დაკავშირებით პროცედურის გასამარტივებლად ამერიკამ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ნაბიჯები გასულ წელს გადადგა. გამარტივდა როგორც ვიზების გაცემა, ისე ამერიკაში ხანგრძლივად ყოფნასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა, ამ საკითხებში დამატებით მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც ამერიკას თურქეთის ანაც აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებთან აქვს მიღებული. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ოკუპირებული ტერიტორიებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ე.წ. ნეიტრალური სტატუსის მქონე პასტორტებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომლის შესახებ ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა. პრაქტიკულად, ეს გახლდათ ღია მინიშნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომ არ არის აუცილებელი, ისინი გახდნენ რუსეთის მოქალაქეები, თუ სურთ ამერიკაში სწავლა ან მუშაობა. ამერიკული მხარის ეს გადაწყვეტილება ასევე გახლავთ გზავნილი ევროკავშირის ქვეყნებისათვის, რომ მათაც მიიღონ გადაწყვეტილებები ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით. 

რაც შეეხება სამეცნიერო თანამშრომლობას, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, ჩვენთან სამეცნიერო ტექნიკური ბაზა საკმაოდ ჩამორჩა თანამედროვე სტანდარტებს. მათი განვითარება უნდა მოხდეს ქართველი მეცნიერების მიერ და იმ თანამშრომლობით, რომელიც ქართველ მეცნიერებსა და ამერიკელ მეცნიერებს შორის იქნება. სადოქტორო პროგრამებზე იქნება მეტი ქართველი მეცნიერების გაგზავნის შესაძლებლობა. სადოქტორო პროგრამების პრაქტიკა ამერიკას საკმაოდ კარგად აქვს განვითარებული. დარწმუნებული ვარ, ამერიკელ და ქართველ მენციერთა თანამშრომლობა იმ ხარისხში გადავა, რომელიც ადრე არ იყო. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დადებითად შეაფასა აშშ-ის მიერ ქართული მხარის ინიციატივა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის ნეიტრალური პასპორტების აღიარების თაობაზე. ეს მართლაც კარგია, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ სოხუმმა და ცხინვალმა აფხაზეთის მოქალაქეების მიერ ნეიტრალური პასპორტების მიღებაზე იმთავითვე თქვეს უარი. სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებს ამერიკაში გამგზავრება კი გაუადვილდებათ, მაგრამ ამ საკითხზე მათი პოზიციაც ცნობილია . . . 
- ეს გადაწყვეტილება გახლავთ მოსკოვისთვის გზავნილი, რომ ამერიკა არ აღიარებს რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით შემოთავაზებულ სტატუს კვოს, ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. ქალბატონმა კლინტონმა რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულებისკენ და ამ ტერიტორიების დეოკუპაციისკენ მოუწოდა. თავისთავად ეს გზავნილი არის ნიშანი იმისა, რომ ამერიკელებისთვის რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება კვლავ ოკუპაციად რჩება. ნეიტრალური პასპორტების აღიარებაც რუსეთის მიმართ გაკეთებული გზავნილია. თუ აფხაზი და ოსი მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ ჰქონდეთ ნეიტრალური პასპორტები, მათ მიეცემათ საშუალება, ამერიკაში იმოგზაურონ, ისწავლონ და იმუშაონ, გამოიყენონ დასავლეთის სამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობა. 

- სახელმწიფო მდივნის ყველა გამოსვლაში ხაზგასმით იყო საუბარი საქართველოში მედიისა და სასამართლოს თავისუფლების პრობლემებზე, სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. ქალბატონ კლინტონთან შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო მდივანი საკმაოდ კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში წინსაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ოპონენტების დევნის ფაქტებზე და ასე შემდეგ. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ კრიტიკულ შენიშვნებს, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ორივე საჯარო გამოსვლისას გაახმოვანა?
- გასათვალისწინებელია, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიულ პროცესს გარკვეულ პროცესში აღიქვამენ. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია ინტენსიურად დაიწყო 2003 წლის შემდეგ და იმ დროიდან ინტენსიურად მოუწოდებენ ხელისუფლებას დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციისკენ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ამერიკის ხელშეწყობა მაქსიმალურად დიდი იყო, არის და იქნება. 

მათ მიაჩნიათ, რომ პრესა უნდა იყოს თავისუფალი და სასამართლო - დამოუკიდებელი; ეს ცალსახაა. ის, რომ არჩევნები უნდა გაიმართოს თავისუფლად და დემოკრატიულად, ესეც ცალსახაა. მაგრამ, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ის ბოლო ეტაპი დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის. ამ პროცესებმა უფრო მეტად უნდა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი გახადოს მედია და დამოუკიდებელი - სასამართლო. ამგვარად განვითარდა პროცესები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გარკვეული დრო დასჭირდათ იმ სტანდარტების მისაღწევად, რამაც განაპირობა მათი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანში გაწევრიანება. 

კლინტონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ამერიკას მიაჩნია, რომ ეს მიზანი საქართველოსთვის მიღწევადია, როგორც ქვეყნის შიდა რესურსების, ისე გარე მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს აქვს ამერიკიდან, ევროკავშირიდან და სხვა წამყვანი ქვეყნებიდან. 

ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პრობლემათა გამო სააკაშვილს სერიოზულ შენიშვნებს მისცემდა; კერძოდ იმის გამო, რომ როცა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უნდა ყოფილიყო დასრულებული მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობაზე, არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი და ჯერაც დაუსრულებულია; ხელისუფლების მთავარ ოპონენტად აღიარებულ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა აქვს ჩამორთმეული, რითაც არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა; პრობლემები ხელოვნურად ექმნებათ ტელევიზიებს, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობა სურთ; ხელისუფლება საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, ხოლო ოპონენტებს ამ მიმართულებით პრობლემები ექმნებათ და ასე შემდეგ. მოკლედ, თქვენი აზრით, გამართლდა თუ არა ოპოზიციის მოლოდინი? 
- არასწორია იმის მოლოდინი, რომ აშშ საქართველოში კონკრეტული შიდა საკითხების მოგვარებაში ჩაერეოდა. კლინტონის ვიზიტმა დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ღიად ჩარევას არ აპირებს. რა თქმა უნდა, ამერიკა საქმის კურსშია არსებულ პრობლემებზე, რომელიც თქვენ დაასახელეთ. ისინი ყურადღებით და ინტერესით აკვირდებიან პროცესებს, გარკვეულ რეკომენდაციებსაც აძლევენ ხელისუფლებას, მაგრამ შიდა პოლიტიკაში აქტიურად არ ერევიან. ამერიკა ასეთ პოლიტიკას ატარებს სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ეს ის თემები გახლავთ, რომელიც კონკრეტული დროის მონაკვეთში საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს და მიიღოს თავისუფლებისა და დემოკრატიის ზუსტად ის ხარისხი, რასაც ისინი მოითხოვენ. მოლოდინი იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შიდა პრობლემების გადაწყვეტაში უშუალოდ ჩაერეოდა, აშკარად გადაჭარბებული იყო. თუ ასეთი მოლოდინი ვინმეს ჰქონდა, არასწორად ჰქონდა, ვინაიდან აშშ საქართველოს შიდა საქმეებში ღიად ჩარეული არც არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, როგორც არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებას, ისე არჩევნების შედეგების აღიარებას. ეს გზავნილი, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ორივე მხარეს ეკისრება პასუხიმგებლობა ქვეყნაში დემოკრატიის განვითარებასა, სტაბილურობის შენარჩუნებასა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე. 

- მიუხედავად ამისა, კლინტონმა საქართველოს ლიდერებს კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის რჩევა-რეკომენდაციას გაითვალისწინებს?
- აუცილებლად გაითვალისწინებს. ხელისუფლებისთვის ცხადია, რომ არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული, თავისუფალი, ხოლო შედეგები ლეგიტიმური. ამერიკას მიაჩნია, რომ ოპონენტი, რომელიც ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის სახით ჰყავს, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება არჩევნებზე იყოს კონკურენტული გარემო, რასაც ამერიკელი და დასავლელი მონიტორები ყურადღებით დააკვირდებიან. პროცესები მაქსიმალურად დაახლოებული იქნება დასავლურ სტანდარტებთან, თუ რა თქმა უნდა, ამისათვის გარე საფრთხეები და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები არ წარმოიქმნა და ქვეყანა სხვა სერიოზული პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდა. 

- შეგიძლიათ გაიხსენოთ, არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ აქამდე ამერიკელი პარტნიორების რომელი რჩევა გაითვალისწინა?
- ზუსტად ის რჩევები გაითვალისწინა, რომელიც მათ მიაჩნდათ, რომ გასათვალისწინებელი იყო და რაც აშშ-სთვის აღმოჩნდა საკმარისი და მისაღები. ამერიკელების პრინციპი საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიმართ ურთიერთობებში სწორედ ის გამოარჩევს, რომ ისინი შიდა საკითხებში ღიად არ ერევიან და რომლებიც მოსაგვარებელია პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების თუ ზოგადად მოქალაქეების მიერ. ამერიკის პოლიტიკა რომ სწორედ ამგვარია, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებზე აშშ-ის პოზიციის გახსენებაც საკმარისია. 

კლინტონთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მიუსვლელობის თემაზე ბევრი მოსაზრება კი გამოითქვა, მაგრამ თქვენი აზრით, რატომ არ გამოიყენა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შესაძლებლობა?
- ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი და მისი კოალიცია მმართველი პარტიის სერიოზული ოპონენტია, სერიოზულად აკვიდებიან იმ გზავნილებს, რომლებსაც "ქართული ოცნების" ლიდერები საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე აკეთებენ. ვერ ვიტყვი, რომ მათ მიმართ აშშ-ის დამოკიდებულება ცალსახაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ინფორამაციით ასეა. ის, რომ ვიზიტის ფარგლებში ქალბატონ კლინტონს ივანიშვილის საკითხზე საჯაროდ აზრი არ გამოუთქვამს, ამერიკელების კორექტულობაზე მიუთითებს და გარკვეულად ასახავს იმ პოზიციას, რომელიც აშშ-ის რეალურად აქვს, ანუ, მათ არ მიიჩნიეს აუცილებლად შიდა საქმეებში ჩარევა და ამ საკითხზე თავისი დამოკიდებულების ასე ღიად გამოაშკარავება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საუბარი მაინც იქნებოდა იმაზე, კონკურენტუნარიან გარემოში რეალურად რა შესაძლებლობები აქვს "ქართულ ოცნებას", პარლამენტში რამდენი დეპუტატით შეუძლია იყოს წარმოდგენილი ან არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, როგორ პოლიტიკას გაატარებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. 

- ბევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა "როიტერის" კითხვას - აპირებს თუ არა გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი? თქვენც ასე ფიქრობთ?
- ეს კითხვა არაერთხელ დაისვა, როგორც ჩვენთან, ისე - ვაშინგტონში. სააკაშვილმა ცალსახად დააფიქსირა, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მნიშვნელოვნად არ მიაჩნია. ეს თემა შესაძლოა, შემონახულია; შესაძლოა არც არის გადაწყვეტილი და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. ყველაფერი დამოკიდებულია წინასაარჩევნო პერიოდზე, იმ დროისთვის არსებულ ვითარებაზე, იმ ინტერესზე, რომელიც სააკაშვილის, როგორც ლიდერის მიმართ არსებობს. ჩემი აზრით, შესაძლოა, ბევრი რამ დამოკიდებული იყოს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. ასევე ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ოპოზიციაზე, ანუ თუ რამდენად შეძლებენ ოპოზიციის ლიდერები საზოგადოების ამ თემის გარშემო კონსოლიდაციას იმისათვის, რომ საკაშვილი აღარ იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს ის თემაა, რომელზეც პასუხს უფრო შემოგომისთვის უნდა ველოდოთ, ვიდრე - დღეს.