"აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები უახლოეს მომავალში ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს მიიღებენ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისწავლონ ან იმოგზაურონ ამერიკაში" - ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენ განვიხილეთ გზები, როგორ შეუძლია საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხს ხელი გაუწოდოს. ამ გზებში შედის ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფა. ეს იქნება იმ შერიგების ნაწილი, რომელიც მშვიდობიანი და სამართლიანი რეზოლუციისთ არის გათვალისწინებული", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას აშშ საზღვარს უხსნის / "ძნელად წარმოსადგენია, ამ ინიციატივას ბევრი აფხაზი ან ოსი გამოეხმაუროს".
"ნეიტალური პასპორტების შემოღებას დადებითად აფასებენ ექსპერტები, თუმცა ამბობენ, რომ ამ ინიციატივას აფხაზი და ოსი ხალხი არ გამოიყენებს. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი ხუციშვილის თქმით, კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადება აშშ-სგან შემოთავაზებული კეთილი ნება იყო. "მაგრამ ახლა აფხაზეთში ისეთი სიტუაციაა, რომ რეალურად ამ დოკუმენტს მხოლოდ ის იღებს, ვისაც პერსონალური პრობლემა აქვს - სწორედ ამით არის განპირობებული, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს. როცა საზღვარგარეთ მიდიან, ისინი რუსული პასპორტებით სარგებლობენ" - აცხადებს ხუციშვილი, რომლის აზრით, დიდი სტიმულია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ამერიკაში მოგზაურობის საშუალება მიეცეთ", - აღნიშნავს გამოცემა.
"მაგრამ საქმე ის არის, ამით რამდენი აფხაზი და ოსი ისარგებლებს. ძალიან დიდი დაბრკოლბაა ის, რომ ნეიტრალური დოკუმენტების აღიარება რუსეთს არ აწყობს და აფხაზები რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯს არ გადადგამენ. თუ რუსეთი იტყვის, რომ ამაზე თანახმა არ არის, აფხაზები ვერაფერს გააკეთებენ და ისინიც იტყვიან, რომ ქართული მხრიდან რაც მომდინარეობს, არ გვაინტერესებსო - მართალია, ინიციატივა აშშ-დან მოდის, მაგრამ ეს ნაბიჯი ქართული მხარის მხარდასაჭერად არის გადადგმული. მეორე მხრივ, კლინტონი ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად მოიხსენიებს და ამაზე აფხაზებსა და ოსებს მძაფრი რეაქცია აქვთ. ისინი თვლიან, რომ ოკუპირებულები არ არიან. ამიტომ ძნელად წარმომიდგენია, ამ ინიციატივას ბევრი აფხაზი ან ოსი გამოეხმაუროს. მხოლოდ ცალკეული შემთხვევები იქნება, მაგრამ ის, რომ ამას მასობრივი ხასიათი მიეცეს და ხელი შეუწყოს პოლიტიკური პროცესების გაუმჯობესებას, ნაკლებად არის მოსალოდნელი", - მიიჩნევს გიორგი ხუციშვილი.
"რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობისთვის ამ პასპორტების აღება მიუწვდომელი იყოს. ტექნიკურადაც ძალიან რთული იქნება ამ დოკუმენტის აღება. შეიძლება თავგადაკლულმა ადამიანმა, რომელსაც უნდა აშშ-ში მოხვედრა გადადგას ეს სარისკო ნაბიჯი და გააკეთოს პასპორტი, მაგრამ ის, რომ ეს მასობრივად მოხდეს, გამოვრიცხავ. აშშ-მდე 5 ქვეყანამ აღიარა ნეიტრალური პასპორტი და აღიარა მზადყოფნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ამ დოკუმენტით ხალხი მიეღო. ეს ქვეყნებია - ჩეხეთი, ბალთიისპირეთის სამივე ქვეყანა და იაპონია, მაგრამ შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლოა ვინმესთვის მეტად მიმზიდველი იყოს და უფრო გარისკონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ამ დაკუმენტის აღიარება ძალიან დიდი წარმატებაა - "კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადება გახდება იმის საფუძველი, რომ ამერიკის გარდა დოკუმენტს ევროკავშირი და ლათინური ამერიკის ქვეყნებიც აღიარებს. ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოებში ამ პასპორტების ლეგალიზაცია გვჭირდება. გადაადგილების თვალსაზრისით, ფაქტობრივად სრულფასოვანი პასპორტი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მყოფი მოსახლეობის იზოლაციას რუსეთი ვეღარ მოახდენს და კიდევ უფრო მოიმატებს იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ასეთი პასპორტების აღება უნდა. ქართული პასპორტების აღების ტენდენცია უკვე არის და ახლა უფრო დიდი სურვილი გაჩნდება ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე მდგომარეობაა, პასპორტებს ინტენსიურად იღებენ აფხაზები და ოსები და იმედი გვაქვს, ნეიტრალური დოკუმენტების აღების შემთხვევაშიც ასე იქნება", - აცხადებს მალაშხია. მისივე თქმით, ნეიტრალური დოკუმენტი მოსახლეობას საშუალებას მისცემს ყველა იმ სერვისით ისარგებლონ, რისი საშუალებაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ", - დასძენს გამოცემა.
"შეგახსენებთ, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი არის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმურ მცხოვრებლებს ის აძლევს საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალებას საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე. დოკუმენტის მოქმედების ვადა 10 წლით განისაზღვრება. 18 წლამდე პირები და ნეიტრალურ პირადობის მოწმობას 3 წლის ვადით იღებენ", - წერს სტატიის ავტორი.