წელსაც, ისევე როგორც შარშან, სკოლადამთავრებულების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდა, ვინ შეძლებდა საატესტატო გამოცდებზე საჭირო ბარიერის გადალახვას და ვინ - არა. როგორც ილიაუნის პროფესორი გიორგი გახელაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, იმისთვის, რომ ჩაჭრილი კურსდამთავრებულების გამო სკოლამ საყვედური რომ არ მიიღოს, სუსტი მოსწავლეების საატესტატო გამოცდებზე დაბლოკვა ადრევე, მე-9 კლასიდანვე უნდა იზრუნოს. ილიაუნის პროფესორი სიმონ ჯანაშია კი თვლის, რომ თუკი სუსტი მოსწავლეები გამოცდებზე არ გამოჩნდებიან, ამით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექნება იმის თქმის საშუალება, თუ როგორ უმჯობესდება განათლების ხარისხი საქართველოში. რეალურად კი, მეცნიერისვე მოსაზრებით, მდგომარეობა კატასტროფულია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საატესტატო გამოცდებში 41 ათასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ გუშინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემაც განაცხადა. მისი თქმით, საატესტატო გამოცდებში მონაწილე 41 000 მოსწავლიდან მინიმალური საგამოცდო ბარიერი 2 ათასამდე მოსწავლემ (5%-მა) ვერ გადალახა.
"საგნების მიხედვით საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია," - იტყობინება სამინისტრო. თუმცა, საიდან მოხდა ამ საშუალო ქულის გამოყვანა, ამას არსად აკონკრეტებენ.
შაშკინის უწყების ცნობით, "მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეთა მხოლოდ 5%-ზე ნაკლებმა ვერ გადალახა ბარიერი (5.5), მაშინ როდესაც გასულ წელს 17%-მა ვერ დასძლია საატესტატო გამოცდები, რომელზედაც, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამ საგანში ბარიერი დაწეული იყო და 5.2-ით განისაზღვრებოდა."საატესტატო გამოცდები გასული წლის მსგავსად წელსაც "კატ"-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. სისტემის მიხედვით, სკოლადამთავრებული კომპიუტერთან ზის და სპევციალური პროგრამით შეკითხვებს პასუხობს. კითხვა მარტივი დავალებით იწყება და თანდათან რთულდება...
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია, რომელიც რამდენიმე წლის წინ სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების დეპარტამენტს უძღვებოდა, "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ 8 000-მდე მოსწავლე წლევანდელ საატესტატო გამოცდებამდე არ მიუშვეს.
პროფესორი ამაზე სტატისტიკურ მონაცემებს იმოწმებს.
სიმონ ჯანაშია: "საქსტატის ინფორმაციით, 2010-11 სასწავლო წელს საჯარო სკოლის მე-11 კლასში 43 213 მოსწავლე იყო. 2011-12 სასწავლო წელს კი მე-12 კლასში 35 374 მოსწავლე დაფიქსირდა. ანუ, ერთ წელიწადში სკოლიდან 7839 მოსწავლე წავიდა. მართალია, ადრე, საატესტატო გამოცდების შემოღებამდე ტოვებდნენ მოსწავლეები სკოლას ზედა საფეხურს, მაგრამ ასეთი რაოდენობით - არა. მაგალითად, 2010 წელს მე-11 და მე-12 კლასში 3 000-ზე ნაკლები მოსწავლე გადავიდა. 2011 წელს კი 5 000 მოსწავლით ნაკლები, წელს - 8 000 მოსწავლით ნაკლები. ანუ იმატა იმ ბავშვების რაოდენობამ, რომლებიც მე-11 კლასს ტოვებენ."
ჯანაშია თავად მოსწავლეებისა და მშობლების იმ ჩანაწერებზეც საუბრობს, სადაც ისინი ამ ვითარებას აღწერენ.
"მოსწავლეები თავიანთ ჩანაწერებში საუბრობენ იმაზე, თუ როგორ არ დაუშვეს ისინი გამოცდაზე. არის იმ დირექტორების ინტერვიუები, რომლებიც დასაჯეს იმის გამო, რომ მოსწავლეები საატესტატო გამოცდებზე გაუშვეს. ერთ-ერთი დირექტორი პირდაპირ ამბობდა: მე პირიქით, მოვუწოდებდი ყველა მოსწავლეს, რომ გასულიყვნენ გამოცდებზე. ამისათვის კი მე ახლა ვისჯებიო."
საქსტატის მონაცემებით, წელს მე-11 კლასი 8 000 მოსწავლემ დატოვა. ჯანაშიას თქმით, "ჩვენ პრობლემა გვაქვს სტატისტიკასთანაც. არ ვიცით, ამ 35 000 მოსწავლისგან, რომლებმაც, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაამთავრა სკოლა, მათგან რამდენი გავიდა გამოცდაზე. გამორიცხული არ არის, 8 000-ს დაემატოს ის მოსწავლეები, რომლებიც კი იყვნენ მე-12 კლასში, მაგრამ არ (თუ ვერ გავიდნენ) საატესტატო გამოცდებზე."საგულისხმოა ისიც, რომ სტატისტიკის მონაცემებით, წელს სკოლას 37 000 მოსწავლემ დაამთავრებდა. სამინისტროს ინფორმაცით კი საატესტატო გამოცდები 41 000-მა ჩააბარა. უცნობია ისიც, წელს ისევ შარშანდელი ჩაჭრილები ჩაიჭრნენ, თუ წლევანდელი.
იმავეს ამბობს ილიაუნის პროფესორი გიორგი გახელაძეც.
გიორგი გახელაძე: "ვცადე დამედგინა თუ რამდენი სკოლადამთავრებული არ გავიდა საატესტატო გამოცდებზე. სამინისტროს ოფიციალურად მივმართე. მივიღე პასუხი ასეთი: ჩვენ შეგვიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მეთორმეტეკლასელი იყო სასწავლო წლის დასაწყისში და რამდენი დარეგისტრირდა საატესტატო გამოცდებზეო. პირდაპირ ამას არ აქვეყნებენ."
რატომ ვერ (თუ არ) გადის ყველა მეთორმეტეკლასელი საატესტატო გამოცდებზე?
"ჩემი ვარაუდით, სკოლის დირექტორების ჩარევა ამ საქმეში გასულ წელს უფრო სავარაუდო იყო, ვიდრე წელს. წელს, ჩემი დაკვირებითა და შესწავლით, დირექტორობის ობიექტურობა აქ ნაკლებად არის მიზეზი. ახლა თუკი მე-9 კლასის ბოლოს მოსწავლეს აქვს საშუალო მაჩვენებლზე დაბალი ქულა, სკოლის დირექცია ცდილობს, მშობელი იმაში დაარწმუნოს, რომ მისმა შვილმა აღარ გააგრძელოს სწავლა.
მოგეხსენებათ, ჩვენთან სავალდებულოა სწავლა მე-9 კლასის ჩათვლით, საშუალო საფეხური არის ნებაყოფლობითი. ეს ტენდენცია კი მიმდინარე სასწავლო წელს საკმაოდ მზარდია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პროფესორი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი ირწმუნება, რომ 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების წარმატება პირველ რიგში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებამ, უცხო ენის, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სწავლების გაძლიერებამ, გაზრდილმა მოტივაციამ, სკოლებში "აინშტაინის ლაბორატორიების" დანერგვამ განაპირობა.
განათლების დარგის ექსპერტები კი თვლიან, რომ სამინისტრო მალავს განათლების იმ დონესა და ხარისხს, რაც რეალურად არის, რაზეც მოწმობს ის, რომ სამინისტრო და მასთან შეთანხმებით სკოლის დირექცია არ აძლევს მე-12 კლასელს საატესტატო გამოცდაზე გასვლის საშუალებას იმის გამო, რომ ის ჩაიჭრება.
სიმონ ჯანშია: "ფაქტია, რომ სამინისტრო დაინტერესებულია, ნებისმიერი ხერხით აჩვენოს ის, რომ განათლების ხარისხი უმჯობესდება. რა თქმა უნდა, თუკი დავმალავთ უარყოფით სტატისტიკას და ვაჩვენებთ მხოლოდ დადებითს, მაშინ ვემსგავსებით საბჭოთა კავშირს, ჩვენი შედეგებით ქაღალდზე ჩვენ რომ ვუსწრებდით მსოფლიოს. სინამდვილეში კი ყველა ქვეყნისგან დახმარებას ვითხოვდით."