"ბიძინა ივანიშვილის პროექტი - ხელისუფლების გაშვება ყველაზე დიდი ქველმოქმედებაა, რაც ოდესმე განუხორციელებია" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ირაკლი ღარიბაშვილი სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირისა და ოჯახის ახლობლის სტატუსით. მილიარდერთან ერთად ტრიბუნაზე ყველაზე ხშირად ჩანს მაშინაც კი, როცა სცენა კოალიციაში შემავალი პარტიის ლიდერებს არ ეთმობათ. 2004 წლიდან "ქართუ ჯგუფში" მუშაობს და რამდენი თვეში ივანიშვილის პირადი თანაშემწე ხდება. 2005 წლის ბოლოს "ქართუს" პრეზიდენტის თანამდებობაზე ინიშნება, ამ პოსტზე 2012 წლის თებერვლამდე უცვლელია, ამავდროულად ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. დღემდე სათავეში უდგას ბერას მუსიკალური საქმიანობისთვის შექმნილ შპს "ლეიბლს". დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტიის 5-კაციანი სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელია", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით - "ბიძინა ივანიშვილის პროექტი - ხელისუფლების გაშვება ყველაზე დიდი ქველმოქმედებაა, რაც ოდესმე განუხორციელებია".

"აღარც მამაჩემი მუშაობს, სიმამრიც - თამაზ თამაზაშვილი დაკავებულია და მისი და, რომელიც 30 წელის სამუსიკო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, სამარცხვინოდ გაათავისუფლეს, მაგრამ იცით, პარტიაში შესვლას როგორ ვუყურებ? ამ ნაბიჯით გავთავისუფლდი! შემიძლია ნებისმიერ დროს ჩემი აზრი ღიად, ყოველგვარი შიშისა და სტრესის გარეშე გამოვხატო, რაც დღეს საუბედუროდ იშვიათობა გახდა - ეს "ვითომ დემოკრატიული" საქართველოს 21-ე საუკუნის ტრაგედიაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილი.

"ჯერ კიდევ ივანიშვილის განცხადებამდე, როცა მას აგენტი უწოდა, გიგა ჩრდილელი უკვე აქტიურად ელაპარაკებოდა თანამშრომლებს სამსახურის დატოვებაზე, მათ შორის მეც. გიგაზე ხორციელდებოდა განსაკუთრებული ზეწოლა, რაც მისი გავლით სხვებზეც ვრცელდებოდა. 11 ოქტომბერს, როცა ჩემი სიმამრი დაკავეს, გიგაც ვნახე - მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ და მითხრა - რომ თამაზ თამაზაშვილს გამოუშვებდნენ, თუ პოსტს დავტოვებდი. როგორც ვიცი, ჩრდილელის ერთ-ერთი საკონტაქტო პირი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო. ასევე ზეწოლას ახორციელებდა გიგი უგულავაც... იმ დღეებში "ქართუ ჯგუფი" ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა, წავიდა ბანკის ტოპ-მენეჯმენტიც. რადგან ერთადერთი კაციღა ვიყავი სამეთვალყურეო საბჭოში, ვისაც ახალი მმართველის დანიშვნა შეეძლო, ან უფლებით მეორედ დღესვე ვისარგებლე. ჩრდილელთან სწორედ იმ საღამოს შედგა საკმაოდ ღია საუბარი - ხელისუფლების შემონათვალიც გადმომცა - "უკეთეს პირობებს მიიღებთო". ამბობდნენ, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს დავიბარებთ და სამსახურს დავატოვებინებთო. მთელი სისტემის ჩამოშლა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. რა თქმა უნდა, მეც შემეძლო პირდაპირ მოლაპარაკებაზე გავსულიყავი პოლიციის მთავარ სამმართველოში, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე დარჩენა, - განაგრძობს რესპონდენტი.

"იარაღი, რომელიც ჩემ სიმამრს ავტომანქანაში ჩაუდეს ისეთი ჟანგიანი იყო, მოსამართლესაც ეცინებოდა. ისე ჩემი სიმამრი ჯერ კიდევ ავტორიტეტია კახეთში. ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები პატივს სცემენ... პანკისს რაც შეეხება - როგორც ვიცი, იქ სააკაშვილის ახლობლებს ჰქონდათ პრობლემები - ავტომობილის გატაცებასა და კიდევ რაღაც ინციდენტებზე იყო საუბარი. სხვათა შორის, მაშინ პანკისში ბარამიძეც აქტიურად დადიოდა, ცისკარიშვილიც და თევდორაძეც. ეს საქმეები ჩემმა სიმამრმა მოაგვარა და მას პრეზიდენტმა საჯაროდ მადლობაც გადაუხადა. ჩემი სიმამრი რეჟიმთან მანამდეც დაპირისპირებული, თუმცა მთავრობის გაღიზიანება იმ განცხადებამ გააათმაგა, რომ ბატონი ბიძინას მოსვლის შემთხვევაში თამაზ თამაზაშვილი შს სამინისტროში ერთ-ერთ უმაღლეს პოსტს დაიკავებს. ჩემს სიმამრს აბსოლუტურად გააზრებული აქვს მიმდინარე პროცესები. ეს ბრძოლაა, მე ივანიშვილის მხარეს ვარ და შესაბამისად, ისიც ჩემთან არის", - განმარტავს ირაკლი ღარიბაშვილი.

"ნათია მოგელაძის უწყებასთან ჭიდილი ამ სამართლის პირობებში აბსურდულია. ჩვენ დესტრუქციული ძალა არ ვართ, არც მათთან მტრობა გვაქვს - ეს მათ აქვთ მტრობა საკუთარ ხალხთან. ეს ერთი ჩვეულებრივი სადამსჯელო დანაყოფია, ამიტომაც დაჯარიმდა ივანიშვილი რამდენიმე მილიონით, რაც საარჩევნო კამპანიაში დახარჯულ თანხებზე მეტია, არავითარ ხვრელს არ ვუტოვებთ კონტროლის პალატას, მათი ყველა ბრალდება აბსურდულია და ძალაში არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ დარჩებოდა, ეს საბავშვო ბაღია! ერთადერთი გამოსავალია არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება და საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება. აი, რომ გამოვიდეთ აქციაზე რა? ეს არაფერს შეცვლის, ვერავითარი პიკეტითა და მანიფესტაციებით ამას ვერ შევაჩერებთ. სწორედაც რომ ვემორჩილებით ამ აბსურდულ კანონებსა და და გადაწყვეტილელებს, რადგან იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ ამაშია მთელი ხიბლი, რომ ამ კანონების პირობებში შევქმნით პრეცენდენტს და ხალხთან ერთად მშვიდობიან გამარჯვებას მოვიპოვებთ - ბიძინა ივანიშვილი პროექტი, ხელისუფლების გაშვება, ყველაზე დიდი ქველმომედებაა, რაც ოდესმე განუხორციებია", - დასძენს რესპონდენტი.

"კოალიციას კახეთში კარგად აქვს საქმე, მაგრამ ჩემ (დედოფლისწაროს) რაიონში განსაკუთრებით გააფთრებულია ხელისუფლება. ალბათ ჩემი რაიონის მოსახლეობის 10% თუ უჭერს მათ მხარს. ამას წინათ პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ღვინიაშვილი იყვნენ ჩასული და სოფლის მოსახლეობამ ისეთი კითხვები დაუსვა, ვერაფერი უპასუხეს და გამოიქცნენ. კახეთში სიტუაცია უკვე საკმარისადაა მომწიფებული და კიდევ უფრო მომწიფდება. ოქტომბრამდე იმდენად მობილიზებული და გაერთიანებული იქნება მთელი ერი, რომ დაწყებულ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და შეკითხვას - "და თუ უმრავლესობას ვერ მოიპოვებთ, იტყვით, რომ არჩევნები გაყალბდა? და ამის მერე რა იქნება?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, არჩევნები ამ შემთხვევაში გაყალბებულია. მაინც მგონია, რომ ხელისუფლებას ამ პირობებში გაყალბება ძალიან გაუჭირდება, რადგან არჩევნების დღეს მთელი ერი და უამრავი დამკვირვებელი იქნება მობილიზებული. თუ არადა, ვეცდებით კონსტიტუციის ფარგლებში დავიცვათ მოსახლეობის ხმები და შეიძლება გარეთ ნახევარი მილიონი კი არა, მილიონი ადამიანიც გამოვიყვანოთ"