"თუ ხვალიდან 5-პროცენტიან სესხს აიღებთ ამ ბანკებში, მოდით და სილა გამაწანით!"

მსოფლიო ბანკის 2010 წლის მონაცემებით, საბანკო საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მაღალია. ამ მაჩვენებლით საქართველოს მხოლოდ 7 ქვეყანა უსწრებს. ამ საკითხზე პრეზიდენტმაც გაამახვილა ყურადღება: "პირველ რიგში, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საბანკო კრედიტები გაიაფდეს... მე კარგად ვიცი, რომ დღეს მცირე ბიზნესისთვის საბანკო განაკვეთები ძალიან არამოგებიანი და ხელმიუწვდომელია", - განაცხადა სააკაშვილმა და მის ამ გამონათქვამს ქართული ბანკების წარმომადგენელთა მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი თქვა, რომ საპროცენტო განაკვეთებს თანდათან შეამცირებენ. რას ფიქრობს ამ საკითხზე "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი:

- როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ასეთი განცხადებით გამოდის, მან ისიც უნდა თქვას, რა უნდა გაკეთდეს, საპროცენტო განაკვეთები მაღალი რომ აღარ იყოს. მესმის, ქვეყნის პრეზიდენტს რომ ეთქვა, კონკრეტულ ღონისძიებებს გავატარებთ, განაკვეთები რომ შემცირდესო. მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია რიგით მოქალაქესაც ხელეწიფება. თუ ბანკებს საკრედიტო განაკვეთების შემცირება შეუძლიათ, ამას პრეზიდენტის ბრძანება რად უნდა? ან როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტმა საპროცენტო განაკვეთები დასწიოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში? იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ცენტრალური ბანკი, სხვა არც ერთი ორგანოს ხელმძღვანელს არა აქვს უფლება, მსგავსი მითითება გასცეს. ეროვნული ბანკისათვის რომ მიეცა დავალება, გაატარეთ ისეთი პოლიტიკა, რომ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები შემცირდესო, ყველაფერი გასაგები იქნებოდა. თუ გახსოვთ, ორიოდე წლის წინ პრეზიდენტმა ისიც ბრძანა, ბანკებში ფულს ნუ შეინახავთ, დაგეკარგებათო. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტს ასეთი განცხადება რომ გაეკეთებინა, დაინგრეოდა ყველაფერი - ბანკებს ხალხი მიაწყდებოდა და თავის ფულს უკან გამოიტანდა. ჩემდა სასიხარულოდ და გასაოცრად, საქართველოში მსგავსი არაფერი მომხდარა იმიტომ, რომ საზოგადოება უკვე მიეჩვია უსაფუძვლო განცხადებების მოსმენას. ახლა კი, განაკვეთების საკითხს უფრო ჩავუღრმავდეთ: ვინ ამტკიცებს, რომ საპროცენტო განაკვეთები ჩვენთან მაღალია, ან რის საფუძველზე ამტკიცებს? 

ბატონო ნოდარ, ყველამ იცის, რომ საპროცენტო განაკვეთები ევროპასა და ამერიკაში ჩვენთან შედარებით მცირეა. 
- კი მაგრამ, შეიძლება ერთი მონაცემით შეედარო სხვა ქვეყანას, თუ არ შეადარე სხვა მაჩვენებლებიც? როგორ გგონიათ, 10-პროცენტიანი და ხშირად 17-პროცენტიანი სადეპოზიტო განაკვეთის არსებობისას შეიძლება სესხი 15-პროცენტიანი იყოს? როგორ შეიძლება ამ მხრივ ინგლისსა და ამერიკას შევედაროთ? იქ სადეპოზიტო განაკვეთიც გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩვენთან. საერთოდ, ბანკი იღებს მოსახლეობისგან დეპოზიტებს, ამატებს პროცენტს და აძლევს უკან სესხად, რომ თვითონაც ჰქონდეს მოგება. თუ კლიენტს 17 პროცენტად უნდა მივცე დეპოზიტი, მაშინ სესხი, სულ ცოტა, 24 პროცენტი მაინც ხომ უნდა იყოს? რატომ არის ეს ძვირი, არ მესმის. თუ შენგან 10 პროცენტად უნდა ვიყიდო ფული, მე 9 პროცენტად როგორ გავცე, ვიზარალო? ახლა მეორე მიზეზიც უნდა დაგისახელოთ - რისკი. არის თუ არა ამერიკის საბანკო სექტორში ისეთი რისკები, როგორიც არის საქართველოში? - რა თქმა უნდა, არა! "ქართუ ბანკის" მაგალითი ამას ყველაზე კარგად აჩვენებს. როცა ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩემმა სახელმწიფომ ყველაფერი წამართვას და დამიტოვოს გაუსტუმრებელი სესხი, რისკის ალბათობაც გაცილებით მაღალია. ქვეყანაში, სადაც სამართალს ვერ იპოვი, სადაც ხელისუფლება დაუფარავად ებრძვის ბანკს, როგორ შეიძლება საპროცენტო განაკვეთი დაბალი იყოს? ქვეყანაში, სადაც თავს დაგესხმება შეიარაღებული ბანდა და წაგართმევს ფულს, ბანკში ჩადებულ ქონებას, მერე შემოიყვანენ ეროვნულ ბანკს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გამოწმებს, გიფუჭებს რეპუტაციას, როგორ შეიძლება საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე ვილაპარაკოთ? ამიტომ, როცა ვინმე ამ საკითხს განიხილავს, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტი, ჯერ შესაბამისი გარემო უნდა შექმნას ქვეყანაში. 

- ესე იგი, საპროცენტო განაკვეთი არის გამოხატულება ქვეყანაში არსებული ვითარებისა? 
- რა თქმა უნდა. ქვეყნის პრეზიდენტს ვერ მოსთხოვ, ნებისმიერ გამონათქვამზე დადოს თავისი კონცეფცია, მაგრამ ის მაინც უნდა თქვას, როგორ მიიღწევა დასახული მიზანი და რა პირობებში. ბანკები თავხედობენ და იმიტომ არის მაღალი პროცენტი თუ იმიტომ, რომ რაღაც სხვა გარემოებებიც აიძულებთ? როდესაც პრეზიდენტი ასეთ რამეს ამბობს, მესამე-მეოთხე დღეს ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოაქვეყნოს პროგრამა, როგორ, რა გზით შეიძლება ქვეყნის პირველი პირის ჩანაფიქრის განხორციელება. 

ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს სიტყვები მხოლოდ პიარკამპანიის ნაწილი იყო. 
- ყველაფერი დირიჟორის ჯოხის აქნევ-დაქნევით რომ წესრიგდებოდეს, ქვეყანას ხელისუფლება აღარ დასჭირდებოდა. შეიძლება შესანიშნავი რამ თქვა პრეზიდენტმა, მაგრამ ამისათვის საჭიროა ღონისძიებათა მთელი კომპლექსის განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დემაგოგიაა, გინდ პიარი დაარქვით და გინდ - წინასაარჩევნო მანევრი. 

ხშირად გითქვამთ, როცა საბანკო სექტორი მონოპოლიზებულია, იქ დაბალ საპროცენტო განაკვეთებზე ლაპარაკი შეუძლებელიაო...
- შეიძლება მონოპოლიზებული იყოს, მაგრამ დემპინგზე იმუშაოს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში საბანკო სექტორის მონოპოლიზება იმიტომ ხდება, რომ მაქსიმალური თანხა ამოიღონ მომხმარებლისგან. მონოპოლიზებული - ეს ის სიტყვა არ არის, რომელიც ჩვენს საბანკო სექტორში შექმნილ სიტუაციას ასახავს, ის არა მარტო მონოპოლიზებული, არამედ ხელისუფლების ქოლგის ქვეშ არის. შვიდი თვეა "ქართუ ბანკს" ბომბავენ ყოვლად უკანონო მეთოდებით და ვერც ერთმა ბანკმა ვერ გაბედა, ტელეფონზე მაინც გამოეხატა თანადგომა ჩემთვის. ეს ნიშნავს, რომ ქართული საბანკო სისტემა ხელისუფლების მიერ იმართება. რასაკვირველია, ასეთ პირობებში პრეზიდენტს აქვს სრული უფლება, ბანკებს უთხრას: რადგან ყველაფერს მიჯერებთ, როცა გეტყვით, დასწიეთ განაკვეთები და როცა გეტყვით - ასწიეთო. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ სოციალისტურ სახელმწიფოში, საბაზრო ეკონომიკა ამგვარ მიდგომას ვერ იტანს. ერთ ფაქტს გავიხსენებ: 1994 წელს ჩიკაგოში ვიყავი საკმაოდ სერიოზულ კონფერენციაზე. ერთ დღეს, დილით, როდესაც ვემზადებოდი, რადიოთი გამოვიდა აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და თქვა: დროა, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა სააღრიცხვო განაკვეთებს გადახედოსო. მეორე დღესვე, ზუსტად იმავე დროს, გამოვიდა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე და პრინციპული პასუხი გასცა - ქვეყნის პრეზიდენტს უამრავი სხვა საქმე აქვს და დაუკრეფავში ნუ გადადისო. მესამე დღეს კი თვითონ კლინტონი გამოვიდა და თითქმის მოიბოდიშა. აი, ეს არის სახელმწიფო და არ შეიძლება ამგვარ ქვეყანას გაეჯიბრო მხოლოდ ერთი მაჩვენებლით. სკანდინავიის ჩრდილოეთში, ლაპლანდიაში, ბანანი არ მოდის, ამიტომ იქაურები ბანანის მოყვანაში არც ეჯიბრებიან ცენტრალური ამერიკის მკვიდრებს. 

- ზოგიერთი ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთებს თანდათან შეამცირებენ. 

- თუ ხვალიდან 5-პროცენტიან სესხს აიღებთ ამ ბანკებში, მოდით და სილა გამაწანით! თუ ბანკები მართლა შეამცირებენ პროცენტებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი კარტელურ გარიგებაში იყვნენ ჩართული. თუ ვინმეს შეუძლია პრეზიდენტის ერთი განკარგულებით დასწიოს ფასები, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებულად ჰქონდა დაწესებული ეს პროცენტები, ანუ დანაშაულს პირდაპირ აღიარებს და ამის გამო პასუხი უნდა აგოს. 

დასასრულ, ბატონო ნოდარ, "ქართუ ბანკზეც" ვისაუბროთ. თუ შეიცვალა რაიმე, თუ მოგეცათ სრულყოფილი მუშაობის საშუალება? 
- ჩვენდა სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა: "ქართუში" ისევ ზის ეროვნული ბანკის კომისია და ყოველდღიურად გვიქმნის ბარიერებს. ამას უკვე მივეჩვიეთ. რატომღაც, შემოწმება წლის ბოლომდე გააგრძელეს. ეს უპრეცედენტო ფაქტია. ეროვნული ბანკის ინსტრუქციით, წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს ბანკის შემოწმება, ჩვენი ბანკის შემოწმებას კი მთელი წლის განმავლობაში აპირებენ, თუმცა ეს ვინმეს აშფოთებს?! სხვათა შორის, ამას წინათ ჩემთან იყვნენ "დოიჩე ბანკის" წარმომადგენლები. ვკითხე, იქნებ მიმასწავლოთ, სად წავიდე, სად ვიპოვო სამართალი, თქვენ ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდით-მეთქი?! გაეცინათ და თქვეს, ჩვენ სასამართლოში წავიდოდითო. იმათაც იციან, რომ ჩვენს სასამართლოში მისვლა სიმართლის საძიებლად სასაცილოა. გავეჯიბროთ ახლა გერმანიას და ამერიკას?

ცნობისთვის

საქართველოს საბანკო სექტორში სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 15-დან 30 პროცენტამდეა, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში ამავე კატეგორიის სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელი 6,75 პროცენტს შეადგენს. საქართველოში ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 13-დან 17 პროცენტამდეა. სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთი 15-დან 30 პროცენტამდე მერყეობს. საკრედიტო ბარათებზე განაკვეთი წლიური 36 პროცენტია. იპოთეკურ სესხებზე კი - 12-დან 16 პროცენტამდე. ეს გაცილებით მეტია ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში არსებულ განაკვეთებზე. მაგალითად, ბელგიაში 1-5 წლამდე სამომხმარებლო სესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 7,5 პროცენტია, იტალიაში - 4,32 პროცენტი, გერმანიაში კი - 5,4 პროცენტი. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო სესხის წლიური განაკვეთი 5–7 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. იპოთეკურ სესხებზე ყველაზე დაბალი პროცენტი დიდ ბრიტანეთშია და ის 5 პროცენტს შეადგენს. 2012 წელს აშშ-ში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი 6,52-დან 5,22 პროცენტამდე შემცირდა. იქ 1-5 წლამდე ვადიან იპოთეკურ სესხზე განაკვეთი 4,73 პროცენტია.