"ჩვენ გვაიმედებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობა უკვე საკმაოდ გამოღვიძებულია რეგიონებში. ივანიშვილის ძალიან დიდი მოლოდინი აქვთ. მე პირადად "ქართული აკადემიის" წევრებთან ერთად ვაპირებ რეგიონებში ჩასვლასა და იქ ცხოვრებას გარკვეული პერიოდი, რათა აქტიურ კოორდინაციაში ვიყოთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. სამუშაო ძალიან ბევრია, გარანტირებული წინასწარ არაფერია. ბრძოლა იქნება მართლაც დაუნდობელი. ხელისუფლება არ დათმობს თავისი ნებით - მხოლოდ საზოგადოების სიმრავლე და ხალხის არჩევნებზე აქტიურად მისვლა დაათმობინებს. და მეორე - ხმების დაცვაც იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს "ქართული აკადემიის" წევრი ნუკრი ქანთარია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნუკრი ქანთარია: "ოპოზიციას სააკაშვილზე კომპრომატებს მისივე გარემოცვა აწვდის".
"ყველა ხვდება, რომ სააკაშვილი ამოვარდნილია რეალობიდან. ვნახეთ კადრები სლოვენიაში ფეხბურთის მატჩზე როგორ იკრიჭებოდა და იყო ძალიან მშვენიარ ხასიათზე. მერე ვნახეთ ის შოპინგი, რომელიც იტალიაში ჩაატარა - დამეთანხმებით, ბევრი ადამიანი არ არის, ვისაც შეიძლება სცოდნოდა, რომ სააკაშვილი იტალიაში გეგმავდა ჩასვლას - ეს ინფორმაცია შიგნიდან არის გამოსული. არ არის გამორიცხული, ეს იყოს ვანო მერაბიშვილის უწყებიდან - საიდან და ვის უნდა სცოდნოდა სხვას. ჩვენ ძალიან საინტერესო პროცესების განვითარებას უნდა ველოდეთ. რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, შინაგანი რყევები უკვე დაწყებულია, ყველა დაფიქრებულია თავის მომავალ ბედზე. ვიმეორებ, თუ იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან ძალიან ორგანიზებული კამპანია და თუ არ იქნება საბედისწერო შეცდომები, ჩვენ შემოდგომაზე ეს ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ. ისე უნდა მომზადდეს სიტუაცია, რომ ის ხალხიც გადმოვიდეს ოპოზიციის მხარეს, რომელსაც სჭირდება გარანტიები - ასეთია მოსახლეობის 30% - ამ შემთხვევაში მოხდება გარდატეხა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.
"მაჟორიტარი დეპუტატები კარგა ხანია უკვე დაფიქრებული არიან და ამ რეჟიმში განაგრძობენ თავიანთ ბედზე ფიქრს. ასევე ნაციონალური მოძრაობის ქვედა ეშელონებშიც საკმაოდ ფეხმოკიდებულია შიში და ამიტომაც არაერთხელ ითქვა კოალიციის მხრიდან, რომ არავის მიმართ არ იქნება პრეტენზიები, გარდა იმათი, ვისაც სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი და სისხლში არ აქვს ხელები გასვრილი. არავითარი შტურმი და რევანში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს გავლილი გვაქვს და გვეყო. თუ ხელისუფლება არჩევნებით წავა და ამის იმედი გვაქვს, ჩვენ დავამკვიდრებთ ამ ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნებით წასვლა-მოსვლას. - ამაზე დიდი მონაპოვარი უახლოეს მოამავლში, ვფიქრობ არ გვექნება", მიიჩნევს რესპონდენტი.
"ასევე დარწმუნებული ვარ, გარდა სასამართლოსი და მედიის თავისუფლებისა, სოფლის მეურნეობას აუცილებლად ეშველება. ვიცი, რომ სპეციალური ფონდი შეიქმნება და სოლიდური თანხების ჩადებით სოფლად ვითარება გამოსწორდება და სოფელში ხალხი უფრო დამაგრდება. ის რომ ჯანდაცვის კუთხით წავა სერიოზული რეფორმა და ვითარება რამდენიმე თვეში შეიცვლება, ესეც უნდა იცოდეს ხალხმა... სხვა პარტიები ამბობენ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო, მაგრამ აქ გარანტი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ხელისუფლებაში ფულის მოსახვეჭად არ მოდის", - დასძენს ნუკრი ქანთარია და შეკითხვას - "ხელისუფლებამ პრემიერობის კანდიდატად გიგა ბოკერია გამოკვეთა. აქვს ბოკერიასა და ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ ეს პოსტი რეალურად დაიკავოს?" - პასუხობს:
"ის ხალხი, რომელიც ბოკერიასა და მის გუნდს რაღაცად თვლიდა, უკვე სხვა ეშელონებში და სხვა ფლანგზე გადავიდა, ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ვერც საგარეო და ვერც საშინაო მხარდაჭერას ვერ მიიღებენ".