კერძო ტაქსებს ნაარჩევნებს მიხედავენ, მანამდე კი მერიას მანქანები შემოჰყავს

კერძო ტაქსებს ნაარჩევნებს მიხედავენ, მანამდე კი მერიას მანქანები შემოჰყავს

თბილისში კერძო ტაქსების მძღოლები ხელისუფლების მიერ დედაქალაქში ტაქსების შესაძლო აკრძალვას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გეგმავს მერიის შვილობილი კომპანიების შექმნას, რომლებიც თბილისში კერძო ტაქსებს შემოიყვანენ და  კერძო ტაქსებს ჩაანაცვლებენ. დედაქალაქის მერია «ტაქსების ტენდერის» გამოცხადების გეგმებს არ ადასტურებს.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ისინი არც შვილობილი კომპანიების შექმნას და არც კერძო ტაქსების ჩანაცვლებას არ გეგმავენ, თუმცა ყველას კარგად ახსოვს, რომ ზუსტად იგივე განცხადებებს აკეთებდნენ მერიაში სამარშრუტო ტაქსების ტენდერთან დაკავშირებით. შედეგად კი თბილისელებმა მონოპოლიური ბიზნესი და «მარშრუტკებით» მგზავრობის გაძვირებული ტარიფი მიიღეს. სხვათა შორის, არც დაპირებული ყვითელი მიკროავტობუსები ჩანს. დედაქალაქში მოძრავი სამარშრუტო ტაქსების დიდი ნაწილი კვლავაც ძველი და ამორტიზებულია.

როგორც «თბილისის ტაქსში» აცხადებენ, თუ  დედაქალაქის მერიამ ტაქსები შემოყვანა და შვილობილი კომპანიები შექმნა, ამით უამრავი ადამიანი დარჩება შემოსავალის გარეშე და საფრთხე ასობით დასაქმებულ ადამიანს დაემუქრება.

კომპანია «ტაქსის» განცხადებით კი, მერიის მხრიდან მსგავსი პროექტის განხორციელება არაერთი ტაქსის მომსახურების კომპანიისა და ტაქსების ავტოპარკის გაუქმებას გამოიწვეს, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დარჩება უმუშევარი.

საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 50 000 ტაქსი მოძრაობს, თუმცა ალანია აღნიშნავს, რომ ეს დაუზუსტებელი ციფრია.

ამჟამად მსუბუქი ტაქსების მფლობელი მძღოლი არანაირ გადასახადს არ იხდის, საჭიროა მხოლოდ ყვითელი ლოგო, რომელიც 10 ლარამდე ღირს და მისი შეძენა როგორც ელიავას ბაზრობაზე, ასევე მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზეცაა შესაძლებელი.

დაახლოებით 5-6 წლის წინათ ლიცენზიის აღებისთვის მხოლოდ 7 ლარი იყო საჭირო, მოგვიანებით კი, ეს გადასახადიც გაუქმდა.  გარდა ამისა, მძღოლი ფულს არც მანქანის ტექნიკურ შემოწმებაზე იხდის, რადგან სავალდებულო დათვალიერება უკვე 8 წელიწადია აღარ არსებობს. 2004 წლიდან მოყოლებული ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მსუბუქ ავტომობილებზე აღარ ვრცელდება, შესამაბისად, მანქანების უსაფრთხოებას ამჟამად არც ერთი კანონი არ არეგულირებს.

საკრებულოს წევრის ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, ტენდერის ჩატარებაზე აქტიური საუბრები მიდიოდა, მაგრამ მისი ჩატარება დროებით გადადეს და გადაწყვიტეს, რომ მანქანები ამის გარეშე შემოიყვანონ. გადაიდო იმიტომ, რომ სატენდერო პირობები, რაზეც მუშაობდნენ, მიუღებელი აღმოჩნდა - მიხვდნენ, რომ ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვებოდა. 

დღეს ეს ბიზნესი თავისუფალია. თუკი ტენდერი ჩატარდებოდა, ის რაღაც ჩარჩოებში მოექცეოდა. თბილისში დაახლოებით 40 000-მდე ტაქსი მოძრაობს. თუ ტენდერი ჩატარდებოდა, აქედან ძალიან ბევრი საარსებო წყაროს დაკარგავდა და ამიტომ არჩიეს, რომ ეს საკითხი გადაედოთ, აირჩიეს სხვა გზა და ახლა მანქანები კომპანიებს შემოჰყავთ», - აცხადებს ჯაბა სამუშია.

«რაც შეეხება იმას, ლობირებს თუ არა მერია ამ ფირმებს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მაგრამ ის, რომ რაც განხორციელდა სამარშრუტო ტაქსებთან მიმართებაში, არაა გამორცხული ამ სფეროშიც იგივე მოხდეს. აქ განსხვავება ისაა, რომ სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში საუბარი იყო 2500 მანქანაზე, მსუბუქი ტაქსების შემთხვევაში კი ეს ციფრი ათობით ათასია.

კერძო ტაქსების ბიზნესი ძალიან მომგებიანია, მისი თავისუფლად დატოვება კი ორმა ფაქტორმა გამოწვია. პირველი და მნიშვნელოვანი რაოდენობაა - ხელისუფლება ფიზიკურად ამ რაოდენობის ხალხს ვერ მოერეოდა და მიხვდა, რომ მათთან ჭიდაობა არ ღირდა. მეორე კი, როგორც ვთქვით, არჩევნებია. ამ ორი ფაქტორის გამო თბილისი მერიამ ტენდერის ჩატარებაზე ჯერჯერობით უარი თქვა. თუმცა, გამორიცხული არ არის, არჩევნებში  გამარჯვების შემდეგ პოზიცია შეიცვალოს და ტენდერი მაინც ჩაატაროს», - აღნიშნავს სამუშია.