აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრის სამირ შარიფოვის განცხადებით, ანაბრების გადახდის შესაძლებლობა ქვეყანას ბოლო წლების ეკონომიკური წარმატებების შედეგად მიეცა. თანხების გაცემა 1992 წლის პირველ იანვარს დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით იწარმოებს. “კანონის მიხედვით სახელმწიფოს არ აქვს აღნიშნული თანხების გაცემის ვალდებულება. ამ თანხების გაცემა არის მოსახლეობის თავისებური დამატებითი დახმარება”, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე სიტყვებით, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის “სბერბანკის” სამართალმემკვიდრემ, “კაპიტალ ბანკმა” დიდი სამუშაო ჩაატარა აღნიშნული თანხების გაცემის პროცესის მომზადებისთვის.
თანხის გაცემა 2013 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. ეს პროცესი აზერბაიჯანის 2,4 მილიონ მოქალაქეს შეეხება, რომლებიც “სბერბანკში” პირად ანგარიშებს ფლობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ამ პროგრამის განხორციელებისთვის აზერბაიჯანი დაახლოებით მილიარდ მანათს, ანუ 780 მილიონ დოლარს დახარჯავს.
საბჭოთა ანაბრების პრობლემა მეტ-ნაკლებად ჯერჯერობით მხოლოდ ორმა ქვეყანამ მოაგვარა - ლიტვამ და ყაზახეთმა.
ლიტვაში სახელმწიფო პრივატიზაციიდან შემოსული თანხების 80% სწორედ მეანაბრეთა თანხების დასაფარავად მიმართეს. თითოეული მეანაბრის გასასტუმრებელი ვალის ოდენობა შემოიფარგლა 6 000 რუსული მანეთით, კურსით: ერთი ლიტი - ერთი რუსული მანეთი.
ყაზახეთში გამოუშვეს სპეციალური ობლიგაციები კურსით: 100 დოლარი ყოველ 15 ათას რუსულ მანეთში.
სომხეთში ანაბრების თანხის გასტუმრებას 2015 წლამდე გეგმავენ, სქემით: პირველ საბჭოთა 100 მანეთში გადაიხდიან 200 დოლარს, მეორე და მესამეში - 140 დოლარს. ყოველ შემდეგ ათასზე თანხა იკლებს და 10 000 რუსული მანეთის ზემოთ, ყოველ ათას მანეთზე მეანაბრე მხოლოდ 20 დოლარს მიიღებს.
გადაწყვეტილება გაუფასურებული ანაბრების კომპენსაციაზე მიღებული აქვთ მოლდოვასა და ყირგიზეთის ხელისუფლებასაც, თუმცა კომპენსაცია ისე მცირეა, რომ მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
ბელორუსის მთავრობა ამბობს, რომ დღემდე გრძელდება ამ პრობლემის განხილვა, მაგრამ მისი მოგვარებისთვის საჭირო რესურსი ჯერ არ აქვთ. უკრაინაში მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო გაისტუმრებს მეანაბრეთა ვალს, თუმცა ჯერჯერობით იქაც ვერ გამოინახა შესაბამისი რესურსი.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეების გაუფასურებული საბჭოთა ანაბრები საშინაო ვალად გამოაცხადა. 2008-09 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისისას, როგორც იმჟამად ექსპერტები წერდნენ, ქვეყანაში არსებული სოციალური დაძაბულობის მოხსნის მიზნით, ხელისუფლებამ ამ თემაზე ლაპარაკი აქტიურად დაიწყო და მოქალაქეებს თანხის დაბრუნებისა და კომპენსაციის შემდეგი სქემა შესთავაზა: 1945 წლამდე დაბადებული მოქალაქეები, მიიღებდნენ ანაბრის სამმაგ ოდენობას რუსულ მანეთში, ხოლო 1945 წლის შემდეგ დაბადებულები - ორმაგ ოდენობას. რუსეთს დღემდე ვალის მხოლოდ ნაწილი აქვს გასტუმრებული.
საქართველოში ამ კუთხით სრული გამყინვარებაა. ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ანაბრების დაბრუნების საკითხზე ლაპარაკობდა კობა დავითაშვილი იყო. როგორც დავითაშვილი ამტკიცებს, თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობიდან' მისი წამოსვლის მიზეზი ისიც იყო, რომ ხელისუფლების სათავეში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს თემა უყურადღებოდ დატოვეს.
საქართველოში საბჭოთა ანაბრების თანხების დაბრუნებას შეუძლებლად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი ლადო პაპავა:
“თუ ვინმე ამგვარ დაპირებას გასცემს, ვფიქრობ, ტყუის, ისევე, როგორც “ვარდების რევოლუციამდე” ტყუოდა მიხეილ სააკაშვილი. მას ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, საერთოდ აღარც უხსენებია ეს თემა. ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც არც კი ვიცი, სრულად თუ არის დაანგარიშებული. როგორც მახსოვს, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ჩემი მინისტრობისას ვცადეთ ამ ფულის დათვლა და ასტრონომიული თანხა მივიღეთ.
ამ თანხის გასტუმრების შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი ეს თანხა მოქალაქეებს ისე დაუბრუნდებათ, რომ თავი მოტყუებულად არ იგრძნონ. არსებობს სხვა გზაც - ნომინალური თანხის დაბრუნება, მაგრამ ამას აქვს კი აზრი? ანუ სახელმწიფომ უნდა გაიღოს გარკვეული თანხა, ოღონდ ეს მნიშვნელოვნად არ აისახება რიგითი მოქალაქის კეთილდღეობაზე, რადგან ძალიან ცოტა იქნება.
მე ამგვარი ხარჯის გაწევა არასწორი მგონია. გარდა ამისა, არსებობს ერთი პრობლემაც: ჩვენ გვყავს დევნილები, რომელთა ანაბრების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რა გამოდის, მათ არ უნდა მივცეთ ეს თანხა?” - აცხადებს ლადო პაპავა.