საქართველოს სტატისტიკის დეკპარტამენტის ინფორმაციით, ღირებულებით მაჩვენებელში შავი ლითონების ჯართის ექსპორტი ერთი წლის განმავლობაში 55%-ით შემცირდა. 2012 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 16 ქვეყანაში 24,168 მლნ აშშ დოლარის შავი ლითონების ჯართი გავიდა, 2011 წლის იანვარ-აპრილში 54,639 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია 15 ქვეყანაშია ექსპორტირებული.
სულ ექსპორტირებულია 39 376 ტონა შავი ლითონების ჯართი, 2011 წლის იანავრ-აპრილში კი - 122 276 ტონა.
არადა წლევანდლამდე ჯართის ექსპორტის საქმე აღმავლობით ხასიათდებოდა. “საქსტატის” ოფიციალური მონაცემებით, თუ 2009 წელს საქართველოში ჯართის ექსპორტის შედეგად ქვეყანაში 63 616 მლნ დოლარი შემოვიდა, 2011 წელს აღნიშნული მონაცემი 116 811.6 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საქართველოში ჯართის გასაღების ძირითადი პუნქტები ბათუმსა და ფოთშია, თუმცა ფოთში თითქმის იდენტური ფასებია როგორიც სხვა ქალაქეში. ბათუმში კი ჯართი ორჯერ უფრო ძვირია. საქართველოდან ჯართი, ძირითადად, თურქეთში (იქიდან ევროპის მიმართულებით), მცირე ნაწილი კი ინდოეთსა და ჩინეთში გადის.
დღეს 1 ტონა შავი ლითონის ჯართის საბაზრო ფასი 300-450 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ ჯართის ფასი ბოლო პერიოდში გაზრდილია (ესეც დასტურია იმისა, რომ ჯართის მოცულობა შემცირებულია). მაგალითად, იგი 1 კგ რკინას 0.30-დან 0.45 ლარამდე იბარებენ, ხოლო სპილენძის ღირებულება ბოლო პერიოდში განმავლობაში 9 ლარიდან 10,50 ლარამდე მერყეობს, ალუმინის ფასი 2 ლარია.
“როგორც შავ, ასევე ფერად ლითონზე ფასები მერყევია. არ ვიცი ვინ განსაზღვრავს მათ ფასს. როდესაც ფასები იცვლება, მაფრთხილებენ და მეც მათ მიერ მოწოდებულ ფასებს ვადებ ჩასაბარებელ ჯართს”, - ამბობენ ჯართის პუნქტებში.
საქართველოში ჯართის შეგროვება-ჩაბარებას თითქმის ყველა ტიპის ადამიანი მისდევს.
“ძირითადად ჯართს გაჭირვებული ადამიანები გვაბარებენ. არის შემთხვევები, როდესაც ჯართი მხოლოდ იმიტომ ჩაუბარებიათ, რომ ალკოჰოლური სასმელი ეყიდათ. მოდიან დიდი სატვირთო მანქანებითაც. ისინი მოსახლეობიდან თვითონ იბარებენ ჯართს და შემდეგ ჩვენთან აბარებენ. ჩაგვიბარებია ძველი, დაშლილი მანქანებიც, ასევე “მარშრუტკები”. მას შემდეგ, რაც ქალაქში სამგზავრო ხაზებზე ყვითელი მიკროავტობუსები დანიშნეს, ზოგიერთი ძველი “მარშრუტკა” მათმა მფლობელებმა დაშალეს და ჯართში ჩააბარეს”, - ამბობენ ქალაქის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ჩამბარებელ პუნტში.
ხოლო თუ როგორც აგროვებენ ჯართს საჯარო მოხელეები და ბიზნესმენები, ამაზე პარტია “თავისუფალი საქართველოს” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი მოსიაშვილის საუბრობს. მისი თქმით, იმ დროს როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება მათთვის პრიორიტეტია, ზემო ალაზნის სარწყავ არხს ანადგურებენ და ჯართში აბარებენ.
“ნაციონალები ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტი ყოფილა სოფლის მეურნეობის განვითარება, მაგრამ ჩვენს რეალობაში სულ საპირისპირო რამეს ვხედავთ. ჯერ ერთი, ხელისუფლების დიდი ძალისხმევით მოხდა ის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები ვეღარ გაგვაქვს რუსეთის ბაზარზე და მეორე ის, რომ იმ ინფრასტრუქტურას, რაც მე-20 საუკუნეში შეიქმნა, მხედველობაში მაქვს ზემო ალაზნის სარწყავი არხი, ხელისუფლება ანადგურებს და ჯართად აქცევს. არხი, ძირითადად, არის ლითონის კონსტრუქციით აწყობილი, ხელისუფლება მიადგა და პირდაპირ ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში მიაქვთ.
ეს არის მიზანმიმართული ქმედება, როგორმე სოფლის მეურნეობა მიწასთან გასწორდეს. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. თუ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, გააჩეროს მაინც და ნუ გაყიდის მილიარდიან პროექტს რამდენიმე ათას ლარად”, - განაცხადა მოსიაშვილმა.