ჰილარი კლინტონი: დემოკრატია უნდა გაძლიერდეს

ჰილარი კლინტონი: დემოკრატია უნდა გაძლიერდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმში დახურულ კარს მიღმა შეხვდა საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათგან მოისმინა მოსაზრებები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების, მედიაგარემოს მონოპოლიზების, მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, ოპოზიციურ აქტივისტებზე ზეწოლისა და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შესახებ.

„ჩვენ გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე. მან ბრძანა, რომ ის საქმის კურსშია პოლიტიკური აქტივისტების დევნის თაობაზე და საელჩო და სხვა სტრუქტურები მუშაობენ ამ საკითხებზე და გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსათვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ჰილარი კლინტონი დაჰპირდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ „მეტი გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა არჩევნებისათვის და მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აშშ ეხმარება ქართველ ხალხს და სურს, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას ესწრებოდნენ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე, "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები - "რესპუბლიკელების" ლიდერი დავით უსუფაშვილი და "თავისუფალი დემოკრატების" წევრი თეა წულუკიანი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჰილარი კლინტონი სიტყვით გამოვიდა ბათუმში, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე. საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა აქვთ, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, თავის გამოსვლაში კლინტონმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით აღებულ ვალდებულებებზე. საუბარია საქართველოს თავდაცვის რეფორმებში მხარდაჭერაზე, ქართული ჯარის მოდერნიზაციაზე, ტრენინგებსა და აღჭურვაზე. 

 “საჭიროა ტრენინგებისა და მოდერნიზაციის გაგრძელება საქართველოს ჯარისთვის და მისი აღჭურვა, რომ ეფექტურად მიიღონ მონაწილეობა ISAF-ის ოპერაციებში ავღანეთში, გააუმჯობესონ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა და ნატო-ს თავსებადობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველომ მთავარი ნაბიჯები გადადგა ნატო-ს სტანდარტების მისაღწევად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას, რათა მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით მომავალი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა კლინტონმა.

ბათუმში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონი საქართველოს ლიდერებს კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფისაკენ მოუწოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ "ვარდების რევოლუციით" შექმენით დემოკრატია, უფრო რთული სამუშაოს გაწევა მოგიწევთ. არჩევნების შემდეგაც უნდა გაძლიერდეს დემოკრატია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შრომის უფლებებს, სასამართლო რეფორმას, მედიის თავისუფლებას", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

მისი თქმით, როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში გაღრმავდეს დემოკრატია. ჰილარი კლინტონის განცხადებით, არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს და სამართლიანი უნდა იყოს არა მარტო არჩევნების დღე, არამედ არჩევნების წინა პერიოდიც. ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, უფრო მეტი ქალი უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში. ჰილარი კლინტონი მიესალმა უწყებათაშორისი ოპერატიული ჯგუფების შემქნას და აღნიშნა, რომ ეს კარგი ნაბიჯია საჩივრების განხილვისთვის.

დღის ბოლოს კი ჰილარი კლინტონი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ესტუმრა.