კულტურის სამინისტრომ კერძო სექტორის მხარდაჭერით გამოსცა წიგნი "ახალი საქართველო - ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ. 2004-2012". წიგნის პრეზენტაცია დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ქუთაისში, მთავრობის ახალ სახლში გაიმართა. ამავე დღეს თბილისში ქართული მრეწველობის აღლუმი-გამოფენა გაიმართა - "დამზადებულია საქართველოში", რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ფასადზე გაკრულ მთავარ ბილბორდს კი ასეთი წარწერა ჰქონდა:"Saakashvili Rebuilds Georgia" ("სააკაშვილი ხელახლა აშენებს საქართველოს").
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია სწორედ აღმშენებლობა იქნება დამყარებული? რამდენად წარმატებული იქნება ასეთი მიმართულების არჩევა?
"თუ ზოგადად განვიხილავთ პიარს, როგორც ფართო ცნებას და საზოგადოებასთან ურთიერთობას, რასაკვირველია, ეს პიარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ეს არ არის ცუდი.ძალიან კარგია, როდესაც რაღაც შეჯამებები ხდება და ვთანამშრომლობთ გარკვეულ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ვუყვებით ხალხს, რა გაკეთდა და რა დაიხარჯა ამისთვის, რამდენი ადამიანი დასაქმდა ამ პროექტების ფარგლებში.
"კარგია, როცა შეგიძლია ღიად და საჯაროდ გამოთქვა მოსაზრებები და რაც მთავარია, კონკრეტული ფაქტები. აქედან გამომდინარე, სავსებით ვეთანხმები, რომ მსგავსი ტიპის გამოცემები უნდა არსებობდეს.
"ძალიან გამიძნელდება ამის წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირება. ეს რომ გამოეცათ, ოქტომბრის დასაწყისში, არჩევნების წინ, ყველაფერი ცხადი იქნებოდა, მაგრამ ეს მოხდა ახლა და თანაც კულტურის სამინისტორს მიერ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა და მათთვის იმ საკითხების გაცნობაა, რაც მოქმედმა მთავრობამ განახორციელა. ამიტომ ძალიან გამიძნელდება, რომ აქ ვეძებო წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ბმულები და კავშირები.
"რაც შეეხება ბილბორდს წარწერით "სააკაშვილი ხელახლა აშენებს საქართველოს". ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესოა ის, თუ საიდან მოხდა ბილბორდის დაბეჭვდის დაფინანსება - ბიუჯეტიდან თუ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. თუმცა ჩვენთან, სამწუხაროდ, კანონში არის გარკვეული ტიპის ხარვეზები, რაც სწორედ მსგავსი ტიპის გამოცემებს, სააგიტაციო მასალებს შეეხება.
"ზოგადად რომ ვიმსჯელოთ და ხმამაღლა ვთქვათ, ძალიან ძნელია ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" საქმეების ერთმანეთისგან გამიჯვნა. რაც შეეხება ამ მესიჯის წინასაარჩევნო დევიზად გადაქცევას, არ არის გამორიცხული. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობა" სხვა სტილის დევიზს და პიარს აირჩევს. სრულიად სხვა რამეზე გაამახვილებს ყურადღებას.
"დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ, რადგან ასეთი ბევრია. ეს შეიძლება იყოს, უბრალოდ, ერთ-ერთი მესიჯი და არა წინასაარჩევნო სლოგანი", - განაცხადა კომპანია "ჯეპრას" საკონსულტაციო ჯგუფის მთავარმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" პრესს-სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი პატარაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ არც წიგნი და არც მერიის მიერ გამოცემული ჟურნალი "თბილისური ამბები" არაა წინასაარჩევნო კამპანია. მათი მხრიდან არც მერიას და არც კულტურის სამინისტროს არ მიუღია დაკვეთა. ოფიციალურად წინასაარჩევნო აგიტაციას "ნაციონალური მოძრაობა", როგორც გიორგი პატარაია აცხადებს, ივლისიდან დაიწყებს. მესიჯზე კი, რომელიც გვეუბნება რომ სააკაშვილი აღაშენებს საქართველოს, მან განაცხადა რომ ეს არის მოკლე და ლაკონიური ნათქვამი იმის თაობაზე, რომ აღმშენებლობა მიდის სწორედ ახლა, ამ მთავრობის მიერ.
სრულიად განსხვავებული მოსაზრება გააჩნია ზემოთხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით რამაზ საყვარელიძეს.
"წიგნი "ახალი საქართველო - ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ. 2004-2012" სხვა არაფრად შეიძლება ჩაითვალოს, თუ არა წინასაარჩევნო პიარკამპანიად. მაგრამ საოცარია, რომ ეს ხდება კულტურის სამინისტორს მიერ, რადგან კანონი მინისტრებს, საბიუჯეტო თანხებზე მცხოვრებ სტრუქტურებსა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებს უკრძალავს საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობას. და როდესაც მსგავსი უწყება უშვებს ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებზე გათვლილ და ორიენტირებულ გამოცემას, იქნება ეს წიგნი თუ ბროშურა, უკვე არღვევს კანონს. მსგავს შემთხვევებში მათ აქვთ ერთი მარტივი პასუხი, რომ ეს არის მთავრობის მიერ ანგარიშის ჩაბარება. კი, ბატონო, მაგრამ თუ ეს ანგარიშის ჩაბარებაა, მაშინ ის შენიშვნებიც ჩაიწეროს, რაც საზოგადოებას გაუჩნდა ამ ხნის განმავლობაში. საქმე ისაა, რომ ისინი ერთ მხარეზე არიან ორიენტირებულნი და ეს უკვე ნიშნავს პიარ კამპანიას.
"რაც შეეხება ლოზუნგს, როგორ მომწიფდება, ეს ჯერ თვითონ "ნაციონალურმა მოძრაობამაც" არ იცის. ლოზუნგი ერთ-ერთი გვიანი პირმშოა წინასაარჩევნო სამზადისის. იტვირთება სხვადასხვა ლოზუნგები, მერე უნდა დააკვირდნენ რომელზე უფრო კარგი რეაქცია მოდის და საბოლოო არჩევანი ასე გააკეთონ."
კულტურის სამინისტრო მის მიერ განხორციელებულ პროექტზე კომენტარს არ აკეთებს. სამინისტროს პრესცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს უშუალოდ მინისტრის, ნიკა რურუას კონპენტენციაში შედის. წიგნი იქნება თუ არა გაყიდვაში არ იციან, სავარაუდოდ, მას მომდევნო კვირებში ყველა ოჯახი საჩუქრად მიიღებს, ისევე როგორც მერიის მიერ გამოცემულ, 101 - გვერდიან საუკეთესო ხარისხის ფურცლებზე ნაბეჭდ ჟურნალს "თბილისური ამბები".