გერმანული კომპანია Karmann GmbH მთელს მსოფლიოში განთქმულია, როგორც ავტობუსებისა და სხვადასხვა მარკის ავტომობილების სპორტული და კაბრიოლეტური ვერსიების მწარმოებელი. მაგრამ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მასზე ძალზე მძიმე გავლენა მოახდინა და კომპანია იძულებული გახდა თავი ბანკროტად ეცნო.
ურიკები, ავტობუსები და უბერებელი Ghia
კომპანია Karmann GmbH 1874 წელს დააარსა ვილჰელმ კარმანმა როგორც ურიკების, ეტლებისა და ეკიპაჟების მწარმოებელი ქარხანა. თავისი პირველი ავტომობილი კომპანიამ 1902 წელს ააწყო, ერთი წლის შემდეგ კი გადაწყდა მოღვაწეობის ძირითად სფეროდ ავტობუსების წარმოება ექციათ. Karmann-ს საქმე მშვენივრად წაუვიდა, მაგრამ 20-30-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა იგი გვარიანად დააზარალა. შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო, რომლის დროსაც Karmann-ის საწარმოო სიმძლავრეების დიდი ნაწილი სამხედრო მოქმედებებისას დაზიანდა.
ომის შემდეგ კომპანიის წარმოება ურიკებისა და სხვა პატარა ნივთების წარმოებამდე იყო შემცირებული. მოკავშირეთა ძალები Karmann-ს ავტომობილების გამოშვების უფლებას არ აძლევდნენ, კომპანიას მათი მხოლოდ შეკეთება შეეძლო. ბოლოს, კარგახნიანი მოლაპარაკებების შემდეგ Karmann-ს Volkswagen-ისათვის კაბრიოლეტის პროტოტიპის შექმნის ნება დართეს. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ორი კომპანიის ურთიერთობას, რომლის პირველი პირმშო ავტომობილი Karmann Ghia გახლდათ.
მართალია, ახალი ავტომობილი Volkswagen-ის ბაზაზე შეიქმნა, მაგრამ ეს სრულიად სხვა მოდელი გახლდათ. იგი განსხვავდებოდა არა მარტო გარეგნულად, არამედ მოდერნიზირებულ იქნა ძრავი და სავალი ნაწილი. ევროპელები ამტკიცებდნენ, რომ Karmann Ghia ამერიკულად იყო მოდერნიზირებული, ამერიკელებმა კი მის დიზაინში იტალიური ფესვები აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას კონვეირული წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობა არ გააჩნდა და ამიტომ ყოველი მოდელი ხელით იქმნებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო ძარის დამზადება გახლდათ, რომლის თითოეულ დეტალს შორის ნაკერის ტყვიით ამოვსება ხდებოდა. ეს ავტომობილებს ინდივიდუალურ, უნაკერო გარეგნობას აძლევდა. ამგვარი ძარის დამზადება იმდენად შრომატევადი საქმე იყო, რომ მასზე კომპანიის თანამშრომელთა ორი მესამედი მუშაობდა.
Karmann Ghia ძალზე პოპულარული გახდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, სადაც მისი დებიუტი 1955 წელს შედგა. ამერიკელებს განსაკუთრებით ის მოეწონათ, რომ ავტომობილის სიმძიმის ცენტრი უფრო დაბლა მდებარეობდა, რაც მის მართვას ბევრად მოსახერხებელს ხდიდა და მოდელსაც დამატებით ჩქაროსნულ თვისებებს სძენდა.
ამერიკისა და ევროპის გზებზე მსგავსი არაფერი მოძრაობდა. Karmann Ghia-სთან სისწრაფითა და მოსახერხებულობით ახლოს მხოლოდ სპორტული Morgan 4/4 თუ მივიდოდა, თუმცა, ნაკლებად მიმზიდველი ექსტერიერი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტები Karmann Ghia-ს მდიდრულ “მასერატისა” და “ლამბორჯინისაც” კი ადარებდნენ.
50-იან წლებში Karmann-მა რამდენიმე ათეული ათასი კუპე და კაბრიოლეტი Ghia გამოუშვა, 60-იანი წლებიდან კი მოდელის მოდერნიზაციას შეუდგა. ეს ძირითადად ძრავის გაძლიერებაში გამოიხატებოდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ Karmann Ghia-ს არსებობის 19 წლიანი ისტორიის განმავლობაში მისი ძარის დიზაინი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
კრიზისის მსხვერპლი
1974 წლიდან Karmann Ghia-მ გზა ახალ მოდელს Karmann Scirocco-ს დაუთმო. მართალია, Ghia კვლავ ძალზე პოპულარული იყო, მაგრამ იგი, როგორც „ხოჭოს“ სპორტული ვერსია უკვე მორალურად მოძველდა, რადგან Volkswagen-მა გადაწყვიტა მთლიანად გადასულიყო ისეთ მოდელებზე, რომლების ძრავიც წინ იქნებოდა განლაგებული და წყლით გაგრილების სასტემით აღიჭურვებოდა.
მალე Karmann-მა კიდევ ერთი, პოპულარული მოდელის, Corrado-ს მოდერნიზება განახორციელა. საერთოდ, უნდა უთქვას, რომ კომპანიამ Volkswagen-თან თანამშრომლობის ფარგლებში მისი მოდელების დიდი ნაწილის ორიგინალური ვერსია შექმნა. ისიც აღსანიშნავია, რომ Karmann მხოლოდ Volkswagen-თან ურთიერთობით როდი შემოიფარგლა. მის მიერ მოდერნიზებულ იქნა Audi-ის, Chrysler-ის, Renault-ის და Ford-ის რამდენიმე მოდელი.
გარდა ამისა, Karmann ნაყოფიერად თანამშრომლობდა სხვადასხვა ავტოკომპანიასთან, რის შედეგადაც არაერთი განთქმული მოდელი შეიქმნა. მაგალითად, სწორედ Karmann-ის კოსტრუქტორთა თანამშრომლობის წყალობით შექმნეს Audi A4 და TT, აგრეთვე განთქმული Mercedes-Benz CLK.
ეგზომ მნიშვნელოვანი წარმატებები წყალობით Karmann-ის საქმე სულ უფრო და უფრო უკეთ მიდიოდა. კომპანია საწარმოო სიმძლავრეებს სულ უფრო აფართოვებდა. მშობლიური გერმანიის გარდა Karmann-მა ქარხნები აამოქმედა აშშ-ში, პორტუგალიაში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში.
Karmann-მა, რომელიც უკანასკნელი დამოუკიდებელი მწარმოებელი გახლდათ, რომლის ქარხნებში ავტომობილებს აგენტური ხელშეკრულებებით აწყობდნენ. 1949 წლიდან მოყოლებული კომპანიამ 4 მილიონამდე ავტომობილი გამოუშვა, მაგრამ ეს უნიკალური ავტომწარმოებელი ამჟამინდელმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა დაასამარა. ქვემო საქსონიის მთავრობა Karmann-ს დახმარებას უკვე დაპირდა. შესაძლებელია, გაბანკროტების პროცედურის დასრულების შემდეგ საწარმოო სიმძლავრეების ნაწილის და, რაც მთავარია, Karmann-ის უნიკალური ბიზნესის გადარჩენა მოხერხდეს.