ირლანდიაში ევროკავშირის საბიუჯეტო პაქტთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა

ირლანდიაში ევროკავშირის საბიუჯეტო პაქტთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა

2012 წლის 31 მაისს ირლანდიაში ჩატარდა რეფერენდუმი საბიუჯეტო პაქტის მიღების თაობაზე, რომელსაც ბრუსელში 2 მარტს მოეწერა ხელი 27-დან 25 ქვეყნის მეთაურის მიერ.

გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით შემუშავებული დოკუმენტი შეიქმნა იმისთვის, რომ ევროზონაში და მთლიანად ევროკავშირში, ახალი და საიმედო საფუძველი ჩაეყაროს საფინანსო და საბანკო ბაზარს, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ამჟამინდელი სავალო კრიზისის განმეორება. ირლანდია არის ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელმაც ეს პაქტი საყოველთაო სახალხო რეფერენდუმზე გამოიტანა.

რეფერენდუმამდე რამოდენიმე დღით ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენდი კენიმ სატელევიზიო ეთერის მეშვეობით მიმართა მოქალაქეებს და მოუწოდა მათ პაქტის მხარდაჭერისკენ იმდენად, რამდენადაც ეს პაქტი „საშუალებას იძლევა განხორციელდეს ეკონომიკური და საბიუჯეტო კონტროლი ევროზონის ქვეყნებში.“ „ეს პაქტი მოგვიტანს სტაბილურობას, რომელიც აუცილებელია ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. არჩევნების დადებითი შედეგი დაამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა აკეთებს ყველაფერს ეკონომიკის აღსადგენად“ - განაცხადა მან.

მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა აღიარა, რომ კოალიციური მთავრობის მიერ მიღებული ზოგიერთი ზომა საკმაოდ მტკივნეული იყო ბევრი ადამიანისთვის, და დაამატა, რომ გაღებულმა მსხვერპლმა უკვე გაამართლა. მან მოქალაქეებს დარწმუნებთი განუცხადა, რომ „ირლანდიის საერთაშორისო რეპუტაცია აღდგენის გზაზეა, სახელმწიფო ფინანსები კონტროლზეა აყვანილი, ხოლო უმუშევრობის დონე, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რჩება მაღალ მაჩვენებელზე, შედარებით დასტაბილურდა“.

რეფერენდუმის წინ შინაგან საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, ეიმონ გილმორმა ამ შეთანხმებას „გარანტია“ უწოდა და ირლანდიელ ამომრჩეველს ახალი წესების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა შესაძლოა ისეთივე კრიზისში აღმოჩნდეს, როგორშიც საბერძნეთი.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის გზაზე. შეთანხმება ხელს შეუწყობს ევროს გამყარებას და უცხოელი ინვესტორების მოზიდვას, რომლებიც თავის მხრივ სამუშაო ადგილებს შექმნიან. შეთანხმება ასევე გახდება იმის გარანტია, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს გამოიყენოს ევროპული სტაბილიზაციის მექანიზმები, თუკი დაგვჭირდება მომავალში“ - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ევროკავშირის საბიუჯეტო პაქტის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას სათავეში პარტია „სინ ფეინის“ ლიდერი, ჯერი ადამსი ჩაუდგა. მან მოქალაქეებს ნაციონალური ინტერესების დაცვისკენ მიუწოდა. „ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ გადადო შეთანხმების რატიფიკაცია, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა არ მუშაობს და არც რეფერენდუმის შემდეგ ამუშავდება. ახლა, თუ თქვენ არ მოგწონთ მთავრობის ქმედებები, შეგიძლიათ დაითხოვოთ ან ხელახლა აირჩიოთ, მაგრამ თქვენ ვერ გააკეთებთ იგივეს ფრანკფურტისა და ბერლინის ბიუროკრატებთან მიმართებაში, რომლებიც თქვენ არ აგირჩევიათ“.

მიუხედავად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, 2012 წლის 31 მაისს ირლანდია გახდა ევროკავშირის მეცხრე ქვეყანა, რომელმაც მოიწონა და მიიღო ფისკალური პაქტი ხმათა 60.3%. პაქტის საწინააღმდეგოდ ხმა მოსახლეობის 39.7%-მა მისცა. 31 მაისის რეფერენდუმზე საკმაოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, ხმის მისაცემად 3.1 მლნ. ამომრჩევლის მხოლოდ 50.6% მივიდა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვარ რომპუიმ შედეგების გამოცხადების შემდეგ, 1 ივნისს განაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი „მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტაბილურობისა და ეკონომიკის აღდგენისთვის.“ ჟოზე მანუელ ბაროზომაც მიულოცა ირლანდიელ ხალხს და აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ირლანდიის ევროკავშირის ცენტრალურ ქვეყნად დამკვიდრების საკითხზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, სოციალისტმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „კიდევ ერთი ელემენტია ევროზონის გლობალური სტრატეგიისთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს თან ზომები ეკონომიკის ზრდისათვის“.

რაც შეეხება თვითონ ფისკალურ პაქტს, რომელსაც ფორმალურად ეწოდება „სტაბილურობის, კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ შეთანხმება ეკონომიკურ და მონეტარულ გაერთიანებაში“, როგორც უკვე ავღნიშნეთ, იგი ხელმოწერილ იქნა ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყნის ლიდერების მიერ 2 მარტს. პაქტს არ შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი. შეთანხმება 2011 წლის ბოლოს შეიქმნა იმისთვის, რომ არსებულიყო გარკვეული გარანტია იმისა, რომ საბერძნეთის, ირლანდიის, პორტუგალიისა და ევროს გადარჩენის ფონდში ჩარიცხული ასეულობით მილიარდი ევრო არ გაიფლანგებოდა.

შეთანხმებას უკვე დაუჭირა მხარი საბერძნეთის, პორტუგალიის, სლოვენიის, უნგრეთის, ლატვიის, რუმინეთის, დანიისა და შვედეთის პარლამენტებმა. გერმანიას ჯერ არ დაუნიშნავს თარიღი, თუმცა იგეგმება, რომ პარლამენტი ამ საკითხს საზაფხულო არდადეგებამდე განიხილავს. რაც შეეხება საფრანგეთს, აქ 17 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ელიან. ევროზონის ქვეყნებმა შეთანხმება შემდეგი წლის მარტამდე უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაეთიშებიან ევროპული სტაბილურობის მექანიზმის ფონდს (ESM). შეთანხმება ძალაში ან 2013 წლის იანვრიდან შევა, ან მას შემდეგ, რაც 12 ქვეყანაში მოხდება მისი რატიფიცირება.

შეთანხმება ავალდებულებს მთავრობას, წარმოადგინოს დაბალანსებული საბიუჯეტო წესები სტრუქტურულ დეფიციტთან დაკავშირებით - ანუ, იარსებებს საზომი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ნორმალურ ეკონომიკურ გარემოში დეფიციტი (ერთჯერადი შემოსავლების, დანახარჯების ან ვალის დასაფარად გათვლილი დანახარჯების გამოკლებით). შეთანხმების საფუძველზე ამ მაჩვენებელმა არ უნდა გადააჭარბოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5%-ს. ეს წესი იქნება ერთგვარი „ავტომატური კორექციული მექნიზმი“, სადაც მთავრობა ვალდებულია განახორციელოს დანახარჯების შემცირება დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ დეფიციტი დადგენილ ზღვარს გადასცდება. შეთანხმების შესრულებას ევროკავშირის სასამართლო გააკონტროლებს.