"საზოგადოება ელოდება, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტისას ყველაზე დიდ ყურადღებას საარჩევნო გარემოსა და დემოკრატიულ რეფორმებს დაუთმობს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ცალკეული საკითხების გამოყოფა არ შეიძლება. ამერიკული მხარე კი მნიშვნელოვნად თავად ვიზიტს მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ ბათუმში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა გააკეთა - მისი თქმით, "ჰილარი კლინტონის ვიზიტი ნათელი სიგნალია იმ მხარდაჭერისა და განწყობისა, რომელიც აშშ-ს საქართველოს მიმართ აქვს". აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ერიკ რუბინის განცხადებით კი, იგი ვერ იტყვის, რომ "რომელიმე კონკრეტული თემა იქნება წამყვანი ამ შეხვედრების დროს". რუბინი გუშინ "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კლინტონის ვიზიტი დემოკრატიული არჩევნების იმედია / აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ოპოზიცია შეუსრულებელ დაპირებებზე, ხელისუფლება კი მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრებს.
"შეხვედრაზე მედიაკლუბის ხელმძღვანელმა ნინო დანელიამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეუსრულებელ ვალდებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ვალდებულებების მიუხედავად, სახელმწიფოს ჯერ ისევ არაფერი აქვს გაკეთებული. "სულ გადადებულია ეს საქმე - 2015 წელს ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ, აღარ გვექნება სატელევიზიო სიგნალი და დავრჩებით ინფორმაციულ ვაკუუმში. ვისაუბრე იმაზეც, რომ თბილისს გარეთ მოსახლეობას არ აქვს წვდომა ალტერნატიულ ინფორმაციაზე. წინასაარჩევნო პერიოდში მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ ყველა ინფორმაცია და თავად გააკეთონ არჩევანი... ყველაზე მეტად რაც გამიხარდა ის იყო, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი მნიშვნელოვანი თემები მათ რადარზე აუცილებლად მოექცევა. მათ თქვეს, რომ თუკი წინასაარჩევნო გარემო არ შეიცვლება, თუ მოქალაქეებს ყველა სახის ინფორმაციაზე წვდომა არ ექნებათ, ისინი ვერ ჩათვლიან, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში და რომ ადამიანებმა გააკეთეს თავისუფალი არჩევანი", - განაცხადა ნინო დანელიამ, რომლის თქმით, ისინი უკვე მოსთხოვენ ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყონ სამართლიანი მედიაგარემო", - აღნიშნავს გამოცემა.
"საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კი ამბობს, რომ ერიკ რუბინთან სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საარჩევნო გარემოს დაეთმო - "ძალიან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე. ერთი მხრივ, საზოგადოებას უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა შეძლოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება და მეორე მხრივ, საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა საქართველოში შეაჩერებდა იმ პროცესს, რასაც უთანასწორო გარემო ან კანონის შერჩევითი გამოყენება ჰქვია. ითქვა, რომ ეს საკითხები დღის წესრიგში ჩაისმება და განიხილება უმაღლესი დონის შეხვედრებზე", - აღნიშნა ჩუგოშვილმა, რომელიც იმედოვნებს, რომ "პარლამენტი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და არასამთავრობოების წინადადებებს გაიზიარებს", - განაგრძობს გამოცემა.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ამ შეხვედრაზე დასმული საკითხები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილიოსთვის ძალიან ნაცნობია. "მან განაცხადა, რომ ხვალინდელი შეხვედრებისას რამდენიმე საკითხზე ყურადღებას აუცილებლად გაამახვილებენ: ესენია მედიის ხელმისაწვდომობის საკითხი, ზეწოლისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, შრომითი უფლებები. ერიკ რუბინმა აღნიშნა, რომ ყურადღებით მიადევნებენ თვალს ამ პროცესებს, ვინაიდან აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გარეშე შეუძლებელი იქნება არჩევნები შეფასდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისივე აზრით, კლინტონის ვიზიტი წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეხმარება სამოქალაქო სექტორს "მწვავედ დასვან პრობლემები საქართველოს ხელისუფლების წინაშე და მათ დარეგულირებაში საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღონ", - დასძენს გამოცემა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელ ეკა გიგაურის თქმით, სახელმწიფო მდივნის მოადგილისგან მათ მიიღეს მკაფიო გზავნილი, რომ ჰილარი კლინტონი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს: "ვგულისხმობ წინასაარჩევნო გარემოს - მივიღეთ დაპირება, რომ სახელმწიფო მდივანი დააყენებს იმ საკითხებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რათა ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს", - აცხადებს ეკა გიგაური, რომლის განმარტებით ესენია "მედიაგარემო, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა საქართველოში", - წერს სტატიის ავტორი.
"ჰილარი კლინტონი შეხვედრას გამართავს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში ამბობენ, საელჩომ მიმართა ოპოზიციურ პარტიებს, დაესახელებინათ თავისი წარმომადგენლები, რომლებიც ამ შეხვედრას დაესწრებოდნენ. რაც შეეხება ცალკეულ ლიდერებთან პირისპირ შეხვედრას, ასეთი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. ოპოზიციიდან კლინტონს სამი წარმომადგენელი შეხვდება "ქართული ოცნებიდან" - მანანა კობახიძე, თეა წულუკიანი და დავით უსუფაშვილი. ოპოზიციიდან შეხვედრას ასევე დაესწრებიან "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე - ისინიც კლინტონთან შეხვედრისას ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე და წინასაარჩევნოდ არსებულ პრობლემებზე გაამახვილებენ ყურადღებას. ხელისუფლება კი ჯერჯერობით კონკრეტულად ვერ საუბრობს იმაზე, თუ რა საკითხები იქნება დასმული ამ შეხვედრებისას და აქცენტს მხოლოდ ვიზიტის მნიშვნელობაზე აკეთებს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"თინა ხიდაშელის განმარტებით, დაპატიჟეს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები - "მთავარია კოალიციის ლიდერებმა კლინტონს ჩვენი სათქმელი მიუტანონ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი წარმომადგენლები წარმატებით გაართმევენ თავს. ჩვენ უნდა ვთხოვოთ სახელმწიფო მდივანს, დაგვეხმაროს არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. ჩვენი წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანთან ხელისუფლების არაადეკვატურობაზე აპირებენ საუბარს, რამაც შესაძლოა ქვეყანას პრობლემები შეუქმნას და სთხოვენ სტრატეგიულ პარტნიორს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს. პრიორიტეტი სრულიად ნათელია - ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანიაში ვიმყოფებით, გვყავს ხელისუფლება, რომელიც რაციონალური, პოლიტიკური და სამართელბრივი ჩარჩოებიდან საერთოდ ამოვარდნილია", - აღნიშნა ხიდაშელმა, რომელიც თვლის, რომ "ხელისუფლების არაადეკვატურობის გამო ქვეყანას პრობლემები არ უნდა შეექმნას და საქართველოს საფრთხის წინაშე არ დადგეს, რათა ამ კაცმა, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩა ხელისუფლებაში, ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს" - დასძენს სტატიის ავტორი.