საზაფხულო დასაქმებაში ჩართულ სტუდენტებს

საზაფხულო დასაქმებაში ჩართულ სტუდენტებს "ნაცმოძრაობის" აქციებზე სიარულს ავალდებულებენ

"დღეს სტუდენტური დასაქმების პროგრამაში (Summer Job) მონაწილეობის მსურველთათვის ხელახალი რეგისტრაცია დაიწყება. თუმცა როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, ამჯერად პროგრამაში გარანტირებულად მოსახვედრად სტუდენტებს ერთ პირობას იყენებენ - ისინი მუდმივად უნდა დაესწრონ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებსა თუ შეხვედრებს - ამ წინადადებით სტუდენტებს "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები უკავშირდებიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით Summer Job-ში დასაქმებულ სტუდენტებს "ნაცმოძრაობის" აქციებზე სიარულს ავალდებულებენ / "ოღონდ როცა დაგირეკავთ, ჩვენ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე უნდა მოვიდესო..."

"სამი დღის წინ მეზობელმა - "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორმა დამირეკა, იცოდა რა ჩემი ოჯახის გაჭირვების ამბავი, ჩემი სტუდენტი შვილის დასაქმება და სოციალური პაკეტი შემომთავაზა. მითხრა, რომ ჩემს შვილს ერთი თვით დაასაქმებს, ანუ საზაფხულო დასაქმებაზეა ლაპარაკი - 500 ლარს გადავუხდითო, სააკაშვილმა რომ თქვა. თან ისიც მითხრა, საშემოსავლო ჩამოიჭრება და მთლიანად მაგ თანხას ვერ აიღებსო. ოღონდ როცა დაგირეკავთ, ჩვენ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე უნდა მოვიდესო.... ბევრი ასეთი შემთხვევა გამიგია. ეს ყველაფერი მასობრივად ხდება. ძირითადად სოციალურად დაუცველ ოჯახებს სთავაზობენ და ამ გზით მათ გადაბირებას ცდილობენ. არ მინდა პრობლემები ამ ადამიანს შევუქმნა - თვითონ პარტიის კოორდინატორები და აქტივისტებიც ცუდ დღეში არიან - წამოსვლა უნდათ, თუმცა ისინიც დაშინებული არიან და იძულებული არიან, ხელისუფლების დავალებები შეასრულონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თბილისელი ნინო, რომელიც ვინაობის გამხელაზე უარს აცხადებს.

"მმართველ პარტიაში კი კოორდინატორების მიერ სტუდენტებისთვის დასაქმების შეთავაზებას გამორიცხავენ - "ნაცმოძრაობის" პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი პატარაია აცხადებს, რომ ასეთი დავალება არავისთვის მიუციათ. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამას კანონდარღვევად აფასებენ - "თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. დასაქმების პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პარტიას კი საბიუჯეტო პროგრამების თავისი ინტერესებისთვის გამოყენება ეკრძალება", - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისთვის" თავმჯდომარე ნინო ლომჯარია. დასაქმების პროგრამა არ არის რომელიმე პარტიის პროგრამა, ის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კურირებს. თუ ეს ფაქტი მოხდა, კანონდარღვევად ჩაითვლება", - მიიჩნევს საიას იურისტი ლელა ტალიური. მისი აზრით, ასეთი დაპირებები, შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვადაც ჩაითვალოს", - აღნიშნავს გამოცემა.

"შეგახსენებთ, რომ Summer Job-ში მონაწილეობის მსურველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პირველი რეგისტრაცია 20 მარტს მოეწყო. როგორც პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, დარეგისტრირებულ სტუდენტთა ნაწილის გეგმები შეიცვალა, რის გამოც ისინი პროექტს გამოეთიშნენ და სამინისტრო ხელახალ რეგისტრაციას იწყებს - ამ ეტაპზე სტუდენტებისთვის 1500-ზე მეტი ადგილია ვაკანტური. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში 25 000 სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამა თბილისში 2006 წელსაც, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც თითოეულ სტუდენტს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაუხადეს", - დასძენს გამოცემა.