პან მიხალ სოლოვოვი

პან მიხალ სოლოვოვი

მიხალ სოლოვიოვის ცხოვრება სულაც არ წააგავს იმ პოლონელი „სანტექნოკოსებისას“, რომლებმაც სახალხო დემოკრატიის ყოფილი ქვეყნის ევროკავშირითან მიერთების შემდეგ დასავლეთს ფულის საშოვნელად მიაშურეს. 47 წლის სოლოვოვმა, რომლის პირადი კაპიტალი ზუსტად 1 მილიარდ დოლარს შეადგენს, მთელი ქონება პოლონეთში მოიხვეჭა. დღეს იგი იატაკის კერამიკული და ლამინირებული ფილების ევროპულ „მეფედ“ არის მიჩნეული. მიხალმა ისევე დაიწყო, როგორც ბევრმა აღმოსავლეთევროპელმა ბიზნესმენმა, რომლებმაც საქმისათვის ხელის მოკიდება სოციალიზმის კრახის შემდეგ გადაწყვიტეს. თუმცა, მრავალთაგან განსხვავებით, სოლოვოვი წარმატებული აღმოჩნდა.

 

მერსედესით ცხოვრებაში

სოლოვოვი ჟურნალისტებს დიდ პატივს სცემს, თუმცა, მათთან დიდად გულახდილი არასოდეს არის. მას პოლონეთში ერთობ ჩაკეტილი პიროვნების სახელი აქვს გავარდნილი. მახალი დაიბადა 1962 წელს პროვინციულ, ღარიბ ქალაქ კელცში. საბჭოთა იმპერიის ნგრევა რომ დაიწყო იგი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი იყო. ყმაწვილი ინჟინერ-მექანიკოსოს დიპლომის აღებასა და მეზობელ გერმანიაში სამუშაოდ წასვლაზე ოცნებობდა.

 

ასეც მოიქცა. გერმანელებთან მიხალი ავტოსახელოსნოში მუშაობდა. ავტომობილებით იგი ყოველთვის გატაცებული იყო. როგორც კი ცოტა ფული მოაქუჩა, მიხალმა უმალ მოძველებული, სპორტული „მერსედესი“ იყიდა. ახალი „პიპიათი“ რომ დაგრიალებდა და ტკბებოდა, სოლოვოვს უცებ აზრი ეწვია, რომ ასეთი ავტომობილი პოლონეთში სამჯერ ძვირი ღირდა.

 

ასე დაიწყო ავტომობილების გერმანიიდან პოლონეთში გადაყვანა. თუმცა, ამ საქმეს დიდხანს არ შერჩენია, რადგან ავტომობილების ყიდვა-გაყიდვიდან შემოსული თანხით გადაწყვიტა ნამდვილი ბიზნესი ეკეთებინა. 1988 წელს სოლოვოვმა დაარეგისტრირა სამშენებლო ფირმა Mitex. მისი საქმე თავიდანვე მშვენივრად აეწყო, მაგრამ ამბიციურ ბიზნესმენს კელცში გასაქანი არ ჰყოფნიდა.

 

ჰოდა, 1994 წელს სოლოვოვმა ვარშავის ბირჟას მიაშურა და თავისი დანაზოგი მინი-მარკეტების ქსელ Polish Life Improvement-ში დააბანდა. მასობრივი მოხმარების სფეროთი მიხალმა გვარიანად იხეირა, მალე აქციები დიდი მოგებით გაყიდა და ახალ პროექტებზე ფიქრს შეუდგა. ახალგაზრდა კაპიტალიზმის ეიფორიით შეპყრობილი პოლონეთი იმ დროს დუღდა და გადმოდუღდა. რუსეთისა და უკრაინისაგან განსხვავებით პოლონეთში არა ოლიგარქები, არამედ ტრანსნაციონალური კორპორაციები მდიდრდებოდნენ.

 

მოკლედ, პოლონეთი ფაქტობრივად სულ დასავლეთისაკენ იცქირებოდა და ქვეყანაში ადგილობრივი მსხვილი ინდუსტრია პრაქტიკულად სულს ღაფავდა. სოლოვოვი მიხვდა, რომ სანავთობე, თუ მანქანათმშენებლობის ბიზნესში ამერიკელ თუ გერმანელ ბიზნესმენებს ვერ შეერკინებოდა და ამიტომაც გადაწყვიტა ხელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის წარმოებისათვის მოეკიდა.

 

სწორედ იმ პერიოდში კელცში გაბანკროტდა საგამომცემლო ფირმა Echo Press. იგი სოლოვოვმა შეიძინა და მის ბაზაზე ახალი კომპანია Echo Investment შექმნა, რომლის შტაბ-ბინა მალე ვარშავის ცენტრში, ქვეყნის მინისტრთა საბჭოს გვერდით გადაიტანა. მიხალს არასოდეს უჭირდა ადამიანაბთან ურთიერთობა და ახალი მეგობრების შეძენა. დანარჩენი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმე იყო. სოლოვოვი არაერთ მაღალჩინოსანს დაუმეგობრდა, რამდენიმე სამთავრობო გაზეთი შეიძინა და მალე რადიოქსელი შექმნა.

 

ამავე პერიოდში სოლოვოვმა ვარშავის საფონდო ბირჟაზე სამოღვაწეოდ დააარსა საინვესტიციო ფონდი Magellan i Columbus. უნდა ითქვას, რომ მიხალს საკმაოდ კარგი ფინანსური ალღო აღმოაჩნდა. იგი გაბანკროტებულ კომპანიებს ყიდულობდა, შლიდა და ნაწილ-ნაწილ ყიდდა. 1999 წელს სოლოვოვს ვარშავის ბირჟაზე ყველა იცნობდა. იგი ერთობ გამოცდილ მოთამაშედ ითვლებოდა.

 

სწორი მეგობრები

ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში მსხვილი ბიზნესის კეთების ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მეგობარი პოლიტიკოსების გარეშე სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სოლოვოვმა პოლიტიკოსებთან დასაახლოებლად არაფერი დაზოგა. ამბობენ, რომ კვასნევსკი ვალენსას სწორედ სოლოვოვის ფულით ებრძოდა. ჰოდა, 1995 წლიდან, როცა კვასნესვკი და მისი პარტია პოლონეთის მმართველი გახდა, მიხალმა მთლად ფრთები გაშალა.

 

იგი აზარტულად ყიდულობდა სხვადასხვა სფეროს საწარმოებს. კერძოდ, შეიძინა პოლონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური კონცერნი Dwory, სანტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი Сersanit, იატაკის საფარის მწარმოებელი Barlinek და ა.შ. სოლოვოვი იმდენად გაიფურჩქნა, რომ გასული საუკუნის ბოლოს მის არსენალში კიდევ შედიოდა კვების პროდუქტების მწარმოებელი ფირმა და თევზის რესტორნების ქსელი.

 

თანდათანობით სოლოვოვი პოლონეთის საზღვრებს გასცდა – რუმინეთში სავაჭრო-გასართობი ცენტრი ააშენა, უკრაინაში კერამიკისა და პარკეტის მწარმოებელი კომპანია შეიძინა, რუსეთში კი სამხერხაოები. რაც მთავარია, მიხალმა აისრულა დიდი ხნის ჩანაფიქრი და აღმოსავლეთში წარმოებულს დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ყიდდა. ასე რომ, შემთხვევითი არ არის, რომ სოლოვოვი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად არის მიჩნეული.

 

ფორმალურად სოლოვოვი ბიზნესის მართვას ბოლო დროს ჩამოშორდა და იგი ხშირად სპორტული ქრონიკის გმირი ხდება. როგორც ამბობს, სპორტი მისთვის მეორედ დაბადებას ნიშნავს. მიხალმა 2003 წელს ავტომრბოლელთა პირველი პროფესიონალური გუნდი Cersanit Rally Team შექმნა, სერიოზულ შეჯიბრებებში მონაწილეობს, გვარიან ფულს ხარჯავს და საკმაოდ კარგ შედეგებსაც აღწევს. იგი უკვე გახდა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი. პან მიხალს ფეხბურთიც ძალიან უყვარს და, როგორც ამბობენ, ვარშავული „ლეგიას“ შეძენას აპირებს.

 

ძნელი სათქმელია, რამდენად შეარყევს მსოფლიო გლობალური ეკონომიკური კრიზისი სოლოვოვის მდგომარეობას. ჯერჯერობით, იგი ერთგვარი სპორტული ჟინით კვლავ აგრძელებს ბიზნესის გაფართოვებას და პოლიტიკური კავშირების დამყარებას და თავს ერთობ კომფორტულად გრძნობს.