"გაოგნებული ვარ, ეს არის ამათი აგონია" - გელა კეტაშვილი

"კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2 ივნისს "ქართული ფეხბურთის ქომაგის" საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო: "2012 წლის 30 მაისს "ქართული ფეხბურთის ქომაგი" დაარსდა. დაფუძნებისთანავე ორგანიზაციის წარმოამდგენლებმა საქველმოქმედო ფონდ "ქომაგი 2"-ის შესახებ საჯარო განცხადებები გააკეთეს და ასოცირება საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ფონდ ქომაგთან" მოახდინეს, რომელიც, იმავდროულად, პარტია "ქართულ ოცნებასთან" კავშირში მყოფ იურიდიულ პირს წარმოადგენს. ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღნიშნავს, რომ მსგავსი ორგანიზაციების დაფუძნება და საქმიანობა მათი მატერიალური დაინტერესების მიზნით ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს... მონიტორინგის სამსახურმა კანონის საფუძველზე "ქართული ფექხბურთის ქომაგის" საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო", - ნათქვამია მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილი პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე კი აცხადებს, რომ არც "ფონდი ქომაგი" და არც "ქართული ფეხბურთის ქომაგი" კოალიცია ქართულ "ოცნებასთან კავშირში არ არის", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით ვინ ჩაურიცხა "ქართული ფეხბურთის ქომაგს" 200 ათასი დოლარი და რატომ დააყადაღა კონტროლის პალატამ ფონდის ანგარიშები?

"ჰო, მოგელაძე მეც მომადგა. იცი, რომ მე ვარ ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში. მინდოდა ამ გაუბედურებულ და ხელმოკლე ვეტერანებს დავხმარებოდი. ქვეყანა, რომელისც 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიადის გამართვას აპირებს, ასე შორს ვერ წავა. გაოგნებული ვარ, ეს არის ამათი აგონია. "ქომაგი პირველი" და "ქომაგი მეორე" არ არსებობს. მე უბრალოდ სიტყვა "ორი" იმიტომ ვახსენე, რომ სოლიდარობა გამოვუცხადე ია მეტრეველს. ჩემი ფონდი არის აბსოლუტურად ცალკე. მე მინდა დავეხმარო ვეტერან სპორტსმენებს და ჩვეულებრივ ადამიანებსაც. როგორც კონტროლის პალატის მიერ გადმოგზავნილ წერილში წერია, დაყადაღებულია 200 ათასი დოლარი - მე არ ვიცი, ეს თანხა საიდან ჩაირიცხა. შაბათ-კვირას ბანკი დაკეტილი იყო და ვერ დავადგინე. როცა ანგარიში ბოლოს ვნახე, არ იყო ამდენი. რომც მცოდნოდა, მე მგონი ცუდი არაფერია. მე ფონდი იმიტომ შევქმენი, რომ თანხები მომეზიდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა კეტაშვილი.

"აუცილებლად ვიჩივლებ. მე ამათი სასამართლოსი არ მჯერა, ამიტომ გამოვიყენებ ყველა სხვა გზასაც, ყველას მოვაწვდენ ხმას - ჩემს უცხოელ მეგობრებსაც და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. ჩემი აზრით, მაინც ბევრი "ქომაგი" უნდა შეიქმნას აუცილებლად... აქ სხვა საკითხია, კონტროლის პალატის გამოგზავნილ წერილში მე გაიგივებული ვარ ქალბატონ ია მეტრეველთან, რაც სრული აბსურდია. ვიმეორებ, მე, უბრალოდ, სოლიდარობა გამოვუცხადე ამ ადამიანს", - დასძენს გელა კეტაშვილი და შეკითხვას - "შენ ასევე გაიგივებული ხარ ბიძინა ივანიშვილთან", - პასუხობს:

"არა, არა, ჩვენს ფონდთან ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია და ეს ყველამ უნდა გაიგოს".

"კონტროლის პალატამ უკვე მეორე საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშებს დაადო ყადაღა. საქმე ეხება ფონდს "ქართული ფეხბურთის ქომაგი", რომლის დაფუძნება ყოფილმა ფეხბურთელმა - ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა საერთაშორისო ფონდ "ქომაგისადმი" სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა. თუმცა, როგორც ფონდის დამფუძნებელი გელა კეტაშვილი აცხადებს, ფონდებს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მოგელაძემ "ქომაგი 2"-იც დააყადაღა / ქვეყანა, სადაც სოლიდარობის გამოცხადება სამართლებრივი დევნის საბაბი ხდება.

"კონტროლის პალატის განცხადებაში არ ჩანს "ქომაგი 2"-ის რამე კავშირი პოლიტიკურ პარტიებთან. თუ მხოლოდ ის არის მიჩნეული კანონის დარღვევად, რაც კეტაშვილმა განაცხადა, რომ ისინი დახმარებას გაუწევენ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულებს, ჩემი აზრით, ეს ფონდის დაყადაღების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო. ასე თუ მოვუდგებით, ნებისმიერი საქველმოქმედო საქმიანობა შესაძლებელია მიჩნეულ იყოს პარტიასთან კავშირად. მაგალითად, საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს ტუბერკულოზით დაავადებულებს, ეს შეიძლება ასე განვიხილოთ - სახელმწიფო ვერ უწევს სათანადო დახმარებას ტუბერკულოზით დაავადებულებს და რადგან ფონდი შეიქმნა, რათა მათ სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღონ, ე.ი. ფონდი საქმიანობას ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევა?!" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

"როცა საუბარია "თვალთმაქცურ და მოჩვენებით" ქმედებაზე, ეს მიზეზი ახსნილი და დამტკიცებული უნდა იყოს. ნებისმიერი ბრალდება, რაც რამე სანქციას ითვალისწინებს, ყოველთვის სათანადოდო უნდა იყოს დასაბუთებული. მაგრამ, სამწუხაროდ, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით სრულიად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს და ეს პროცესი როგორც ვხედავთ, გრძელდება", - დასძენს ვახტანგ ხმალაძე.

"კონტროლის პალატის არგუმენტაცია სრულიად გაუგებარია. განცხადებაში კონკრეტული ფაქტები არ არის, მხოლოდ ვარაუდი კი ყადაღის მიზეზი არ შეიძლება იყოს. კონკრეტულად უნდა მიუთითონ, რომელი კანონსაწინააღმდეგო გადარიცხვა შესრულდა. ისიც გაურკვეველია, თუ ფონდს "ქართული ფეხბურთის ქომაგი" ჰქვია, მაშინ რა შუაშია აქ კონტროლის პალატა. სოლიდარობის გამოცხადებისთვის არ შეიძლება ორი სხვადასხვა ფონდი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ეს მიზეზი საკმარისი არ არის, რომ კონტროლის პალატის ქმედება კანონიერად მივიჩნიო. სოციალურად დაუცველს თუ ფონდი ეხმარება, ეს არ უნდა გახდეს მისი დაყადაღების მიზეზი. საქმე ის არის, რამდენად ჩაითვლება ეს "ამომრჩევლთა მატერიალურ დაინტერესებად", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელი დიმიტრი ხაჩიძე.