„იურიდიული პრობლემების მქონე „სითი ინსტიტუტს“ ელიავას ბაზრობის რეკრეაციულ ზონად გადაკეთება მოვაჭრეების ხარჯზე სურს“

„იურიდიული პრობლემების მქონე „სითი ინსტიტუტს“ ელიავას ბაზრობის რეკრეაციულ ზონად გადაკეთება მოვაჭრეების ხარჯზე სურს“

„ელიავა ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ოთარ იმნაიშვილი აცხადებს, რომ „სითი ინსტიტუტს“, რომელსაც ელიავას ბაზრობის რეკრეაციულ ზონად გადაკეთება სურს, იურიდიული პრობლემები აქვს.

ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ბიზნესკოდის“ ეთერში სტუმრობისას ოთარ იმნაიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“ უახლოეს მომავალში დასკვნას დადებს, სადაც ამ ხარვეზებზე იქნება საუბარი. ასევე, მანვე აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია „სითი ინსტიტუტის“ ფინანსებთან დაკავშირებით კვლევას აწარმოებს.

ოთარ იმნაიშვილი ამბობს, რომ „სითი ინსტიტუტს“ 15 ათასი მოვაჭრის ხარჯზე სურს ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაკეთება მაშინ, როდესაც ბაზრობის ადმინისტრაციას 2011 წლიდან აქვს პროექტი, რომელიც მოვაჭრეების ინტერესების გათვალისწინებით უპრეცენდენტო მასშტაბის სავაჭრო ობიექტის აშენებას გულისხმობს.

„ეს ტერიტორია რეკრეაციული ზონებით ყველაზე მეტად არის დატვირთული. 250 მეტრში არის მუშტაიდის ბაღი, ბაზრობის მოპირდაპირე მხარესაც ასევე დიდი ტერიტორიაა, სადაც ასევე შესაძლებელია რეკრეაციული ზონოის მოწყობა. 15 ათასი მოვაჭრის ხარჯზე, რომნლებიც ოჯახებს არჩენენ, რეკრეაციული ზონის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“,- ამბობს ოთარ იმნაიშვილი.

სამშენებლო კომპანია „ჯისისი“-ს დირექტორი და დამფუძნებელი ოთარ ბიბილეიშვილი აცხადებს, რომ ბაზრობის ადმინისტრაცია 2011 წლიდან სამშენებლო სამუშაოებს ატარებს, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯული აქვს.

„მსგავსი მასშტაბის სავაჭრო ობიექტი, რომლის გაკეთების გეგმაც ჩვენ გვაქვს, საქართველოში არ არსებობს. ამ მიმართულებით, რამდენიმე წელია ვმუშაობთ. მიმდებარე ტერიტორიის დახვეწის მიზნით, კონკრეტული სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ჩვენი პროექტით, ადგილზე მოეწყობა გასართობი ცენტრები, მოსასვენებელი ადგილები, სავაჭრო ზონა. მოწესრიგებული იქნება ინფრასტრუქტურა. ქალაქის ცენტრში მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული ობიექტი აშენდება. საუბარია დაახლოებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რომლის ფარგლებშიც უამრავი ადამიანი დასაქმდება, პრიექტის კონცეფცია უკვე მზად არის და ჩვენ მშენებლობას ვიწყებთ“,- აღნიშნა გადაცემა „ბიზნესკოდის“ ეთერში სტუმრობისას ოთარ ბიბილეიშვილი.

ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციამ 2016 წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება მომხდარიყო მათ საკუთრებაში არსებული მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება _ დამტკიცება ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან.

ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის ტერიტოორის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტმა  ყველა ეტაპი გაიარა, დარჩენილია მხოლოდ საკრებულოს დასტური, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. უცნობია, ვის რა ინტერესი აქვს მიმდებარე ტერიტორიასთან, თუმცა ფაქტი ერთია - ადმინისტრაცია თანახმაა მიმდებარე ტერიტორია ისე მოაწყოს, რომ სრულად იყოს ჰარმონიაში არსებულ ლანდშაფტთან და მიმდებარედ არსებულ არქიტექტურულ ნაგებობებთან, ასევე გათვალისწინებული იყოს ეკოლოგიური ფაქტორები ისე, რომ მოვაჭრეების კომერციული ინტერესები არ დაირღვეს.

პროექტზე ცნობილმა არქიტექტორმა, გოგი  სულაბერიძემ იმუშავა, რომელიც 60 000 კვადრატულ მეტრზე, როგორც მოვაჭრეებისთვის განკუთვნილ შენობებს, ასევე გამწვანებასა და დასასვენებელ სივრცეს მოიცავს.

ადმინისტრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მოვაჭრეები, რომელთა რაოდენობა 15 ათასს აღწევს.