ლატვიამ სრულიად ევროპას აჯობა

ლატვიამ სრულიად ევროპას აჯობა

ევროპაში არსებული არასტაბილურობის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ერთობ უცნაურად გაიჟღერა ლატვიის მთავრობის განცხადებამ. მათი თქმით, ქვეყანამ არა მარტო კრიზისი დაძლია, არამედ მისი შიდა პროდუქტის მოცულობა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება. ასე რომ, ლატვია მზად არის ეკონომიის რეჟიმიდან გადასახადების შემცირებაზე გადავიდეს.

ლატვიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანაში გვარიანად შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი, იზრდება ინვესტიციები და ხელფასები და უკვე ზედიზედ მეორე კვარტალია ქვეყანა ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის საუკეთესო მაჩვენებლით იწონებს თავს. ქვეყნის მეთაურის თქმით, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდა ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნებითა და ე.წ შიდა დევალვაციით. განხორციელდა სტრუქტურული რეფორმები და ბიუჯეტის კონსოლიდაცია და სამ წელში ლატვია ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული და ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნიდან კავშირის ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად იქცა., სადაც წარმოებისა და ექსპორტის მოცულობამ კრიზისამდელ პერიოდს გადააჭარბა.

გამოდის, ლატვია ევროპის ერთგვარი თეთრი ყვავი ყოფილა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ლატვიის წარმატება სწორედ იმ ზომებმა განაპირობა, რითაც აგერ უკვე რამდენი ხანია საბერძნეთის გადარჩენას ცდილობენ.

თუმცა, ფაქტია, რომ ლატვიის ფინანსთა სამინისტრო, რომლის დაჟინებული მოთხოვნითაც თავის დროზე დამატებითი ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები გაიზარდა, ახლა საწინააღმდეგო პოლიტიკის მომხრეა და მთავრობას ბეგარის შემცირება შესთავაზა. კერძოდ, მიმდინარე წელს დაგეგმილია დამატებითი ღირებულების გადასახადის 2 პროცენტით, 22-დან 20 პროცენტამდე შემცირება, საშემოსავლო კი მომავალ წელს სულაც 5 პროცენტით, 25-დან 20 პროცენტამდე შემცირდება.

გადასახადების შემცირებით მთავრობა აპირებს ხელი შეუწყოს უმუშევრობის დონის და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის შემცირებას. აგრეთვე ამგვარად ლატვია ინფლაციასაც შეებრძოლება. ეს ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტს წელს დაახლოებით 30, მომავალ წელს კი 150 მილიონი დოლარი დაუჯდება. მაგრამ მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს დანაკარგი ზღვაში წვეთი იქნება შიდა პროდუქტის ზრდასთან შედარებით.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ ამაყად განაცხადა, რომ ლატვია უნიკალურ სიტუაციაშია. მაშინ, როცა ევროკავშირის საერთო ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნების უმრავლესობის საკრედიტო რეიტინგი მცირდება, ლატვიის პირიქით, მატულობს. წელს ლატვიას ევროკავშირში ეკონომიკის ყველაზე მაღალ ზრდას უწინასწარმეტყველებენ.

ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მართლაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. გასულ წელს ლატვიის შიდა პროდუქტის მოცულობა 5,5 პროცენტით გაიზარდა, არადა, ექსპერტები 3-3,5 პროცენტიან ზრდას ვარაუდობდნენ. ამასთან, ბიუჯეტის დეფიციტი 2-ჯერ შემცირდა, ამოღებული გადასახადების რაოდენობა კი 16 პროცენტით გაიზარდა. მრეწველობის მოცულობამ 8,5 პროცენტით მოიმატა, საცალო ვაჭრობის მოცულობამ კი 11,7 პროცენტით.

ლატვიის ხელისუფლების ოპტიმიზმს ხელს ვერ უშლის ვერც აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კრიზისული ვითარება და ვერც მთელი ევროს ზონის მომავლის შესახებ არსებული პესიმისტური განწყობა. მათი განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 6,5 პროცენტით მაინც გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები კი ფრთხილობენ და ქვეყანას 4,5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყვებენ.

სიფრთხილის საფუძველი კი მართლაც არსებობს. მიუხედავად მნიშვნელოვანი შემცირებისა, ქვეყანაში მაინც მაღალია უმუშევრობა, რომელიც 16-17 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება მოსახლეობის 9 პროცენტი. ამასთან, ლატვიური ნაწარმის კონკურენტუნარიანობა დაბალ დონეზე რჩება, მოსაგვარებელია კერძო სექტორის სახელმწიფოსადმი დიდძალი დავალიანების საკითხი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრიზისულ პერიოდში ლატვია ძალიან ბევრმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა დატოვა და ახლა ქვეყანა მათ ნაკლებობას განიცდის.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, ლატვიამ კრიზისი ნაწილობრივ გადალახა. თუმცა, ევროპაში არსებული ვითარების ფონზე ეს მაინც ძალიან დიდი წარმატებაა.