ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საქმიან ქალაქ პალო ალტოში ცუკერბერგთან და Facebook-ის სხვა ტოპ-მენეჯერებთან შესახვედრად 200-მდე ფინანსისტი მივიდა. ინვესტორებს უპირველესად აინტერესებდათ, თუ როგორ აპირებს განთქმული სოციალური ქსელი მობილური სერვისებით შემოსავლის მიღებას.
ცუკერბერგმა ინვესტორები დაარწმუნა, რომ 2012 წელს Facebook-ის განვითარების მთავარი პრიორიტეტი სწორედ მობილური სერვისების სწორად გამოყენებაა, ისევე, როგორც ინტერნეტ-რეკლამიდან შემოსავლის მიღება. ამასთან, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, ონლაინ-დამატებების უფრო ღრმა ინტეგრაციაა.
კერძოდ, ცუკერბერგის თქმით, მიმდინარე წელს სოციალურმა ქსელმა აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს თავისი მობილური დამატება. ამასთან, ჩამოყალიბდება მჭიდრო კავშირი სხვა ონლაინ-დამატებებთან და შეძენილ იქნება საჭირო სარეკლამო გამოცდილება.
თუმცა, ცუკერბერგმა ინვესტორებს ისიც განუმარტა, რომ მობილურ სექტორში შემოსავლის ზრდა დამოკიდებულია არა მარტო თავად Facebook-ზე, არამედ მობილური საოპერაციო სისტემების, ქსელებისა და სტანდარტების ეფექტურ მუშაობაზე.
აღსანიშნავია, რომ ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, მობილური ოპერატორები SMS-შეტყობინებებისაგან მისაღებ გვარიან შემოსავალს კარგავენ სწორედ Facebook-ის გამო. საქმე ისაა, რომ სმარტფონების მფლობელები შეტყობინებების გაგზავნას ამჯობინებენ სოციალურ ქსელში შევიდნენ და ერთმანეთს მისი მეშვეობით მისწერონ.
ინვესტორებთან შეხვედრაზე აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა დაიწყო სისტემის ტესტირება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ტექსტი უფრო შესამჩნევი შრიფტით აკრიფოს და ამის სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადოს. ეს სისტემა პირველად აპრობირებულ იქნება ახალ ზელანდიაში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კომპანია ჯერ კიდევ არკვევს, მზად არიან თუ არა მომხმარებლები ამგვარი მომსახურების სანაცვლოდ გადაიხადონ. სავარაუდოდ, მისი ღირებულება 2 დოლარამდე იქნება.
გარდა ამისა, დაწყებულია კიდევ ერთი საინტერესო სერვისის ტესტირება. კერძოდ, ამიერიდან Facebook-ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ფაილები გაცვალონ. ეს სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ჯგუფების წევრებისათვის და მათ შეუძლიათ 25 მეგაბაიტამდე სიდიდის ფაილები ატვირთონ.
ცუკერბერგმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ფოტოსერვის Instagram-ის შეძენის გარიგება რეგულატორის მიერ მწვანე შუქის ანთებას ელოდება. აღსანიშნავია, რომ Instagram-ის მომხმარებელთა რიცხვი 30-დან 50 მილიონამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი Facebook-ის საკუთრება გახდება.
ამ შეხვედრაზე ცუკერბერგმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი კომპანია Opera Software-ის შეძენას აპირებს და მზად არის მის სანაცვლოდ 1 მილიარდი დოლარი გაიღოს. ამგვარად Facebook ინტერნეტ-ბრაუზერების ბაზარზე გავა და საშუალება ექნება ისეთ გიგანტებს გაუწიოს კონკურენცია, როგორიც Google გახლავთ, მით უმეტეს, რომ Opera-ს განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ მტკიცე პოზიციები აქვს. აქვე უნდა იქვას, რომ Opera Software მობილური ტელეფონებისათვის რამდენიმე ბრაუზერს უშვებს. ამგვარად, ეს შენაძენი Facebook-ისათვის მობილურ სექტორში პოზიციების გამყარების კიდევ ერთი საშუალება იქნება.
და ბოლოს, ცუკერბერგმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალ წელს Facebook საკუთარი წარმოების სმარტფონს გამოუშვებს. ესეც კიდევ ერთი ნაბიჯი Google-სთან პირდაპირი კონკურენციის გასაძლიერებლად, iPhone-სთან ირიბი კონკურენციის დასაწყებად და, ცხადია, შემოსავლის გასაზრდელად. აღსანიშნავია, რომ ამისათვის Facebook-მა ინჟინრები Apple-დან გადაიბირა.
ასე რომ, შეიძლება ითქვას, ცუკერბერგმა შეძლო იმ ინვესტორთა დამშვიდება, რომლებიც სარეკორდო IPO-ს შემდეგ Facebook-ის აქციების გაუფასურებამ გვარიანად შეაშფოთა. ამ გეგმების განხორციელება კომპანიას უდავოდ სხვა სიმაღლეზე გაიყვანს.