მავნებელია თუ სასარგებლო ქატოს დიეტა

მავნებელია თუ სასარგებლო ქატოს დიეტა

 

 

მას შემდეგ, რაც ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე "ნანუკას შოუში" გამოჩნდა და ჭარბ წონასთან ბრძოლის ეფექტიან საშუალებად ქატო დაასახელა, თბილისში ახალი და თანაც "ბურუსით მოცული" საზრუნავი გაჩნდა: მართლა შესაძლებელია თუ არა ქატოს დიეტით სასურველი წონის მიღწევა, როგორ უნდა მომზადდეს ის და არის თუ არა საზიანო ჯანმრთელობისთვის... სოციალური ქსელები ქატოს დიეტასა და მის ეფექტიანობაზე მოსაუბრეთა ინტერესმა გადატვირთა და აზრთა სხვადასხვაობის გამო, ძნელია რამე დასკვნის გამოტანა. ამიტომ დახმარება ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ელენე გიორგაძეს ვთხოვეთ...

ქალბატონო ელენე, ზოგადად, რა მიზნით გამოიყენება ქატო მედიცინაში?
- ქატო მდიდარია უჯრედისით, რომელიც მცენარეული ბოჭკოა და მდგრადია ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტების მიმართ. ის ორგანიზმში ნორმალურ მიკროფლორას ინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, ქატო გასტროენტეროლოგიაში გამოიყენება და თავისი ჩვენება აქვს. გარკვეული პათოლოგიების დროს მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

- ამბობენ, ქატო კუჭ-ნაწლავის პრობლემებს არეგულირებსო...
- ქატოს შემადგენლობაში გარდა უჯრედისისა, შედის ცოცხალი უჯრედები, ორგანიზმისათვის საჭირო მიკროელემენტები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და ვიტამინები. ეს კომპონენტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს დისბაქტერიოზისაგან იცავს, აუმჯობესებს მიკროფლორას და აქვს ნაწლავების გამწმენდი ფუნქცია, მაგრამ ზოგიერთი გასტროენტეროლოგიური პათოლოგიის დროს მისი გამოყენება არ შეიძლება - მაგალითად, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის არსებობის შემთხვევაში, რადგან ამ დროს მოსალოდნელია სისხლდენის განვითარება.

წონის დასაკლებად თუ ენიშნება პაციენტს ქატო?
- წონის კლებისთვის აუცილებელია, დადგენილი იყოს ჭარბი წონის განვითარების მიზეზი. ამის შემდეგ პაციენტს ინდივიდუალური დიეტა ენიშნება. თუმცა, აქვე მინდა განვმარტო, რომ დიეტა არ არის შიმშილი. ეს არის სწორი, ბალანსირებული, რაციონალური, ჯანსაღი კვება. რაც შეეხება ქატოს, როგორც უკვე აღვნიშნე, მას თავისი ჩვენება აქვს. ქატოს დადებითი ეფექტი განპირობებულია მასში უჯრედისის შემცველობით, მაგრამ უჯრედისი ნებისმიერი მცენარის შემადგენლობაში შედის. ამიტომ, ყოველდღიურ რაციონში შეგვიძლია ისეთი პროდუქტები გამოვიყენოთ, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია უჯრედისით - ახალი ხილი და ბოსტნეული, უხეშად დაფქული ბურღულეული, ჩირი, კენკრა, სოკო და პარკოსნები.

ქატოს დიეტა ინდივიდუალურად ინიშნება?
- ქატო არ შეიცავს ყველა იმ საჭირო კომპონენტს, რაც ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ქატოს მიღება დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

დღის განმავლობაში რა რაოდენობითაა ქატოს მიღება დასაშვები?
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს ქატოს მიღება რეკომენდებულია 6-7 ჩაის კოვზი, დღის განმავლობაში, კვებამდე 1-2 საათით ადრე.

- როგორ ეხმარება ქატო ადამიანს წონის დაკლებაში? 
- უჯრედისის მიერ კუჭში დიდი რაოდენობით წყლის შეწოვა ხდება, რაც ქატოს გაჯირჯვებას იწვევს და დანაყრების შეგრძნება ჩნდება. ეს კი საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კალორიების მიღება.

რა შეიძლება გამოიწვიოს ქატოს გადამეტებული რაოდენობით მიღებამ?
- ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბერძენი ფილოსოფოსები წერდნენ, რომ ყველაფერი სამკურნალოა და ამავდროულად, ყველაფერი - საწამლავი. მთავარია დოზების ცოდნა. ქატოს მიღებისას, უჯრედისის "გაფუების" გამო, ნაწლავებში საკვების გადაადგილება ფერხდება. ქატოს დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა, ორგანიზმის მიერ ისეთი მინერალებისა და ვიტამინების შეთვისება დაარღვიოს, როგორიცაა: თუთია, მაგნიუმი, რკინა, კალციუმი და B ჯგუფის ვიტამინები. 

როგორია ქატოს მომზადებისა და მიღების წესები?
- როგორც გასტროენტეროლოგები გვირჩევენ, 2 ჩაის კოვზი ქატო 200 მლ წყალში უნდა გახსნათ და კვებამდე 1-2 საათით ადრე, დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ქატოს მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიზანშეწონილი არ არის.

სწორ კვებასთან დაკავშირებით, ცოტაოდენი ზოგადი რეკომენდაცია დიეტის მოყვარულთ არ აწყენდათ...
- უნდა მივირთვათ ყველაფერი, ზომიერების ფარგლებში. საკვები დღის განმავლობაში ჯეროვნად უნდა გადავანაწილოთ და ორგანიზმს არ უნდა მოვაკლოთ ისეთი აუცილებელი კომპონენტები, როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალები, ვიტამინები და წყალი.