"მერსედეს ბენცის" საქართველოს წარმომადგენლობის, შპს "აკა"-ს თანამფლობელი, მაკა ასათიანის დედა, ლუიზა თავართქილაძე აცხადებს , რომ დავით ძოწენიძისა და ბორის კალანდიას უკან, რომლებიც "აკა"-ში წილებზე პრეტენზიას აცხადებენ, მისი მეუღლის, კახი ასათიანის მკვლობასთან დაკავშირებული პირები დგანან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლუიზა თავართქილაძემ განუცხადა, ახლა ამ ადამიანებს სურთ, რომ "აკა" ხელში ჩაიგდონ.
"ამ ორი ადამიანის უკან დგას ხალხი, ვინც კახის მკვლელობასთან არიან დაკავშირებული და ახლა უნდათ, რომ "მერსედესი" ჩაიგდონ ხელში", - განაცხადა ლუიზა თავართქილაძემ.
მისი თქმით, "აკა"-ს 20%-იანი წილის მოთხოვნით, ბორის კალანდიას სარჩელის განხილვისას, კალანდიას მოწმედ მოყვანილი ჰყავდა კახი ასათიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილად დასახელებული დემურ ლელაძე.
"დემურ ლელაძე "აირზენაში" კახის ერთ-ერთი მოწილე იყო. მისი შვილი იყო ფრანკფურტში "აირზენას" წარმომადგენელი და ერთი მილიონი ჰქონდა გაფლანგული, მან ეს ფული ვერ გადაიხადა და გარიცხეს. შურისძიების საფუძველი არსებობდა და დემურ ლელაძე მკვლელობაში ეჭვმიტანილად დასახელდა", - განაცხადა ლუიზა თავართქილაძემ.
იგი "აკა"-ს ამჟამინდელი დირექტორის, დავით მკალავიშვილის მიმართ შპს-ში 20%-იანი წილის ახალი მფლობელის, დავით ძოწენიძის მხრიდან სიცოცხლის ხელყოფით მუქარას და კახი ასათიანის მკვლელობას შორის კავშირს ხედავს.
ასათიანების ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, "აკა"-ს პარტნიორთა კრებაზე დავით ძოწენიძე დირექტორ დავით მკალავიშვილს სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.
დავით ძოწენიძე კახი ასათიანის დროს, "აკა"-ს დირექტორი იყო, რომელიც ასათიანმა გაათავისუფლა. ახლა კი, ძოწენიძემ სასამართლოს მეშვეობით, ასათიანების ოჯახს წილის 20% ჩამოართვა.
20%-იან წილზე სასამართლო დავა აქვს წამოწყებული ბორის კალანდიასაც.
ასათიანების ადვოკატები "აკა"-ს ირგვლივ არსებულ ვითარებას მაკა ასათიანის მხრიდან, ტელეკომპანია "მაესტროში" ნაყიდ წილს უკავშირებენ და საქმის პოლიტიზირებაზე საუბრობენ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასათიანები რამდენიმე დღეში ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ, ამასთან დავით ძოწენიძის მუქარის ფაქტზე რეაგირებისთვის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, პროკურატურას მიმართავენ.
რაც შეეხება დავით ძოწენიძეს, მისი ადვოკატის, ლადო სანიკიძის 2 მაისს გაკეთებული განცხადებით, ძოწენიძეს კახი ასათიანის დროს "აკა"-ში 20% წილი ჰქონდა, რაც მას კახი ასათიანის მიერ გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე ახლა ჩამოართვა სასამართლომ. ამასთან, ძოწენიძის ადვოკატის ინფორმაციით, "აკა"-სთვის ფინანსური ზიანის მიყენების საფუძველზე, დავით ძოწენიძე "აკა"-ს ამჟამინდელი დირექტორის, დავით მკალავიშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას დაიწყებს".
"ინტერპრესნიუსმა" ლადო სანიკიძესთან დაკავშირება დღესაც სცადა, თუმცა ადვოკატმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.