ჭადრაკის სასახლეში, შვილმოკლული მამების – იური ვაზაგაშვილისა და ჯამბულ გამცემლიძის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: პოლიტიკური პარტიის ლიდერები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პირობა დადეს, რომ ამბიციებს გვერდზე გადადებენ და გაერთიანდებიან: “ეროვნული ფორუმი“, “კონსერვატიული პარტია“, “ხალხის პარტია პარტია“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“, “მწვანეთა პარტია“ და “თეთრები“.
ყველანი ერთად შეიკრიბებიან ორშაბათს, 17 საათზე, ჩოგბურთის კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ “ჯაზუში“, სადაც ბოლო ორი თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, “გადაარჩინე სიცოცხლეს“ ორგანიზებით, ხვდებოდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
დღევანდელ, ემოციებით სავსე შეხვედრაზე, რომელიც საათი და 45 წუთი გაგრძელდა, კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა; თითოეულმა გამომსვლელმა ამ ხელისუფლების გასტუმრების საკუთარი რეცეპტი წარმოადგინა.
ჭადრაკის სასახლეში შეხვედრა 4 საათზე იყო დანიშნული. დარბაზი დათქმულ დროზე 10–15 წუთით ადრე შეივსო. იქ ძირითადად შუახანს მიტანებული და ხნიერი ადამიანები ისხდნენ. პოლიტიკური ლიდერებიდან პირველი თემურ შაშიაშვილი გამოჩნდა. ზუსტად ოთხ საათზე დარბაზში კახა შარტავა შემოვიდა, რასაც მქუხარე ტაში მოჰყვა. მას უკან გუბაზ სანიკიძე შემოჰყვა, რასაც ორჯერ უფრო მქუხარე ტაში და ოვაციები მოჰყვა. სანიკიძეს “ეროვნული ფორუმიდან“ ირაკლი მელაშვილი და რევაზ შავიშვილი შემოყვნენ. შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი შემოვიდა.
შეხვედრა დათქმულ დროზე 20 წუთით გვიან, ხუთის ოც წუთზე “გადაარჩინე სიცოცხლეს“ ლიდერმა, იური ვაზაგაშვილმა გახსნა. “ორი თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ვხვდებოდით და თითოეული შეხვედრის შემდეგ დასკვნას ვაკეთებდით. საბოლოოდ იმ აზრამდე მივედით, რომ ცალკე აღებული, ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. ხსნა გაერთიანებაშია“, – გვითხრა იური ვაზაგაშვილმა და სხდომის გაძღოლა ერთ–ერთ უფლებადამცველს, ნოდარ ეფრემიძეს სთხოვა. მისგან შევიტყვეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების იდეა, სწორედ პოლიტიკური პარტიებიდან წამოვიდა:
“ობიექტური მიზეზების გამო, პოლიტიკურ პარტიებს ამ რეჟიმის შეცვლის ძალა არ შესწევთ. სხვა გამოსავალი არ არის – უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის კოორდინაცია. არ დაგიმალავთ, რომ ეს ინიციატივა ოპოზიციიდან მოდის. უნდა იყოს ნდობის დარბაზი, სადაც სიტყვას სულ სხვა ფასი ექნება და შევიმუშავებთ თამაშის ახალ წესებს, რომელიც ჯერ არ არის დახვეწილი, დამუშავებული. დარბაზს არ ჰყავს თავმჯდომარე. შემოგვიერთდით და ერთად ჩამოვაყალიბოთ სტრუქტურა“.
პოლიტიკური პარტიების ლიდერებიდან პირველი, ვისაც სცენაზე ასვლა და პოზიციის გამოხატვა სთხოვეს, იყო “კონსერვატორების“ ერთ–ერთი ლიდერი, კახა კუკავა, რომელსაც დარბაზში მსხდომები დიდი ოვაციებით არ შეხვედრიან; დარბაზიდან იყო შეძახილები – “გაერთიანება დღეიდან, ამ წუთიდან უნდა დაიწყოთო. “ეს შეკრება თანმიმდევრულ, ერთიან, სტრუქტურულ ბრძოლაში უნდა გადაიზარდოს“, – თქვა კუკავამ, რომელსაც ნინო ბურჯანაძის პარტიიდან გიორგი კობახიძე ჩაენაცვლა – “წარმომადგენლობითი სახალხო კრებისა“ და დღევანდელი ღონისძიების გზა უკვე გადაიკვეთა; მართალია ზოგი 2012 წელს ელოდება, მაგრამ ეს ხელისუფლება მანამდე, რიგგარეშე არჩევნებით უნდა შეიცვალოსო.
დიდი ტაში და ოვაციები არც კობახიძეს დაუმსახურებია, რასაც ვერ ვიტყვით კახა შარტავაზე, რომლის სცენაზე ასვლას მქუხარე ტაში მოჰყვა. როგორც მისი გამოსვლიდან შევიტყვეთ, “ფორუმელები“ მზად არიან სამოქალაქო თანხმობისთვის – “ამათ წასვლას ეროვნული დაუმორჩილებლობა დასჭირდება, რასაც წინ უნდა უძღოდეს შეკრება სამოქალაქო თანხმობით. ურთიერთკრიტიკა საქმეს არ წაადგება, სამოქალაქო თანხმობის ჯგუფი უნდა შეიქმნასო“. შარტავა ასევე ოვაციებით ჩამოაცილეს სცენიდან. ის იქვე, კიბეებზე, ხალხთან ერთად ჩამოჯდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ასე უსმენდა სიტყვით გამომსვლელებს.
შარტავას გუბაზ სანიკიძე ჩაენაცვლა, რომლის დანახვაზე დარბაზში მსხდომებმა ისეთი მქუხარე ტაში დასცხეს, რომ ლამის ხელისგულები დაუსკდათ. სანიკიძის აზრით, თუ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ანუ ამ ხელისუფლების გასტუმრება იანვრამდე ვერ მოხერხდა, საქართველო ქართველების გარეშე გააგრძელებს ცხოვრებას, რომელსაც შემდეგ ალბათ, სახელსაც შეუცვლიან.
“პოლიტიკურმა პარტიებმა რაღაც–რაღაცეებზე უარი უნდა თქვან. “ფორუმი“ ნებისმიერ ოპოზიციურ დაჯგუფებასთან პოლემიკაში შესვლას თავს ანებებს. ამ ქვეყანას ძალიან მალე წესიერი არჩევნები ეღირსება, ოღონდ ამ ხელისუფლების გარეშე. 2 თვე აქვს საქართველოს, რათა გაირკვეს, დარჩება თუ არა ის ქვეყნად“, – თქვა გუბაზ სანიკიძემ, რომელსაც დარბაზი მქუხარე ოვაციებით ფეხზე წამოუდგა. ემოციით სავსე იყო “მწვანეთა პარტიის“ ლიდერის, გიორგი გაჩეჩილაძის სიტყვით გამოსვლა, რომელიც ასე დაასრულა: “გაერთიანების შემთხვევაში, რასაც დამავალებთ, იმას შევასრულებო”.
“ჩემი შვილის მკვლელობის შემდეგ, პირველად დღეს ვიგრძენი სიცოცხლის ნაპერწკალი. ორშაბათს, ხუთ საათზე “ჯაზუ“–ში შევიკრიბოთ, სადაც ეს მოძრაობა დაიწყო და ვინც გაერთიანებაზე თანხმობას გამოხატავს, იქ მოვიდეს“, – თქვა იური ვაზაგაშვილმა, რასაც მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა. შემდეგ სცენაზე აკაკი ასათიანი ავიდა და თქვენს გვერდზე ვარო – გამოაცხადა. ასათიანს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე შეენაცვლა, იქ შეკრებილ ხალხს შორიდან ფურცელი დაანახვა, – აი დასტური იმისა, რომ ჰააგის სასამართლოში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საქმე აღიძრაო, – თქვა და სიხარულისგან კინაღამ გადაირია ხალხი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავინტერესდით, კონკრეტულად რა დოკუმენტი აჩვენა ხალხს ხაჭაპურიძემ და შევიტყვეთ, რომ ესაა იმის დამადასტურებელი ფურცელი, რომ შალვა ხაჭაპურიძის მიერ ჰააგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივარი, წარმოებაში მიიღეს და ნომერი მიანიჭეს.
დარბაზში მსხდომებმა ზვიად ძიძიგურის მიკროფონთან მისვლა მოითხოვეს, რის შემდეგაც შევიტყვეთ, რომ ორშაბათს “ჯაზუ“–ში “კონსერვატორებიც“ მივლენ:
“ეს არის კეთილშობილი ხალხის ორგანიზებული, კეთილშობილი ქალბატონების და კაცების შეხვედრა. ეს ადამიანები კი არ ჩაიკეტნენ თავიანთ ტკივილთან და უბედურებასთან?! ახლა სხვისი შვილების გადასარჩენად იბრძვიან. თუ ერთობა არ იქნება, ამ ხელისუფლებას ცალ–ცალკე ვერც ერთი პარტია ვერ გავისტუმრებთ. “კონსერვატორები“ გვიგულეთ ამ ერთიანობის ფორმატში“.
ზვიად ძიძიგურის თქმით, საპროტესტო მუხტი, ქართული შეგნება არსად წასულა, ეს დუღილის პროცესია და ახლა ქარიშხლის წინ მოსალოდნელი სიჩუმეა, რაც ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის. კობა დავითაშვილის “ხალხის პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერისგან, ალექსანდრე შალამბერიძისგან შევიტყვეთ, რომ გაერთიანების იდეას ისინიც უერთდებიან, ისევე, როგორც “თეთრები“, თემურ შაშიაშვილის თაოსნობით.
ეკა ბესელია სიტყვით გამოვიდა და თქვა, დღეს გაცხადებული იდეა კარგია, მაგრამ მე იქ ვიდგები, სადაც სამშობლო ყველაზე მეტად უყვართ და სადაც ისეთი ერთობა იქნება, რომელსაც ვერც შიგნიდან გატეხავენ და ვერც გარედანო, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი კრიტერიუმებით გაუტეხავი ერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ “სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე“ მივლენ ისინი, ვინც დღეს ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეკრებაში მონაწილეობა მიიღო.
“გუშინ “წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ საორგანიზაციო კომიტეტის შეკრებაზე იყვნენ იური ვაზაგაშვილი და ჯამბულ გამცემლიძე. ვიცი, რომ ამ იდეს მხარს უჭერენ“, – თქვა ბესელიამ და დარბაზში მყოფებს დიდი კრების თარიღიც შეახსენა, რაზეც ტაში კანტი–კუნტად დაუკრეს.
შეხვედრის წამყვანმა ირაკლი ალასანიას პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე მოიკითხა – “ბატონ ზურაბს ვთხოვთ სიტყვით გამოვიდესო“, მაგრამ მისი გამოსვლა ვერ შედგა, რადგან აღმოჩნდა, რომ ის იქ აღარ იყო. ასე რომ, ვერ გავიგეთ როგორი პოზიცია აქვს ალასანიას პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების გაერთიანების თაობაზე. სხვათა შორის, ერთადერთი ადამიანი, ვინც დარბაზში მსხდომებმა მოისაკლისეს, “ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი იყო. დროდადრო იყო წამოძახილები – “სად არის შალვა ნათელაშვილი?“ ის, რომ დარბაზში არ იყვნენ “რესპუბლიკელები“, “ახლები“, ახლადშექმნილი “ქართული პარტიის“ და ზურაბ ნოღაიდელის ორგანიზაციის წარმომადგენლები, არავის გახსენებია.
შეხვედრის დასასრულს სიტყვით ჯამბულ გამცემლიძე გამოვიდა: “ჩვენ ეს მთავრობა შვილმკვდარ მშობლებს გვეძახის, მაგრამ შვილმკვდარი მშობლები სააკაშვილის და მერაბიშვილის მშობლები არიან, ჩვენ შვილმოკლული მშობლები ვართ. ჩვენ პატარა ფიფქიდან დავიწყეთ და დღეს დიდი გუნდა გავაკეთეთ. ძალიან მალე მიიღებენ ზვირთს, მთავრობის სასახლის წინ“. ბოლო სიტყვები ხალხმა ტაშით და ოვაციებით ჩაახშო.
პოლიტიკოსების გამოსვლამდე დარბაზში მსხდომებს მსახიობმა დიმა ჯაიანმა მიმართა – ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, თუ საჭიროა სიცოცხლის გაწირვა, დღესვე შემოგწირავთ ჩემს სიცოცხლეს, ან ღირსეული სიკვდილი ან ღირსეული სიცოცხლეო, – თქვა და ლამის დაინგრა დარბაზი, ტაშით. ჯაიანის შემდეგ სიტყვით გამოსვლა აკადემიკოს მერაბ ჯიბლაძეს სთხოვეს, რომლის აზრით, “კონსოლიდაციის გარეშე არაფერი გამოვა და თუ ის გზა, რომლითაც სიარულს გადავწყვეტთ არ იქნა ქართული, არაფერი გამოვა. თუ ჩვენი ქვეყნის შენებას არ დავიწყებთ ქართული კანონებითა, ქართული პროექტებით და არა გარედან თავსმოხვეულით, ჩვენი საშველი არ იქნება“.
პოეტი რეზო ამაშუკელი მიკროფონთან მივიდა და გვითხრა, რომ პირადად მან გვერდზე გადადო თავისი დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანის მიმართ და მოვიდა ღონისძიებაზე იმ იმედით, რომ ერთობა შედგებოდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, როგორ გაუსაძლის პირობებში ჩააგდო არსებულმა ხელისუფლებამ ადვოკატთა კორპუსი და 7 წლის განმავლობაში როგორ გამოკეტა საპატიმროებში 200 ადვოკატი – “შეგახსენებთ, რომ ჩვენ, ადვოკატებმა პირველებმა დავდეთ ბეჭებზე სააკაშვილი–მერაბიშვილი, მაშინ, როცა არ მივეცით საშუალება ადვოკატთა ასოციაციის სათავეში მათთვის სასურველი კანდიდატი გაეყვანათ...“
ჭადრაკის სასახლეში შეკრებილთა შორის იყვნენ: ჯანსუღ ღვინჯილია, გია შერვაშიძე, ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს წევრები – მერაბ ურიდია და თენგიზ დიხამინჯია; “ქართული აკადემიიდან“ თემურ ნანეიშვილი და თამაზ ჯოლოგუა; პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა – ია მეტრეველი; პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის მეუღლე – ეკა ჯიხვაშვილი; პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას მეუღლე – ელენე მაღრაძე; მოძრაობა “7 ნოემბრიდან“ ჯაბა ჯიშკარიანი; “სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე – ნოდარ ნათაძე; ყოფილი პარლამენტარი პაატა კოღუაშვილი, “კონსერვატორი“ ბიძინა გუჯაბიძე და ეროვნული მოძრაობის ვეტერანი ციალა არდაშელია.