ნათია ფანჯიკიძე კუსტარული ნარკოტიკით დაინვალიდებულთათვის ინვალიდის სტატუსის მინიჭებას ითხოვს!

ნათია ფანჯიკიძე კუსტარული ნარკოტიკით დაინვალიდებულთათვის ინვალიდის სტატუსის მინიჭებას ითხოვს!

«მე დავბრუნდი!» _ არტთერაპიით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები და აუტსაიდერთა გამოფენა «თბილისი ცენტრალში» 

3 ივნისს «თბილისი ცენტრალში» ე.წ. აუტსაიდერთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. «აუტსაიდერი» ინგლისური სიტყვაა და ქართულად «განზე გამდგარს» ნიშნავს. მოკლედ, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში «განზე გამდგარნი», ანუ ნივთიერებადამოკიდებულნი იყვნენ, ფსიქოსოციალურ ცენტრ «კამარას» დახმარებით, დღეს თავს საზოგადოების სრულოფასოვან წევრებად გრძნობენ, ესე იგი, დაბრუნდნენ! «ეს ნამუშევრები, რომელთა ავტორებიც არაპროფესიონალები არიან, კონცეპტუალური ხელოვნებაა და იმედი მაქვს, რომ საზოგადოება სათანადოდ მიიღებს,» _ მეუბნება ფსიქოსოციალურ ცენტრ «კამარას» ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე... როგორ ინარჩუნებენ ნივთიერებაზე დამოკიდებულნი სიფხიზლეს და რატომ არ ანიჭებს სახელმწიფო კუსტარული ნარკოტიკით დაინვალიდებულ ადამიანებს ინვალიდის სტატუსს? _ ამის შესახებ «ქართული სიტყვისა» და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ «კამარას» ერთობლივი საგაზეთო პროექტის ფარგლებში ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე ისაუბრებს. 

ნათია, «თბილისი ცენტრალში» «აუტსაიდერთა» მხოლოდ ნახატები გამოიფინება?
_ ნახატებთან ერთად, ქანდაკებებსა და მინანქარსაც გამოვფენთ... სხვათა შორის, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საკურსო ქანდაკების დასამთავრებლად, როგორც წესი, წელიწადი მაინც სჭირდებათ. ჩვენ კი, სულ 8 თვეა, ვფუნქციონირებთ, თან პაციენტები ნელ-ნელა შემოგვემატნენ. ამასთან, გასათვალსიწინებელია, რომ ეს ნამუშევრები, მათ შორის, ქანდაკებებიც არტთერაპიის პირობებშია შექმნილი და ამას მხოლოდ ჩემი კოლეგები კი არა, საზოგადოებაც, ალბათ, მეტად დააფასებს. მოკლედ, ეს აუტსაიდერების გამოფენააა.

_ ეს ქართველ ყოფილ წამალდამოკიდებულთა პირველი გამოფენაა?
_ ადრე პატარა გამოფენა გვქონდა. ამ მასშტაბის კი, პირველია. მართალია, ამ გამოფენას პროფესიონალიზმის პრეტენზია არ აქვს, მაგრამ აუტსაიდერთა ნამუშვერები თანამედროვე ხელოვნების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ.

_ გამოფენა რამდენ ხანს გასტანს?
_ გამოფენა ერთდღიანია, თუმცა თუკი საზოგადოება კარგად მიიღებს, ორი-სამი დღე გავაგრძელებთ, მით უმეტეს, რომ ამის უფლებას «თბილისი ცენტრალი» გვაძლევს.

_ აუტსაიდერები გამოფენის წინ ხომ არ ნერვიულობენ?
_ მე უფრო ვნერვიულობ, მათ კი, უხარიათ.

_ ნამუშევრები გაიყიდება?
_ მინანქრის ისეთი ლამაზი სამკაულები გვაქვს, რომ დარწმუნებული ვარ, ადამიანი, ასე ვთქვათ, ქველმოქმედებითი გრძნობების გარეშეც იყიდის. ცხადია, ნახატებსაც გავყიდით და ქანდაკებებსაც.

_ ამ ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა ვის, ან რას მოხმარდება?
_ შემოსული თანხა ავტორებს შორის გაიყოფა, გარკვეული პროცენტი კი, ცენტრში დაბრუნდება.

რატომ?
_ ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მასალებზე ფული ცენტრმა დახარჯა. მეორეც, ფუნქციონირება რომ გავაგრძელოთ, ანუ მასალა ისევ რომ ვიყიდოთ, თანხაა საჭირო. 

_ რა ამის პასუხია და, საქართველოში, როგორც ვიცი, უმწვავესად დგას ე.წ. ხელოვნური ნარკოტიკით გამოწვეული პრობლემები...
_ ხელოვნური ნარკოტიკი, მაგალითად «ჯეფი», პოსტსაბჭოთა სივრცეში, დაახლოებით, 10 წლის წინ გაჩნდა.

თუ იცი, ხელოვნური ნარკოტიკის «სამშობლო» კონკრეტულად რომელი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა?
_ ეს ცნობილი არაა, თუმცა ხელოვნური ნარკოტიკი ღარიბი ნარკომანების, ანუ იმ ადამიანების წრეში გაჩნდა, რომელთაც ძვირადღირებული ნარკოტიკი ვერ შეიძინეს. საერთოდ, ნარკომანებს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი კომუნიკაცია აქვთ და, შესაბამისად, ხელოვნური ნარკოტიკიც სწრაფად გავრცელდა.

_ ხელოვნური ნარკოტიკი რისგან მზადდება?
_ სრული რეცეპტის თქმა, ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ კუსტარული ნარკოტიკის დასამზადებლად საჭირო ყველა, ასე ვთქვათ, ინგრედიენტი ლეგალური პრეპარატია. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ, მაგრამ ჩვენი უცნაური კანონის გამო, მათ იჭერენ, რაც დაუშვებელია.

_ დაუშვებელი რატომაა?
_ სხვა თუ არაფერი, ამ ხალხს მანგანუმის, ანუ ე.წ. ეფედრენული პარკისონიზმი აწუხებთ, რის გამოც, პრაქტიკულად, ინვალიდები არიან...

კუსტარული ნარკოტიკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულულებას პირველივე მიღებისთანავე იწვევს?
_ ზოგჯერ პირველივე მიღებისას. შეიძლება, პირველივე მიღების შემდეგ არც გამოიწვიოს, მაგრამ საბოლოოდ, ინვალიდობა, პრაქტიკულად, გარანტირებულია და ძალიან იშვიათია, რომ ორგანიზმმა ამ ხელოვნურ ნარკოტიკს გაუძლოს. საქართველოში კუსტარული ნარკოტიკის გამოყენება მას შემდეგ გახშირდა, რაც ე.წ. ელიტური, ანუ ძვირადღირებული ნარკოტიკის შემოტანა შეწყდა. სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა იმაში გამოიხატება, რომ სპეციალისტებს არ ელაპარაკება და «აწვება» ჩვენებას, ნარკომანია დაავადება კი არა, კრიმინალია, რომელსაც აღკვეთა სჭირდება და თუ პროდუქცია არ იქნება, ნარკომანიაც აღიკვეთებაო, მაგრამ ეს მიდგომა არასწორია, რადგან ამ დაავადების სახელწოდებაში სიტყვა «მანია» იმიტომაა გამოყენებული, რომ ადამიანი ნივთიერებაზეა დამოკიდებული, ანუ ქრონიკული ნარკომანების უმეტესობა პოლინარკომანია და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას გაიკეთებს. საერთოდ, ჩვენ გვახასიათებს, რომ სახლის მშენებლობას ხშირად ფუნდამენტიდან კი არა, სახურავიდან ვიწყებთ.

_ ნათია, მაპატიე, მაგრამ სახლის მშენებლობა სახელმწიფოს უპასუხისმგებლო ნარკოპოლიტიკასთან რა კავშირშია?
_ მსოფლიო საზოგადოება და ჯანდაცვის ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ნარკომანია დაავადებაა.

_ საქართველოს გარდა, ნარკომანია კრიმინალად მსოფლიოს კიდევ რომელ ქვეყანაში ითვლება?
_ ეს პრობლემა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებობს. მართალია, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი არ ვარ და არც იმას ვიტყვი, რომ ნარკომანები ციხეში არც ერთ ქვეყანაში არ ხვდებიან, მაგრამ ასეთი მკაცრი სასჯელი არსადაა. ციხის შიშმა ადამიანი შეიძლება, გამოაფხიზლოს და დროებით შეაკავოს, მაგრამ ეს დაავადებას ვერ გააქრობს.

_ ნათია, შენი ინფორმაციით, საქართველოში «ჯეფისა» და სხვა ხელოვნური ნარკოტიკის მომხმარებელი ბევრია?
_ კი, ძალიან ბევრია, მაგრამ მათი უმეტესობა არ ჩანს, ანუ ისინი დასახმარებლად ვერავის მიმართავენ _ ნევროპათოლოგთან ელემენტარულ და აუცილებელ მკურნალობასაც ვერ გადიან. სხვათა შორის, ჩვენი ნევროპათოლოგები ძალიან კარგად მუშაობენ, თუმცა ეს დაავადება მათთვისაც ახალია. განსაკუთრებით ხშირი ურთიერთობა მაქვს მარინა ჯანელიძესა და ირინა ხატიაშვილთან, რომლებიც არ ჩერდებიან _ ზაფხულში ესპანელი პროფესორების ჩამოყვანას გეგმავენ, რომ იქნებ, რამე მეთოდი აღმოაჩინონ, რომლითაც ამ ადამიანებს მთლიანად თუ არ განკურნავენ, მდგომარეობას მაინც შეუმსუბუქებენ.

_ დაინვალიდებულები ხელოვნურ ნარკოტიკს ისევ იღებენ?
_ არა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა თავი თვითონ დაიავადმყოფეს, არ შეიძლება, მათზე ხელი ავიღოთ. სახელმწიფომ უფრო მეტი «მეთადონის» შემოტანასა და «მეთადონის» შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე არ იზრუნა. ამიტომ, ახალგაზრდობა «ჯეფზე», «ვინტსა» თუ «ნიანგზე» გადავიდა.

_ «ნიანგი», როგორც ვიცი, შედარებით ახალი ხელოვნური ნარკოტიკია, არა?
_ დიახ, ასეა და «ჯეფზე» არანაკლებ საშინელია, რადგან მის დასამზადებლად მილების საწმენდ სითხეს იყენებენ და საქმე იქამდეც კი მიდის, რომ «ნიანგის» მომხმარებელს შეიძლება, კიდურები მოაჭრან.

«ნიანგი» საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა?
_ კი, ასეა...
მესმის, რომ ამდენი ადამიანისთვის ინვალიდის სტატუსის მინიჭება რთულია...

_ არსებობს სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი დაავადდა ხელოვნური ნარკოტიკით?
_ არა...

_ ღარიბ სახელმწიფოში ინვალიდის სტატუსის მინიჭება რთული რატომაა?
_ იმიტომ, რომ თუ ამ სტატუსს მივანიჭებთ, მაშინ უნდა მოვუაროთ კიდეც, ანუ ამ ადამიანებს სახელმწიფომ, სხვა თუ არაფერი, ნევროპათოლოგთან ვიზიტი მაინც უნდა დაუფინანსოს...

ნათია, ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ხელოვნური ნარკოტიკი დააინვალიდებს, მის გაკეთებაზე მაინც თანახმაა?
_ კი, მაინც თანახმაა და ამ დაავადების არსიც ესაა _ ნარკომანში სიკვდილ-სიცოცხლის ბალანსი დარღვეულია და მისთვის სულ ერთია, მოკვდება თუ არა, თუმცა მაშინ, როცა უკვე ინვალიდდება, თავს ტრაგიკულად თვლის. წამალდამოკიდებული თავიდანვე რომ საზღვრავდეს, თუ რა დაემართება, მაშინ ნარკომანია ავადმყოფობად კი არა, მავნე ჩვევად ჩაითვლებოდა.

_ ვთქვათ, ნარკომანიის დეკრიმინალიზაცია მოხდა და სახელმწიფომ აღიარა, რომ ნარკომანია მავნე ჩვევაა. ეს სიტუაციას შეცვლის?
_ ნარკომანია მავნე ჩვევა კი არა, დაავადებაა და ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ნარკოტიკის გამოყენებამ შეიძლება, მოკლას.

ესე იგი, ყველაფერში სახელმწიფოა დამნაშავე, რადგან ნარკომანებს დაავადებულებად არ აღიარებს, არა?
_ არა, ასეთ მკაცრ შეფასებას არ გავაკეთებ. საერთოდ, სახელმწიფოს დუხჭირ მდგომარეობასაც ვითვალისწინებ _ ქვეყანაში უამრავი დაავადებულია და ვერ ვიტყვი, სახელმწიფოს აქვს საშაულება, რომ ყველას უმკურნალოს-მეთქი. მოკლედ, ასეთ რადიკალიზმში არ «ვვარდები», მაგრამ სახელმწიფო ამ ადამაინების მდგომარეობის ელემენტარულ შემსუბუქებაზე მაინც უნდა ფიქრობდეს და საამისოდ თუნდაც უცოხური გრანტების მოზიდვას ცდილობდეს.

_ ნათია, ამასწინათ მითხარი, რომ ნარკომანიით ადამიანი, უმეტესად, 14-15 წლის ასაკში ავადდება. აქედან გამომდინარე, სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამ იქნებ, მოზარდების ნარკომიდრეკილება აღკვეთოს?
_ 14-15 წელი თავგადასავლების ასაკია და მანდატური რაც უფრო მაგრად დატუქსავს, მოზარდის სიცელქის მოთხოვნილება უფრო იზრდება.

_ ნარკოტიკი უბრალო სიცელქე არაა!..
_ სხვათა შორის, მანდატურის ინსტიტუტის მომხრე ვარ _ ჩემი შვილები ამერიკაში სწავლობდნენ და სკოლას იქაც პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ, მაგრამ საქართველოში მანდატურები მოსწავლეებს კი არა, უფრო მასწავლებლებს აკონტროლებენ. მოკლედ, თუ საქმიანობა სწორად იქნება დაგეგმილი, მანდატურის ინსტიტუტის წინააღმდეგი არ ვარ.

_ იმაში დამნაშავე, რომ ქვეყანაში ამდენი ნარკომანია, სახელმწიფოსთან ერთად, ეგებ, საზოგადოებაცაა, ანუ მშობელმა ხომ უნდა აკონტროლოს, მისი შვილი რას აკეთებს?

_ როცა მშობელი ამჩნევს, რომ მისი შვილი ნარკომომხმარებელია, ამ დროს მოზარდი უკვე ავადაა.

_ ნარკომანს ეტყობა, რომ «კაიფშია»?
_ კი, ეტყობა.

«კაიფის» სიმპტომები როგორია?
_ სტიმულატორების «კაიფის» დროს, ადამიანი აღგზნებულია და ცოტა მანიაკალურად იქცევა. მაშინ კი, როცა ადამიანი ოპოიდების ზეგავლენის ქვეშაა, «აკიმარებს», ანუ მოთენთილია და ეძინება...

_ ამბობენ, რომ ე.წ. ელიტური ნარკოტიკის მომხმარებელს «კაიფი» არ ეტყობა...
_ ასე არაა. უბრალოდ, ე.წ. ელიტური, ანუ ძვირადღირებული ნარკოტიკი ჯანმრთელობას «ჯეფსა» თუ «ნიანგზე» გვიან აზიანებს.

_ «კამარას» პაციენტები კუსტარული ნარკოტიკის მომხმარებლები იყვნენ?
_ კი, უმეტესობა ამ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და ისინი პირველად რომ ვნახე, ელდა მეცა და ვუთხარი, ორგანული დაავადებების კი არა, სულის მკურნალი ვარ-მეთქი. საერთოდ, სული ორგანიზმთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ანუ ორგანიზმი ყველაფერზე რეაგირებს. შესაბამისად, უნდა გავაჯანსაღოთ სული. როდესაც სული ძლიერია, სხეულიც ძლიერდება. სულიერი მდგომარეობის გამოსწორების ხარჯზე, ჩვენი პაციენტების ფიზიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდა _ დაიწყეს მოძრაობა, მეტყველება, ბევრს ყავარჯენიც აღარ სჭირდება...

_ შენი პაციენტები ნარკოდამოკიდებულები ხომ აღარ არიან?
_ აღარ არიან, მაგრამ ინტოქსიკაცია ტვინშია წასული და იქიდან მისი სრულად გამოდევნის ნაკლები შანსი არსებობს, თუმცა «კამარაში» ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ექსპერიმენტის გზით იქნებ, რამეს მივაღწიოთ.

_ და მიაღწიეთ?
_ პაციენტთა გუნება-განწყობილება აწეულია და მთავარია ,ადამიანი თავს დღეს გრძნობდეს უფრო ბედნიერად, ვიდრე იყო გუშინ...

_ ნათია, წეღან თქვი, ყველა პრეპარატი, რომლისგანაც ხელოვნური ნარკოტიკი მზადდება, ლეგალურიაო. იმ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, რასაც ხელოვნური ნარკოტიკი იწვევს, იქნებ, უკეთესია, რომ ყველა პრეპარატი აფიათქში რეცეპტით იყიდებოდეს?
_ ეს აუცილებელია...

_ რითი განსხვავდება ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის ნარკომანი ღარიბი ქვეყნის ნარკომანისგან?
_ ამ მხრივ განსხვავება არაა, მაგრამ ხელოვნური ნარკოტიკები ფიზიკურ ინვალიდობას იწვევს და მათ ინვალიდის სტატუსტი უნდა მიენიჭოთ, რადგან სახელმწიფო დაზღვევა მიეცეთ, რომ ელემენტარულად, ნევრილოგთან მისვლა მაინც შეძლონ.

_ «კამარას» რომელიმე პაციენტს ინვალიდის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმიტომ უთხრეს, რომ ის კუსტარული ნარკოტიკის მომხმარებელი იყო?
_ კი...