ივანიშვილის გამბიტი სააკაშვილისთვის

ივანიშვილის გამბიტი სააკაშვილისთვის

მარკესი ამბობს: ოცნებას თავისი კანონზომიერება აქვს და, რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ხდება! მარკესამდეც ბევრს _ ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს, მწერლებსაც _ იგივე უთქვამთ და როცა 27 მაისს, «თავისუფლების მოედანზე» შეკრებილი ხალხის ანთებული სახეები დავინახე, რატომღაც შექსპირის ერთ-ერთი სონეტის ფრაზა გამახსენდა: «საით წამიხვალ, რომ ოცნებით ვერ დაგეწიო!»... ოცნებით რას აღარ დაეწევი, მაგრამ ფაქტია: 27-მა მაისმა 26-ს მაისს «გადაუჯოკრა» და ეს მხოლოდ საქართველომ კი არა, მთელმა მსოფლიომ დაინახა.

ასე რომ, 2012 წლის 27 მაისს «ქართულმა ოცნებამ» საარჩევნო სტარტი დიდი უპირატესობით აიღო და კონკურენტებს, ანუ «ნაციონალებს» «დაუმესიჯა», არც კი იოცნებოთო. რა მოხდება ამის შემდეგ და როგორ განვითარდება მოვლენები? _ ამის პროგნოზირება იოლი არაა, რადგან არც მიშაა უბრალო _ ენერგიულია, ნიჭიერია, განათლებულია, ბევრი ენა იცის, არც ცოტა ფული არ აქვს, «პიარისტია», პოლიტიკურ ავანტიურებში გამოცდილებაც დააგროვა, მაგრამ არ იცის ჭადრაკის თამაში! «ქართული ოცნების» ლიდერი კი, ჭადრაკში ახალგაზრდობის დროიდან დაოსტატებული ყოფილა და ამაზე ბევრი ამბები მაქვს გაგონილი. 

ერთი სიტყვით, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პოლიტ-ჭადრაკი ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის _ «ქართულ ოცნებასა» და «ნაციონალებს» გაიმართება...

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, უფრო სწორად, პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მარათონი, რომელიც არჩევნების დროს იმართებოდა, მრავალპარტიული იყო. როგორც წესი, საარჩევნო პერიოდში პოლიტკულუარებში დიდი გარიგებები იწყებოდა _ ხმა ფული ღირდა და ზოგი ფულში ავტორიტეტს ცვლიდა, ზოგი _ კომპრომატებს, ზოგი _ ეროვნულ ინტერესებს, ზოგი _ რას და ზოგიც _ რას. მრავალპარტიული არჩევნები დომინოს პრინციპით თამაშდებოდა და მანიპულირებაც იოლი იყო, ანუ გამარჯვებას მაღალი «სტავკა» წყვეტდა.

ივანიშვილმა თამაშის ახალი წესი შემოიტანა _ არჩევანი ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის და წინასაარჩევნო პოლიტიკა ჭადრაკის თამაშს დაემგვანა. პოლიტდაფაზე მხოლოდ მიშა და ბიძინა თამაშობენ. ჭადრაკში ნაკლებად ვერკვევი, მაგრამ ვიცი, რომ ერთ-ერთ სვლას _ გამბიტი ჰქვია. ამ სიტყვას დიპლომატებიც იყენებენ, მხატვრულ ლიტერატურაშიც გვხვდება და  ცხოვრებისეული მომენტების შეფასების დროსაც. «გამბიტი» იტალიური სიტყვაა და ქართულად «ფეხის დადებას» ნიშნავს. ამ სვლას მოთამაშე თამაშის სწრაფი განვითარების, გამწვავებისთვის იყნებს და ცენტრის დაუფლებისათვის წირავს პაიკს, ან სხვა ფიგურას. მოწინააღმდეგე შეწირულ ფიგურეს იღებს, ან _ არა, ან კონტრგამბიტით პასუხობს (თვითონაც წირავს ფიგურას). ისე, ფიგურების გაწირვაზე გამახსენდა: მართალია, ხელისუფლება ირწმუნება, პოლიტიკასთან კავშირი არ აქვსო, მაგრამ 27 მაისის ზეხალხმრავალი აქციის მეორე დღეს, განათლების მინისტრმა ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გაათავისუფლა. სხვათა შორის, ეს ის მაია მიმინოშვილია, რომელიც სააკაშვილმა 2009 წელს ლამის გმირად გამოაცხადა. მოკლედ, არაოფიციალური ვერსიით, მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ მისი ვაჟი 27 მაისის აქციაში მონაწილეობდა. ამასთან, მაია მიმინოშვილის ძმაც, რომელიც ჯგუფ «შინ»-ის სოლისტია და რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, «ქართული ოცნების» გულშემატკივარია...

პოლიტიკა, ცხადია, კლასიკური ჭადრაკი არაა, მაგრამ... ივანიშვილის ქართული პასპორტი ჭადრაკის გამბიტს მაგონებს. ძნელი დასაჯერებელია, ივანიშვილს არ სცოდნოდა, ყურადღება არ მიექცია, ან მხედველობიდან გამორჩენოდა, რომ საქართველოს კანონმდებლობას სამმაგი მოქალაქეობა არ შეესაბამებოდა. შესაძლოა, ეს ჩემი აბსტრაქციაა, მაგრამ ვფიქრობ, პასპორტი ანკესი იყო, რომელმაც ლაკმუსის ქაღალდივით გამოაჩინა რეალობა. ივანიშვილის პირველი სიტყვა პოლიტიკაში «შემთხვევით» დაემთხვა საფრანგეთის პრეზიდენტის, სარკოზის ჩამოსვლას საქართველოში? ამ მომენტისათვის ხომ მსოფლიოს პოლიტელიტა საქართველოზე იყო მომართული და ბატონი ბიძინაც ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ყველაფერი ეს სპონტანურად მოხდა თუ გამიზნული სვლები იყო ივანიშვილის მხრიდან?! ვფიქრობ, უკანასკნელი გაცილებით შეესაბამება ივანიშვილის ფსიქოტიპს. 

რაც შეეხება ივანიშვილის ფსიქოტიპს, მას შემდეგ, რაც აშკარად გამოვიდა საზოგადოებრივ არენაზე, მისი მატრიცის წაკითხვა რაღაც დოზით უკვე შეიძლება _ გარეგნულად გაწონასწორებული და დინჯია, შინაგანდ კი, _ მღელვარე, ემოციური და მიზანსწრაფული. მისი ეს თვისება, ტემპერამენტის მაჩვენებელი, აშკარად გამოჩნდა 27 მაისს, როცა «თავისუფლების მოედანი» და «რუსთაველის გამზირი» ხალხით იყო გადაჭედილი და, ყველაზე მთავარი _ ხალხს მისი სჯერა, ანუ ივანიშვილმა ხალხისგან მიიღო ნდობის მანდატი და ამით გაიმარჯვა! 
უნდა ითქვას, რომ ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიაში ნდობის გამოხატვა პირველი შემთხვევაა. ზვიად გამსახურდია უყვარდათ. სადაც სიყვარულია, იქ სიძულვილიცაა და, ზვიადის მიმართ მხოლოდ ორი გრძნობა არსებობდა _ სიგიჟემდე სიყვარული და სიგიჟემდე სიძულვილი. აი, რაც შეეხება სააკაშვილს, პირადად ჩემს წარმოდგენაში და ჩემი შეფასებით, მიშა კომიქსის უმწიფარ გმირს ჰგავს, რომელიც დიდი საქმეების კეთების სურვილითაა ანთებული და ათას გაუგებრობაში ჰყოფს თავს. რაც ხან ღიმილს იწვევს, ხან _ სიბრაზეს და ხანაც, როგორც ცელქ ბავშვს, პატიობ კიდეც. რას იზამ, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ქვეყნის სათავეში ინფანტა გვყავს, რომლის «მარტო სახლში» ყოფნა ყველასათვის სახიფათოა, მაგრამ მისი სახლიდან გამოყვანა იოლი არ იქნება, თამაშ-თამაშით თუ გამოიტყებ.

«დამზადებულია საქართველოში» _ ასე ერქვა გამოფენას, რომელიც 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე გაიმართა. ხალხს უნდა დაენახა, თუ რამდენი სიკეთე მოგვიტანა მიშამ. 26 მაისსვე ახალი პარლამენტის გახსნა საქართველოს მეორე დედაქალაქში, ქუთაისში, რაც სააკაშვილისთვის, როგორც ჩანს, ახალი გელათის აგებისა და, შესაბამისად, აღმაშენებელობის ტოლფასი იყო, რითიც ივანიშვილს «მესიჯი» გაუგზავნა, მე მაგარი ვარ, ძალიან მაგარიო, მაგრამ 26 მაისის ეიფორიის შემდეგ, მიშასთვის მეხის დაცემასავით იყო 27 მაისი _ ხელისუფლება არ ელოდა, რომ ქუჩაში, ივანიშვილის მხარდასაჭერად, ლამის 300 ათასი ადამიანი გამოვიდოდა.

შემოდგომამდე, ანუ საპრალამენტო არჩევნებამდე ზაფხულია. ზაფხული, როგორც ყოველთვის, ცხელია, მაგრამ ამჯერად ხვატს პოლიტიკური ტემპერატურაც დაემატება. ხმებს კი, შემოდგომაზე დაითვლიან.