ფიცი გვწამს... - მასწავლებელი

ფიცი გვწამს... - მასწავლებელი "ფეისბუკზე" განთავსებული პოსტის გამო სამსახურიდან მოხსნეს

"თბილისის 51-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი ლევან კიკვიძე აცხადებს, რომ სკოლიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. უფრო სწორად, სკოლის დირექტორმა აიძულა, სკოლა თავად დაეტოვებინა. კიკვიძის განცხადებით, მან "ფეისბუკის" მეშვეობით მეგობრებს მოუწოდა 27 მაისს "ქართული ოცნების" აქციაზე მისულიყვნენ. თავად კი მიტინგზეც წავიდა და "ოცნების" მაისურაც მოირგო. მოგვიანებით, მან მაია მიმინოშვილის გათავისუფლების გამოც საჯაროდ გამოთქვა პროტესტი. შედეგად, ის სკოლის დირექტორმა დავით ლაგვილავამ დაიბარა და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. პედაგოგი ამბობს, რომ დირექტორმა მას სკოლიდან წასვლისკენ მოუწოდა, რაზეც მან უარი განაცხადა. მომდევნო დღეს დირექტორს განუცხადა, რომ მიდიოდა სკოლიდან, თუმცა თავისი წასვლის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ დაუწერია. დირექტორი აცხადებს, რომ კიკვიძე კვლავ სკოლის თანამშრომლად რჩება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მასწავლებელი "ფეისბუკზე" განთავსებული პოსტის გამო სამსახურიდან მოხსნეს / "სკოლაში იტყვიან, რომ ჯერ გათავისუფლებული არ ვარ, მაგრამ თუ ეს ასეა, ვეკითხები - მაშ რატომ არ შემიშვეს დღეს სკოლაში?" 

"29 მაისს, როცა მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შევიტყვე, "ფეისბუკზე" მიმინოშვილის ფოტო ავტვირთე და ფოტოს მივაწერე, რომ ეს ხელისუფლების მორიგი უზნეო საქციელი იყო. დღესაც ვფიქრობ, რომ მიმინოშვილი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. დირექტორს აინტერესებდა, რატომ მოვუწოდე აქციაზე მისვლისკენ ჩემს მეგობრებს, აგრეთვე ისიც, თუ რატომ გავაკეთე ასეთი განცხადებები მაია მიმინოშვილთან დაკავშირებით, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს იყო ჩემი პირადი მოსაზრება. მან "მირჩია", განცხადება დამეწერა და სკოლიდან წავსულიყავი - "თქვენს ადგილზე ხელისუფლების შეცვლას დაველოდებოდი და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დავსაქმდებოდიო" - რა თქმა უნდა, მისი რჩევა არ გავითვალისწინე და პირდაპირ ვუთხარი - განცხადების დაწერას არ ვაპირებ და თუ თქვენ გნებავთ, შეგიძლიათ გამაგდოთ-მეთქი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვასილ კიკვიძე.

"ამის შემდეგ მასთან დისკუსია აღარ გამიგრძელებია, რადგან გაკვეთილები მქონდა ჩასატარებელი. გაკვეთილები მეორე დღესაც ჩავატარე და ბოლო ორი გაკვეთილი მქონდა დარჩენილი, როცა თავი შეუძლოდ ვიგრძენი და საქმის კურსში ერთ-ერთი სასწავლო ნაწილი ჩავაყენე. შემდეგ მოვედი დირექტორთან და ვუთხარი - ამ პირობებში მუშაობა არ შემიძლია-მეთქი - ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო დირექტორი დაკითხვას არ უნდა მიწყობდეს, ამიტომ დირექტორს ვუთხარი, რომ სკოლას ვტოვებდი. როდესაც ვკითხე, რა მიზეზით გამიშვებდა სკოლიდან, მიპასუხა, მაგალითად იმის, გამო. რომ სასერტიფიკაციო გამოცდა არ ჩააბარეო - მაგრამ ამას კანონი 2014 წლამდე არც მავალდებულებს. მას ვუთხარი, რომ დღეიდან მას პრესის ფურცლებიდან დაველაპარაკებოდი. სანამ თქვენ შეგხვდებოდით, ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები იყვნენ მოსული და გადამღებ ჯგუფთან ერთად ვცდილობდი, სკოლაში განცხადება დამეტოვებინა, თუმცა შენობაში არ შემიშვეს - არც ტელევიზიით და არც მის გარეშე", - განაგრძობს ისტორიის მასწავლებელი.

"კიკვიძე თავს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამის შესახებ ფონდ "ქომაგს" აუცილებლად აცნობებს. ის მადლიერებას სკოლის კოლექტივის მიმართაც გამოხატავს და ამბობს, რომ მას, როგორც ახალგაზრდა კოლეგას, მუდამ გვერდით ედგნენ. ამასვე ამბობს დირექტორზეც - მიიჩნევს, რომ ისიც მსხვერპლია და ვადაუდობს, რომ დირექტორს "ზემოდან" დაურეკეს და მოსთხოვეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება... დავით ლაგვილავამ კი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა, რომ "მასწავლებლის სისულელეებზე" კომენტარის გაკეთებას არ აპირებს: "როგორც ჩანს, მას პრობლემები ჰქონდა. კიკვიძე არაადეკვატური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის კი სკოლაში დღესაც მუშაობს". "რეზონანსი" კითხვაზე, თუ კიკვიძე სკოლაში დღესაც მუშაობს, მაშინ სკოლაში რატომ არ შეუშვეს - ამ კითხვას ლაგვილავა გაურბის და ტელეფონს გვითიშავს..." - წერს სტატიის ავტორი.