"საჯარო უწყებების თანამშრომლებს, მათ შორის პედაგოგებს, შეუძლიათ არჩევნებამდე აქციებზეც იარონ და საკუთარი აზრებიც თავისუფლად გამოხატონ - ამაზე კი პასუხს მოსთხოვენ თუ არა, ეს უკვე არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, გუშინ მერაბიშვილის მოადგილე ეკა ზღულაძემ, უწყებათაშორისი კომისიის - "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" სახელით საჯაროდ განაცხადა, რომ არჩევნებამდე სამინისტროებმა რესტრუქტურიზაციის მოტივით თანამშრომლები სამსახურიდან არ გაათავისუფლონ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით არჩევნებამდე საჯარო უწყებებში თანამშრომელთა მოხსნა იკრძალება.
"შეგახსენებთ, რომ ეს კომისია კანონის თანახმად უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნოდ თანაბარი პირობების შექმნა. ასევე უნდა გააკონტროლოს ხელისუფლება, რომ არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიაში სათათბირო ხმა გააჩნიათ სამინისტროების წარმომადგენლებს. სხვა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებს კი მხოლოდ საკითხის განხილვაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. კომისიამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ფუნქციობა და ეს არის პირველი განცხადება თუ გადაწყვეტილება, რაც ამ კომისიის სახელით გაკეთდა. კომისია მიუწოდებს ადმინისტრაციულ სტრუქტურებსა და საჯარო სკოლებს, არჩევნების დასრულებამდე დაგეგმილი ან მიმდინარე შემცირებების პროცესი შეაჩერონ", - აღნიშნავს გამოცემა. ზღულაძის თქმით, შემცირების პროცესის შეჩერება აუცილებელია, რათა მოიხსნას ამ საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრული კითხვის ნიშნები", - აღნიშნავს გამოცემა.
"განათლების სამინისტროში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია, რომ შაშკინი პედაგოგების მასობრივ გათავისუფლებას გეგმავდეს. მით უმეტეს, განათლების სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, რაზეც შაშკინი უკვე საუბრობს, ამისთვის ფორმალურ საბაბად შეიძლება გამოდგეს. პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება კი უკვე რომ დაწყებულია, ფაქტია. სულ რამდენიმე დღის პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სამსახურებიდან გათავისუფლებული პედაგოგები ყვებოდნენ, რომ ისინი არა საკუთარი, არამედ ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. ამ ფაქტების შემდეგ უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება გასაკვირი არ არის. მით უმეტეს, მიმინოშვილის მოხსნის შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ შაშკინი სამინისტროდან კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს გაუშვებს", - განაგრძობს გამოცემა.
"თუმცა ზღულაძემ აღნიშნა, რომ პედაგოგების სამსახურებიდან გაშვების საკითხი საზოგადოების მხრიდან დაისვა და ამ შემთხვევაში შაშკინის გეგმები არაფერ შუაში არ არის. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის კატეგორიად არ მიიჩნევს. როგორც მან განმარტა, უწყებათაშორისი კომისია უკვე ერთი კვირაა მუშაობს, შეხვედრები ჰქონდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და ისინი აქცენტს საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლების საკითხზე აკეთებენ. ზღულაძის თქმით, რამდენიმე ორგანიზაციას აქვს მოსაზრება, რომ რიგი შემთხვევები შესაძლოა პოლიტიკურად იყოს მოტივირებული და კომისიის პოზიციაა, რომ დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო. როგორც შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, შემთხვევები, რომლის დროსაც შესაძლოა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების ნიშნები იკვეთებოდეს, უნდა გახდეს შესწავლის საგანი", - დასძენს გამოცემა.
"თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს საქართველოში რამდენიმე სფეროში მიმდინარეობს ლეგიტიმური ოპტიმიზაციისა და შემცირების პროცესი, ასე რომ, შეიძლება გაგვიჭირდეს ყოველთვის იდენტიფიცირება, რა ნიშნით მოხდა კონკრეტული ადამიანების შემცირება" - განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ. მისი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენებებშია ვარაუდი, რომ ამა თუ იმ საჯარო სკოლის დირექტორები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ სამსახურიდან. განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო მასწავლებელთა გათავისუფლებას არ გეგმავს - განათლების სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ შაშკინმა განცხადება გუშინ მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა", - წერს სტატიიის ავტორი.
"მინისტრის განცხადებით, რეგიონებში ის ხშირად ხვდება პედაგოგებს, რომელთა თქმით ბოლო პარიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მათ პოლიტიკოსები ხვდებიან და ატყობინებენ, თითქოს სამინისტრო და ხელისუფლება მასწავლებელთა გათავისუფლებას გეგმავს. დიმიტრი შაშკინი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს - მისი თქმით, ის ყველა დირექტორს პირადად შეხვდა და მათი მხრიდან არავითარი შემცირება არ იგეგმება. გუშინ შაშკინმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი 2014 წლის ჩათვლით ნებაყოფლობითია და ყველა მასწავლებელს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა რამდენჯერმე აქვს. გამოცდის შედეგი კი კონფიდენციალურია, სამსახურზე არ მოქმედებს და მხოლოდ ხელფასზე აისახება", - დასძენს სტატიის ავტორი.