ახლა ირკვევა, რომ თურმე რუსული ბაზარი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ხდება. საქართველოს პრემიერმა ნიკა გილაურმა საქართველოს მთავარ მიმართულებებს შორის უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში სწორედ რუსეთის ბაზრის გახსნა დაასახელა.
ეს განცხადებები თბილისში ევროპული ფონდის პირველ წლიურ შეხვედრაზე გააკეთა. რამდენიმე თვის წინათ კი გილაური ქართულ ბიზნესს რუსულ ბაზარზე შესვლას არ ურჩევდა.
ოკუპანტი ქვეყნის ბაზრის პრიორიტეტად გამოცხადება ერთ-ერთმა პირველმა გურამ ჩახვაძემ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გააკრიტიკა. მისი აზრით, ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს, სავაჭო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი არ შეიძლება.
გურამ ჩახვაძის თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსული ბაზრის პრიორიტეტად დასახელება მცდარი ნაბიჯია, ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლების პრიორიტეტები არა რუსული, არამედ ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი უნდა იყოს.
“რუსეთის ბაზრის მიმართ ქართულმა კომპანიებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან ადვილი შესაძლებელია რუსეთმა 2006 წლის ემბარგო გაიმეოროს და ქართული კომპანიები რუსული ბაზრის მიღმა დარჩეს. იმ ქვეყნის ბაზარი, რომელიც ქართულ სოფლებს ბომბავდა და ამ დრომდე ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს, არ შეიძლება პრიორიტეტად გამოაცხადო”, - აცხადებს ჩახვაძე.
ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრი ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნას არ გამორიცხავდა, თუმცა აღნიშნავდა, რომ ეს საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ვერ იქნება.
“შეიძლება რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაიხსნას, არაფერია გამორიცხული, თუმცა ეს ვერ იქნება ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი. კიდევ კარგი, რომ ვერ იქნება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა უკვე ძალზე დივერსიფიცირებულია”, - განაცხადა მაშინ ნიკა გილაურმა.
შეიძლება გილაურის და ზოგადად მთავრობის პოზიციის რადიკალური ცვლილება საკამათო იყოს, მაგრამ ექსპერტები ჩრდილოეთის მიმართულებით “სიტუაციის დალაგების” გეგმას მოწონებით ხვდებიან. ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის აზრით, ქართული ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გაზრდილი შემოსავალი ქვეყნისთვის და ბიზნესის ბევრი სეგმენტისთვის.
“ემბარგოს ექვსი წელი არის დანაკლისი და დაკარგული შესაძლებლობები ქართული პროდუქტებისთვის, რომელიც ევროპული და ამერიკული ბაზრის სტანდარტებს ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს. რუსულ ბაზარზე მუშაობა ბევრად მარტივია, ბაზარი დიდია და დიდი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
არ ვსაუბრობ იმაზე, რომ აუცილებლად ამ ერთ ბაზარზე უნდა ვიყოთ მიბმულები, ბაზრების დივირსიფიცირება აუცილებელია, მაგრამ საექსპორტო შემოსავლებში რუსეთის წილი მნიშვნელოვანი იქნება. გილაურის განცხადება აჩვენებს რამდენად არათანმიმდევრულია ჩვენი სავაჭრო პოლიტიკა, გუშინ ეს არ იყოს მისაღები, დღეს კი მისაღებია.
მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, პრაგმატული გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიო ვაჭრობის პრაქტიკაში ამის მაგალითები არსებობს”, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე “კომენრსანტ.გე”-სთან საუბარში.